ეზეკიელი 38

By
აგვისტო 23, 2015
ძველი აღთქმა
ეზეკიელი

381 და იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი: 2 „ძეო კაცისავ! მიმართე შენი პირი გოგისკენ, მაგოგის ქვეყანაში, როშის, მეშექისა და თუბალის უმაღლესი მთავრისკენ და იწინასწარმეტყველე მასზე. 3 და უთხარი: ‘ასე თქვა უფალმა ღმერთმა: აჰა, შენს წინააღმდეგ ვარ, გოგ, როშის, მეშექისა და თუბალის უმაღლესო მთავარო! 4 და მოგატრიალებ შენ და გაგიყრი ჩანგლებს ყბებში და გამოგიყვან შენ და მთელ შენს ლაშქარს, ცხენებს და მხედრებს, ბრწყინვალედ შემოსილთ, ყველას, დიდ ბრბოს აბჯრითა და ფარით, ყველა მათ, მახვილის დამჭერთ, 5 სპარსეთს, ქუშსა და ფუტს მათთან ერთად, ყველას ფარითა და მუზარადით, 6 გომერს და მთელ მის რაზმს, თოგარმას სახლს ჩრდილოეთის კიდეგანიდან და მის ყველა რაზმს, მრავალ ხალხს შენთან ერთად. 7 მზად იყავი და გაემზადე შენ და მთელი შენი კრებული, შენთან შემოკრებილი, და იყავი მათი გუშაგი. 8 მრავალი დღის შემდეგ იქნები გახსენებული, უკანასკნელ წლებში მოხვალ შენ მახვილისაგან თავდახსნილ, მრავალი ხალხით შეკრებილ ქვეყანაში, ისრაელის მთებზე, რომლებიც აოხრებულნი იყვნენ მუდამ, ის კი ხალხებიდან იქნა გამოყვანილი და უსაფრთხოდ ცხოვრობენ ყველანი. 9 აღიმართები, მოხვალ როგორც ქარიშხალი, ღრუბელივით დაფარავთ ქვეყანას შენ და შენი ურდო და უამრავი ხალხები შენთან ერთად.” 10 ასე თქვა უფალმა ღმერთმა: ‘და იმ დღეს აღგეძვრება ფიქრები გულში და განიზრახავ ბოროტ განზრახვას, 11 და იტყვი: ‘გავილაშქრებ გაუმაგრებელ ქვეყანაზე, დავეცემი მშვიდად, უსაფრთხოდ მცხოვრებთ, რომლებიც უკედლებოდ ცხოვრობენ ყველანი და ურდულები და კარებები არა აქვთ, 12 რათა გავძარცვო და მოვიხვეჭო, ვიალაფო და ჩემი ხელი მოვაქციო ახლად დასახლებულ ნანგრევებზე და ხალხებიდან შეგროვილ ერზე, რომელმაც შეიძინა ფარა და დოვლათი, რომლებიც ცხოვრობენ ქვეყნის ჭიპში.” 13 შება და დედანი და ვაჭარნი თარშიშისა და მისი ლომის ბოკვერნი გეტყვიან შენ: ‘ჩვენ გასაძარცვავად მოხვედი? ნადავლის მოსაპოვებლად შეკრიბე შენი კრებული, წასაღებად ვერცხლისა და ოქროსი, წასაყვანად ფარისა და დოვლათისა, დიდი ძარცვით საძარცვავად?’” 14 ამოტომ იწინასწარმეტყველე, ძეო კაცისავ, და უთხარი გოგს: ‘თქვა უფალმა ღმერთმა: განა იმ დღეს, როდესაც ჩემი ერი, ისრაელი, უსაფრთხოდ იცხოვრებს, არ გეცოდინება ეს? 15 და მოხვალ შენი ადგილიდან, ჩრდილოეთის კიდეგანიდან, შენ და ბევრი ხალხები შენთან ერთად, ყველანი ცხენებზე ამხედრებულნი, დიდი კრებული და დიდძალი ლაშქარი. 16 და აღიმართები ჩემს ერზე, ისრაელზე, როგორც ღრუბელი, რათა დაფარო ეს ქვეყანა. უკანასკნელ დღეებში მოხდება ეს და მე მოგიყვან შენ ჩემი ქვეყნის წინააღმდეგ, რათა გამიცნონ მე ხალხებმა, როდესაც წმიდად გამოვცხადდები შენში მათ თვალწინ, გოგ!’ 17 ასე თქვა უფალმა ღმერთმა: ‘განა შენ ის არა ხარ, რომელზეც ვამბობდი მე პირვანდელ დღეებში ჩემს მსახურთა, ისრაელის წინასწარმეტყველთა ხელით, რომელნიც წინასწარმეტყველებდნენ იმ დღეებში, რომ მიგიყვანდი მათ წინააღმდეგ. 18 და იქნება იმ დღეს, გოგის მოსვლის დღეს ისრაელის მიწაზე,’ სიტყვა უფალი ღმერთისა, ‘აღიძვრება ჩემი რისხვა ჩემს გულისწყრომაში, 19 და ჩემი შურით, ჩემი მძვინვარების ცეცხლით ვამბობ მე: ‘მართლაც იმ დღეს იქნება დიდი ძვრა ისრაელის მიწაზე. 20 და შეირყევიან ჩემს წინაშე ზღვის თევზნი და ცის ფრინველნი, და მინდვრის ცხოველნი და ყველა ქვეწარმავალი, მცოცავნი მიწაზე, და ყოველი ადამიანი, რომელიც მიწის პირზეა. და ჩამოინგრევა მთები და ჩამოიქცევა ბილიკები და ყველა ზღუდე დაეცემა ქვეყანაზე. 21 და მოვუხმობ მის წინააღმდეგ ჩემს ყველა მთაზე მახვილს,” – სიტყვა უფალი ღმერთისა, – ‘ერთმანეთის წინააღმდეგ იქნება მახვილი. 22 და განვსჯი მას შავი ჭირით და სისხლით, წარმღვნელი წვიმით და ქვის სეტყვით. ცეცხლსა და გოგირდს ვაწვიმებ მასზე და მის რაზმებზე და მრავალ ხალხზე, რომელნიც მასთან არიან. 23 და გამოვცხადდები დიდებით და სიწმიდით, და განვითქვები მრავალი ხალხის თვალწინ და მიხვდებიან, რომ მე ვარ უფალი.’”

თავი ოცდამეჩვიდმეტე                                                                                                         თავი ოცდამეცხრამეტე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close