ეზეკიელი
441 და დამაბრუნა მან საწმიდრის აღმოსავლეთისაკენ მიქცეული გარეთა კარიბჭის გზით და დახშული იყო იგი. 2 და მითხრა მე უფალმა: ‘ეს კარიბჭე დახშული იქნება, არ გაიღება და კაცი არ შევა მასში, რადგან ისრაელის უფალი ღმერთი შევიდა მასში. და იქნება იგი დახშული. 3 მთავარი კი – იგი იჯდება ვით მთავარი, რათა ჭამოს პური უფლის წინაშე. დარბაზის გზით მოვა და იმავე გზით წავა. 4 და მომიყვანა მან ჩრდილოეთის კარიბჭის გზით სახლის წინ და დავინახე, რომ უფლის დიდებამ გაავსო ტაძარი უფლისა. და პირქვე დავემხე. 5 და მითხრა უფალმა: „ძეო კაცისავ! დაუდე შენი გული და დაინახე შენი თვალებით, და გაიგონე შენი ყურებით ყოველივე, რასაც გეუბნები უფლის სახლის ყველა წესზე და მის რჯულზე, და დაუდე გული შენი ტაძარში შესასვლელს, საწმიდრის ყველა გასასვლელს. 6 და ეტყვი ისრაელის მეამბოხე სახლს: ‘ასე თქვა უფალმა ღმერთმა: გეყოფათ თქვენ მთელი თქვენი სისაძაგლენი, სახლო ისრაელისა! 7 როდესაც მოგყავდათ უცხოტომელნი წინადაუცვეთელნი გულით და ხორცით, რათა ყოფილიყვნენ ისინი ჩემს საწმიდარში, რომ შეებღალათ ჩემი სახლი, როდესაც მსხვერპლად მოგქონდათ ჩემი პური, ქონი და სისხლი და არღვევდით ჩემს აღთქმას მთელი თქვენი სისაძაგლეებით, 8 არ ასრულებდით მოვალეობას ჩემს სიწმიდეთა მიმართ და მათ აყენებდით ჩემი საწმიდრის მოვალეობის აღმსრულებლებად.’ 9 და თქვა უფალმა ღმერთმა: ‘არც ერთი უცხოელი, რომელიც ისრაელის ძეთა შორის ცხოვრობს წინადაუცვეთელი გულითა და წინადაუცვეთელი ხორცით, არ შემოვა ჩემს საწმიდარში. 10 რადგან ლევიანები, რომელნიც მომშორდნენ ისრაელის განდგომისას, რომელნიც განდგნენ ჩემგან და მიჰყვებოდნენ უკან თავიანთ კერპებს, იტვირთავენ სასჯელს თავიანთი ურჯულოების გამო. 11 და იქნებიან ისინი ჩემს საწმიდარში აღმსრულებლებად, ტაძრის კარიბჭეთა ზედამხედველებად და ტაძრის სამსახურის აღმსრულებლებად. ისინი დაკლავენ სრულადდასაწველს და მსხვერპლს ერისათვის და იდგებიან მათ წინაშე, რათა მოემსახურონ მათ. 12 რადგან ისინი ემსახურებოდნენ მათ თავიანთი კერპების წინაშე და იყვნენ ისრაელის სახლისათვის დაბრკოლებად ურჯულოებისა, ამის გამო მე ავწიე ხელი მათზე!’ – სიტყვა უფალი ღმერთისა, – ‘და იტვირთავენ ისინი თავიანთ ცოდვებს.’ 13 ვერ მომეახლებიან ისინი, რომ მღვდლობა გამიწიონ და მიეახლონ ყოველ ჩემს სიწმიდეს, ჩემს წმიდათა წმიდას, და იტვირთავენ თავიანთ სირცხვილს და თავიანთ სისაძაგლეს, რომელიც ჩაიდინეს. 14 და დავაყენებ მათ სახლში მოვალეობის აღმსრულებლებად ყველა მისი სამსახურისა და ყველაფრისა, რაც მასში სრულდება. 15 მღვდლები კი – ლევიანები, ცადოკის ძენი, რომელნიც ასრულებდნენ ჩემი საწმიდრის მოვალეობას, როდესაც განდგნენ ისრაელის ძენი ჩემგან, მომიახლოვდნენ მე, რათა მემსახურონ და იდგნენ ჩემს წინაშე, რათა შემომწირონ მე ქონი და – სიტყვა უფალი ღმერთისა. – 16 „ისინი შემოვლენ ჩემს საწმიდარში და ისინი მოუახლოვდებიან ჩემს ტაბლას, რათა მემსახურონ მე და აღმისრულონ მოვალეობა. 17 და როდესაც შევლენ შიგნითა ეზოს კარიბჭეში, ჩაიცვამენ სელის სამოსელს და არ იქნება მათზე მატყლი სამსახურისას შიგნითა ეზოს კარიბჭეში და სახლში. 18 სელის კიდარი იქნება მათ თავზე და სელის წვივის სამოსელი იქნება მათ წელზე და არ შემოირტყამენ გამაოფლიანებელს. 19 და როდესაც გამოვლენ გარეთა ეზოში ხალხთან, გაიხდიან თავიანთ სამოსელს, რომლითაც ისინი მსახურობენ, და დააწყობენ მათ წმიდას სენაკებში, და ჩაიცვამენ სხვა სამოსელს, რათა არ გადასდონ სიწმიდე ხალხს თავიანთი სამოსლით. 20 და თავს არ გადაიპარსავენ, ქოჩორს არ დაიგრძელებენ და გაიკრეჭენ თავებს. 21 და ღვინოს არ დალევს არც ერთი მღვდელი შიგნითა ეზოში შესვლისას. 22 ქვრივი და ქმარგანაშვები არ უნდა შეირთონ ცოლად, არამედ მხოლოდ ქალწულნი ისრაელის სახლის თესლიდან და ქვრივი, რომელიც მღვდლისგან იქნება დაქვრივებული. 23 ჩემს ერს ასწავლონ გარჩევა წმიდისა და სადაგისა და განსხვავება უსუფთაოსა და სუფთას შორის აუწყონ მათ. 24 როცა დავის დროს დადგებიან განსასჯელად, ჩემი სამართლით განსაჯონ, და ჩემი რჯული და ჩემი წესები ჩემს ყველა დღესასწაულზე დაიცვან და ჩემი შაბათები წმიდაჰყონ. 25 მკვდარ კაცთან არ მივიდნენ, რათა არ შეიბილწონ, არამედ მხოლოდ მამასთან და დედასთან, და ძესთან და ასულთან, ძმასთან და იმ კაცგაუკარებელ დასთან – ამათთან შეიძლება შეიბილწონ. 26 და მისი განწმედის შემდეგ შვიდ დღეს გადაუთვლიან მას. 27 და იმ დღეს, როდესაც შევა ის წმიდაში, შიგნითა ეზოში, რათა იმსახუროს წმიდაში, შესწირავს იგი თავისი ცოდვის მსხვერპლს,” – სიტყვა უფალი ღმერთისა. – 28 ‘და ექნებათ მათ სამკვიდრებლად, რომ მე ვარ მათი სამკვიდრებელი; და საკუთრებას ნუ მისცემთ მათ ისრაელში, რადგან მე ვარ მათი საკუთრება. 29 ძღვენი და მსხვერპლი ცოდვისა და დანაშაულისა ჭამონ, და ყოველი დარისხებული ისრაელში მათი იქნება. 30 და ნათავარი ყოველი პირველნაყოფისგან და შეწირულებისგან, ყოველი თქვენი აღსამართისგან – მღვდელთათვის იქნება და ნათავარს თქვენი ცომეულისაგან მისცემთ მღვდლებს, რათა გადმოვიდეს კურთხევა თქვენს სახლზე. 31 არავითარი მძორი და ნამხეცავი ფრინველისგან და პირუტყვისგან არ ჭამონ მღვდლებმა.”