1 და იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი თქმული: 2 ადამის ძევ! აუწყე იერუსალიმს მისი სისაძაგლენი. 3 და თქვი: ასე ეუბნება-თქო უფალი ღმერთი იერუსალიმს: ძირი შენი და სამშობლო შენი ქანაანის ქვეყნიდანაა. მამაშენი ამორეველი იყო, დედაშენი – ხეთელი. 4 და შობასა შენსა, შენი დაბადების დღეს, ჭიპლარი არ მოუჭრიათ შენთვის; წყლით არ განუბანიხართ გასასუფთავებლად, და მარილით არ დაუზელიხართ და სახვევებში არ შეუხვევიხართ. 5 არავინ შემოგხედა სიბრალულის თვალით, რათა გაეკეთებინათ შენთვის ერთი ამათგანი სამადლოდ; და ველზე გადაგაგდეს შენი შობის დღეს, რადგან საძულველი იყავი. 6 და მე ჩაგიარე და დაგინახე სისხლში მოსვრილი, და მე გითხარი: შენს სისხლში იცოცხლე-მეთქი! ასე გითხარი, როცა შენს სისხლში იწექი: შენს სისხლში იცოცხლე 7 და იზარდე; გაგამრავლე როგორც მცენარე ველისა. აღმოცენდი და გაიზარდე და ამაღლდი; და გახდი მშვენიერთა მშვენიერი! დაგაჩნდა ძუძუნი და თმა მოგეზარდა, შენ კი სამარცხვინოდ შიშველ-ტიტველი იყავი. 8 მე ჩაგიარე და დაგინახე, და, აჰა, დაგდგომოდა ჟამი სიყვარულისა. და გადაგაფარე ჩემი კალთა და დავფარე შენი სიშიშვლე. შემოგფიცე და აღთქმა დაგიდე, – ამბობს უფალი ღმერთი, – და გახდი ჩემი. 9 დაგბანე წყლით, და ჩამოგრეცხე სისხლი და გცხე ზეთი. 10 შეგმოსე ჭრელი სამოსლით და ფეხზე ჩაგაცვი ხამი ტყავის ხამლები; წელზე ბისონი შემოგარტყი და აბრეშუმის საბურველი შემოგავლე; 11 შეგამკე სამკაულებით; ხელზე სამაჯურები შეგასხი და ყელზე შიბები შეგაბი; 12 რგოლი გაგიკეთე ცხვირზე და საყურეები – ყურებზე; და სანაქებო გვირგვინი დაგადგი თავზე. 13 შემკული იყავი ოქროთი და ვერცხლით; შენი სამოსელი ბისონი, აბრეშუმი და ნაქარგი ქსოვილი იყო. გამტკიცულ ფქვილს, თაფლსა და ზეთს მიირთმევდი. და დიდად გალამაზდი და სადედოფლო შეიქენ. 14 სახელი გაგივარდა ხალხებში შენი მშვენების გამო, რადგან სრულყოფილი ჩანდი ჩემი დიდებულებით, რომელიც მე დავდე შენზე, – ამბობს უფალა ღმერთი.