ეზეკიელი 27

By
აგვისტო 20, 2015
ძველი აღთქმა
ეზეკიელი

271 იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი: 2და შენ, ძეო კაცისავ! დაიწყე მოთქმა ცორზე, 3 და უთხარი ცორს, დასახლებულს ზღვის ნავსადგურებში, მრავალ კუნძულზე ხალხებთან მოვაჭრეს: ‘ასე თქვა უფალმა ღმერთმა: ცორ, შენ ამბობ: სრულქმნილი მშვენება ვარ მე. 4 ზღვის გულშია შენი საზღვრები, შენმა მშენებლებმა სრულქმნეს შენი მშვენება. 5 სენირის კვიპაროსებისგან გაგიკეთეს ყველა ფიცარი. ლიბანიდან კედარი წამოიღეს, რომ გაეკეთებინათ შენთვის ანძა; 6 ბაშანის მუხებიდან აკეთებდნენ შენს ნიჩბებს, შენს ბანს აპირკეთებდნენ სპილოს ძვლით ქითიმის კუნძულებიდან. 7 ეგვიპტის მოქარგული ქსოვილისგან იყო შენი იალქნები, რათა გქონოდა დროშად. ცისფერი და მეწამული ელიშას კუნძულებიდან იყო შენი გადასაფარებელი. 8 ციდონის და არვადის მცხოვრებნი იყვნენ შენი მენიჩბენი, შენი ბრძენნი იყვნენ შენში, ცორ, ისინი იყვნენ შენი მესაჭენი. 9 გებალის უხუცესნი და ბრძენნი იყვნენ შემკეთებელნი შენი ბზარებისა, ზღვის ყველა გემი და მათი მეზღვაურნი იყვნენ შენში, რათა წარემართათ შენი ვაჭრობა. 10 სპარსელნი, ლუდელნი და ფუტელნი იყვნენ შენს ლაშქარში, შენი ომის კაცნი, ფარსა და მუზარადს ჰკიდებდნენ შენში, ისინი გაძლევდნენ ბრწყინვალებას. 11 არვადის ძენი და შენი ლაშქარი იყვნენ ირგვლივ შენს კედლებზე და გამადიმელნი იყვნენ შენს გოდლებში. თავიანთ ფარებს ჰკიდებდნენ ირგვლივ შენს კედლებზე, ისინი განასრულებდნენ შენს მშვენებას. 12 თარშიში ვაჭრობდა შენთან ყოველგვარი დიდძალი სიმდიდრის გამო. ვერცხლს, რკინას, კალას და ტყვიას იძლეოდნენ შენს საქონელში. 13 იავანი, თუბალი და მეშექი – ესენი იყვნენ შენი მეწვრილმანენი, ადამიანთა სულსა და სპილენძის ჭურჭელში გაძლევდნენ სანაცვლოს. 14 თოგარმის სახლიდან ცხენებს, მხედრებს და ჯორებს იძლეოდნენ შენს საქონელში. 15 დედანის ძენი იყვნენ შენი მეწვრილმანენი. მრავალი კუნძულის საქონელი იყო შენს ხელში, სპილოს ეშვებსა და შავ ხეს გიგზავნიდნენ ძღვნად, 16 არამელნი იყვნენ შენთან მოვაჭრენი შენი ნაკეთობების სიმრავლის გამო. ზურმუხტს, მეწამულს და ნაქარგ ქსოვილს, ბისონს, მარჯანს და ლალს იძლეოდნენ შენს საქონელში. 17 იუდა და ისრაელის ქვეყანა – ესენი იყვნენ შენი მეწვრილმანენი. მინითის ხორბალსა და პანაგს, თაფლს, ზეთსა და ბალსამონს გაძლევდნენ სანაცვლოდ. 18 დამასკო იყო შენთან მოვაჭრე შენი მრავალი ნაკეთობის გამო. ყოველგვარი დიდძალი საქონლის გამო – ხელბონის ღვინითა და თეთრი მატყლით. 19 ვედანი და იავანი უზალიდან შენს საქონელში გაძლევდნენ გამოყვანილ რკინას. დარიჩინი და კეთილსურნელოვანი ლერწამი გეძლეოდა სანაცვლოდ. 20 დედანი ვაჭრობდა შენთან საცხენოსნო სამოსლით. 21 არაბეთი და კედარის ყველა მთავარი – ისინი იყვნენ შენი ხელზე მოვაჭრენი კრავებით, ვერძებით და ვაცებით. ამით ვაჭრობდნენ შენთან. 22 შებასა და რაემას ვაჭარნი – ისინი იყვნენ შენი მეწვრილმანენი. ყველანაირ საუკეთესო სურნელსა და ყოველ პატიოსან ქვას და ოქროს გაძლევდნენ შენს საქონელში. 23 ხარანი, ქანე და ყედენი, მეწვრილმანენი შებასა და ქილმადისა იყვნენ შენი მეწვრილმანენი. 24 ისინი იყვნენ შენი მეწვრილმანენი ბრწყინვალე ტანსაცმლით, ცისფერი წამოსასხამებით, ნაქარგი და მრავალფერი ქსოვილით, საბელებით შეკრული და ჩაწყობილი ფუთებით შენთან სავაჭროდ. 25 თარშიშის ხომალდები იყვნენ შენი ქარავნები შენს ვაჭრობაში, და გაივსე შენ და დამძიმდი ფრიად ზღვის გულში. 26 ბევრ წყლებში მოგიყვანეს შენმა მენიჩბეებმა, აღმოსავლეთის ქარმა დაგლეწა შენ ზღვების გულში. 27 შენი სიმდიდრე და შენი საქონელი, შენი სავაჭრო, შენი მეზღვაურნი და შენი მესაჭენი, შენი ბზარების შემკეთებელნი და შენი ვაჭრობის წარმმართველნი, და ყველა მებრძოლი შენი, რომელიც შენშია და მთელი შენი კრებული, რომელიც შენშია ჩაცვივდებიან ზღვების გულში შენი დაცემის დღეს. 28 შენს მესაჭეთა კივილისაგან შეირყევიან შემოგარენი. 29 და მათი ხომალდებიდან ჩამოვლენ ყველანი – ნიჩბოსნები, მეზღვაურნი, ყველა ზღვის მესაჭე დედამიწაზე დადგება. 30 და მოასმენინებენ შენზე თავიანთი ხმით, და მწარედ აქვითინდებიან, და მტვერს დაიყრიან თავებზე და ნაცარში გაგორდებიან. 31 დაიგლეჯენ შენს გამო თმებს სიქაჩლემდე და ჩაიცვამენ ძაძას და იტირებენ შენზე სულის სიმწარით და მწარე გოდებით. 32 და აამაღლებენ შენზე ჭმუნვით გოდებას და იგოდებენ შენზე: „ვინ არის, როგორც ცორი, დუმილივით შუაგულ ზღვაში?” 33 როდესაც გადიოდა შენი საქონელი ზღვებიდან, აძღობდი ხალხებს შენი დიდძალი სიმდიდრით და შენი საქონლით ამდიდრებდი ქვეყნის მეფეებს. 34 ახლა დალეწილი ხარ შენ ზღვებით ზღვის ჯურღმულებში, შენი ვაჭრობა და მთელი შენი კრებული შენში დაემხო. 35 კუნძულთა ყველა მცხოვრები შეძრწუნდა შენს გამო და მათი მეფენი, შეშფოთება დაეტყოთ სახეზე. 36 ვაჭარნი სხვა ხალხებში დაგცინოდნენ შენ, საშინელებად იქეცი და აღარ იქნები უკუნისამდე!’”

თავი ოცდამეექვსე                                                                                                                           თავი ოცდამერვე

კომენტარის დატოვება

Close
Close