ესაია 36

ივლისი 3, 2015
ძველი აღთქმა
ესაია
361 და იყო, მეფე ხიზკიაჰუს მეთოთხმეტე წელს გამოვიდა აშურის მეფე სანხერიბი იუდას ყველა გამაგრებული ქალაქის წინააღმდეგ და ხელში ჩაიგდო ისინი. 2 და გაგზავნა აშურის მეფემ რაბშაკე ლაქიშიდან იერუსალიმში მეფე ხიზკიაჰუსთან დიდი ლაშქრით და გაჩერდა ის ზემო აუზის არხთან, მრეცხავის ველის გზაზე. 3 და გამოვიდნენ მასთან ელიაკიმი, ხილკიაჰუს ძე, სასახლის მმართველი, შებნა მწერალი და იოახი, ასაფის ძე – მემატიანე. 4 და უთხრა მათ რაბშაკემ: „აბა, უთხარით ხიზკიაჰუს: ‘ასე თქვა დიდმა მეფემ, აშურის მეფემ: ეს რა იმედია, რისი იმედიც გაქვს?’ 5 მე ვთქვი: ‘ეს მხოლოდ სიტყვაა, საომრად კი რჩევა და ძალაა საჭირო. ახლა რისი იმედი გაქვს, რომ ამიჯანყდი მე? 6 აი, შენ გადატეხილი ლერწმის საყრდენი გეიმედება, ეგვიპტე, თუ კაცი დაეყრდნო მას, შეერჭობა ხელის მტევანში და გაუხვრეტს; ასეა ფარაონი, ეგვიპტის მეფე, ყველა მისი მოიმედისათვის. 7 და თუ მეტყვი მე: ‘ჩვენი უფალი ღმერთის იმედი გვაქვსო!’ ეს ხომ ის არის, რომლის გორაკები და სამსხვერპლოები მოაშორა ხიზკიაჰუმ და უთხრა იუდასა და იერუსალიმს: ‘მხოლოდ ამ სამსხვერპლოს წინაშე ეცით თაყვანი!’ 8 ახლა, აბა, შეუთანხმდი ჩემს ბატონს, აშურის მეფეს, და მე მოგცემ შენ ათას ცხენს, თუ შესხამ მათზე მხედრებს? 9 მაშ როგორღა გააბრუნებ ერთ მთავარს მცირეთაგან ჩემი ბატონის მონათა შორის? შენ კი ეგვიპტის იმედი გაქვს ეტლებისა და მხედრების გამო. 10 და ახლა განა უფლის ნების გარეშე მოვადექი ამ ქვეყანას ასაოხრებლად? უფალმა მითხრა მე: ‘გაილაშქრე ამ ქვეყანაზე და ააოხრე იგი.’” 11 და უთხრეს ელიაკიმმა, შებნამ და იოახმა რაბშაკეს: „ელაპარაკე შენს მონებს არამეულად, რადგან გვესმის, და ნუ დაგველაპარაკები ებრაულად იმ ხალხის გასაგონად, რომელიც გალავანზეა.” 12 მაგრამ უთხრა მათ რაბშაკემ: „განა შენს ბატონთან და შენთან გამომაგზავნა ჩემმა ბატონმა, რომ ვილაპარაკო ეს სიტყვები, და არა გალავანზე მსხდომ ხალხთან, რათა თქვენთან ერთად ჭამონ თავიანთი განავალი და სვან თავიანთი შარდი?” 13 და ადგა რაბშაკე და ხმამაღლა დაიყვირა ებრაულად და თქვა: „ისმინეთ სიტყვები დიდი მეფისა, აშურის მეფისა! 14 ასე ბრძანა მეფემ: ‘ნუ გაცდუნებთ თქვენ ხიზკიაჰუ, რადგან არ შეუძლია მას თქვენი ხსნა.’ 15 ნუ დაგაიმედებთ უფლით ხიზკიაჰუ, რომ გეუბნებათ: ‘გვიხსნის ჩვენ უფალი, არ დაეცემა ეს ქალაქი აშურის მეფის ხელით!’ 16 ნუ მოუსმენთ ხიზკიაჰუს, რადგან ასე ბრძანა აშურის მეფემ: ‘დამნებდით მე და გამოდით ჩემთან, და ჭამოს თითოეულმა ნაყოფი თავისი ვაზისა და თავისი ლეღვისა, და სვას თითოეულმა წყალი თავისი ჭისა, 17 სანამ მოვიდოდე და წაგიყვანდე თქვენი ქვეყნის მსგავს ქვეყანაში, ხორბლისა და მაჭრის ქვეყანაში, პურისა და ვენახების ქვეყანაში.’ 18 ნუ გაქეზებთ თქვენ ხიზკიაჰუ: ‘უფალი გვიხსნის ჩვენ!’ განა იხსნეს ხალხების ღმერთებმა – თითოეულმა თავისი ქვეყანა აშურის მეფის ხელიდან? 19 სად არიან ხამათისა და არფადის ღმერთები? სად არიან სეფარვაიმის ღმერთები? როდის უხსნიათ მათ სამარია ჩემი ხელიდან? 20 ამ ქვეყნების ღმერთებს შორის რომელმა იხსნა თავისი ქვეყანა ჩემი ხელიდან, რომ უფალმა იხსნას იერუსალიმი ჩემი ხელიდან?” 21 დადუმდნენ და არ უპასუხეს არაფერი, რადგან ასეთი იყო მეფის ბრძანება: „არ უპასუხოთ!” 22 მივიდნენ ელიაკიმი, ხილკიაჰუს ძე, რომელიც სასახლეზე იყო დადგენილი, შებნა, მწერალი და იოახი, ასაფის ძე, მემატიანე, ხიზკიაჰუსთან შემოგლეჯილი ტანსაცმლით და გადასცეს მას რაბშაკეს სიტყვები.
თავი ოცდამეთხუთმეტე                                                                                                         თავი ოცდამეჩვიდმეტე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close