ძველი აღთქმა
ფსალმუნები
ფსალმუნები
501 გუნდის ლოტბარს. დავითის ფსალმუნი. რაჟამს მივიდა მასთან ნათან წინასწარმეტყველი, მას შემდეგ, რაც ბათ-შებაყთან შევიდა. შემიწყალე, ღმერთო, შენი წყალობისამებრ, შენი მრავალი შემბრალებლობისამებრ წაშალე ჩემი დანაშაული. 2 მრავლად განმბანე ჩემი ბრალისაგან და ჩემი ცოდვისაგან განმწმიდე; 3 რადგან ვიცი ჩემი დანაშაული, და ჩემი ცოდვა მუდამ თვალწინ მიდგას. 4 შენ, მხოლოდ შენ შემოგცოდე და ბოროტება ჩავიდინე შენს თვალში, ამიტომ მართალი ხარ შენს სიტყვებში და სწორი –შენს სამართალში. 5 აჰა, უკანონოდ ჩავისახე და ცოდვით დაორსულდა ჩემზე დედაჩემი. 6 აჰა, შენ შეიყვარე ჭეშმარიტება გულით და გამაგებინე სიბრძნე ფარული. 7 მასხურე უსუპით და განვიწმიდები; განმბანე და თოვლზე მეტად განვსპეტაკდები. 8 მომასმენინე ლხინი და მხიარულება, გაახარე ჩემი ძვლები, შენ რომ დათრგუნე. 9 სახე აარიდე ჩემს შეცდომებს და ყველა ჩემი ბრალი წაშალე. 10 სუფთა გული შეჰქმენი ჩემში, ღმერთო, და წრფელი სული განაახლე ჩემს სხეულში. 11 ნუ უკუმაგდებ შენგან და ნუ წამართმევ შენი სიწმიდის სულს. 12 დამიბრუნე სიხარული შენი ხსნით, და დიდებული სულით გამამაგრე. 13 ვასწავლი დამნაშავეებს შენს გზებს, და ცოდვილნი დაბრუნდებიან შენთან. 14 მიხსენ სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ჩემი ხსნისა, და ჩემი ენა ხოტბას შეასხამს შენს სიმართლეს. 15 უფალო, გახსენი ჩემი ბაგენი, რომ ჩემთა ბაგეთა თქვან შენი ქება. 16 რადგან მსხვერპლი არა გსურს, რომ შემოგწირო, და სრულადდასაწველს არ ინებებ. 17 შესაწირავი ღმერთისა – სული მოდრეკილი. მოდრეკილისა და მორჩილის გული არ დაამცირო, ღმერთო. 18 კეთილი უყავ შენი სურვილით სიონს, ააშენე გალავნები იერუსალიმისა. 19 მაშინ ისურვებ სიმართლის შესაწირავებს, და სრულადდასაწველს; მაშინ აიტანენ შენს სამსხვერპლოზე ზვარაკებს.