ეზეკიელი
61 და იყო სიტყვა უფლისა ჩემს მიმართ: 2 „ძეო კაცისავ! მიმართე შენი პირი ისრაელის მთებისაკენ და უწინასწარმეტყველე მათ, 3 და უთხარი: ‘მთანო ისრაელისა! ისმინეთ სიტყვა უფალი ღმერთისა: ასე უთხრა უფალმა ღმერთმა მთებს, ბორცვებს, ხევებსა და ხეობებს: აჰა, მე მომაქვს თქვენზე მახვილი და მოვსპობ თქვენს სამსხვერპლო გორაკებს. 4 და დაინგრევა თქვენი სამსხვერპლოები და დაილეწება თქვენი მზის სვეტები და დაეცემიან თქვენი დახოცილები თქვენი კერპების წინ. 5 და დავყრი ისრაელის ძეთა გვამებს მათი კერპების წინ და გავფანტავ თქვენს ძვლებს თქვენი სამსხვერპლოების ირგვლივ. 6 ყველა თქვენი საცხოვრებელი ქალაქი აოხრდება და გორაკები გატიალდება, რათა აოხრდეს და დაინგრეს თქვენი სამსხვერპლოები, და დაილეწოს და მოისპოს თქვენი კერპები და განადგურდეს თქვენი მზის სვეტები და აღმოიფხვრას თქვენი ქმნილებანი. 7 და დაეცემიან დახოცილები თქვენს შორის და გაიგებთ, რომ მე ვარ უფალი. 8 და მე დავტოვებ ნარჩენს, გეყოლებათ თქვენ მახვილს გადარჩენილნი, როდესაც ქვეყნებში გაიფანტებით. 9 და გამიხსენებენ მე თქვენი გადარჩენილები ხალხებში, სადაც იქნებიან დატყვევებულნი, როდესაც მე შევმუსრავ მათ მეძავ გულს, რომელიც განდგა ჩემგან, და მათ თვალებს, რომელნიც მეძაობდნენ თავიანთ კერპებთან. და შეზიზღდებათ საკუთარი თავი იმ ბოროტების გამო, რასაც ჩადიოდნენ მთელ თავიანთ სისაძაგლეებთან. 10 და გაიგებენ, რომ მე ვარ უფალი, ამაოდ არ ვამბობდი, რომ მოვაწევდი მათ ამ უბედურებას.’” 11 ასე თქვა უფალმა ღმერთმა: „შემოჰკარი ხელი და დააბაკუნე ფეხი და თქვი: ‘ოჰ, უბედურება!’ ისრაელის სახლის ყველა ბოროტეული სისაძაგლისათვის, რადგან დაეცემიან მახვილით, შიმშილითა და შავი ჭირით. 12 შორსმყოფი შავი ჭირით მოკვდეს და ახლომყოფი მახვილით დაეცეს, და გადარჩენილი და ალყაშემორტყმული შიმშილით მოკვდეს. და დავასრულებ ჩემს რისხვას მათზე. 13 და გაიგებთ, რომ მე ვარ უფალი, როდესაც თქვენი დახოცილები დაეცემიან თავიანთ კერპებს შორის, თავიანთი სამსხვერპლოების ირგვლივ, ყველა მაღალ გორაკზე, ყველა მთის თხემზე და ყველა ამწვანებული ხის ქვეშ და ყველა დატოტვილი მუხის ქვეშ, ადგილას, სადაც მიჰქონდათ საყნოსავი კეთილსურნელება თავიანთი კერპებისათვის. 14 და გავიწვდენ ჩემს ხელს მათზე და ვაქცევ იმ ქვეყანას ოხრად და ტიალად დიბლათაიმის უდაბნოზე უარესად, ყოველ მათ საცხოვრებელში და გაიგებენ, რომ მე ვარ უფალი.’”