ძველი აღთქმა
ფსალმუნები
ფსალმუნები
441 გუნდის ლოტბარს. „შოშანისებურად” კორახის ძეთა. მოძღვრება; გალობა სიყვარულისა. აღმოთქვა ჩემმა გულმა ნაზი სიმღერა რასაც მე ვამბობ, მეფეს ეკუთვნის; ჩემი ენა კალამია ხელოვანი მწერლისა. 2 ადამის ძეთა უმშვენესი ხარ, მადლი იღვრება შენთა ბაგეთაგან, რადგან გაკურთხა ღმერთმა უკუნისამდე. 3 წელზე შეიბი მახვილი, გმირო, შენი დიდებით და შენი მშვენებით. 4 და ამ შენი მშვენებით დაბრძანდი ეტლზე ჭეშმარიტების, თვინიერებისა და სიმართლის გულისათვის, და გიჩვენებს საოცრებას მარჯვენა შენი. 5 შენი ისრები წამახულია, ხალხები ეცემიან შენს ფეხქვეშ; გულში ერჭობიან მეფის მტრებს. 6 ტახტი შენი, ღმერთო, უკუნითი უკუნისამდეა. სამართლის კვერთხია კვერთხი შენი მეუფებისა. 7 შენ შეიყვარე სიმართლე და შეიძულე ბოროტება; ამიტომ გცხო ღმერთმა, შენმა ღმერთმა, სიხარულის ზეთი შენს მეგობრებზე უმეტეს. 8 მთელი შენი სამოსი – ვითარცა მური, ალოე და კასია; სპილოს ძვლის დარბაზებიდან გაგამხიარულებენ შენ. 9 მეფეთა ასულები შენს დიდებულებს შორის არიან; შენს მარჯვნივ დადგა დედოფალი ოფირის ოქროთი შემკული. 10 მისმინე, ასულო, გამოიხედე და მომაპყარ ყური. და დაივიწყე ხალხი შენი და სახლი მამაშენისა. 11 და დატკბება მეფე შენი მშვენებით – რადგან ის არის შენი უფალი –, და თაყვანი ეცი მას. 12 და ასულნი ცორისა ძღვენით მოვლენ; მუდარას დაგიწყებენ ერის მდიდარნი. 13 მთელი დიდება მეფის ასულისა შიგნითაა; მოოქროვილია მისი სამოსი. 14 მოქარგული კაბით მოჰყავთ იგი მეფესთან; მის უკან ქალწულნი, დობილნი მისნი, მოჰყავთ შენთან. 15 მოჰყავთ სიხარულით და ლხინით, შედიან მეფის სასახლეში. 16 შენს წინაპართა ადგილას იქნებიან ძენი შენნი; მათ დააყენებ მთავრებად მთელს ქვეყანაზე. 17 გავიხსენებ შენს სახელს თაობიდან თაობაში, ამიტომ ხალხები ხოტბას შეგასხამენ უკუნითი უკუნისამდე.