ძველი აღთქმა
ესაია
341 მოდექით, ხალხებო, რომ მოისმინოთ! და, ტომებო, ყურად იღეთ! მოისმენს ქვეყანა და მისი სისავსე, ქვეყნიერება და ყოველივე აღმონაცენი. 2 რადგან რისხვა უფლისა ყველა ხალხზეა და გულისწყრომა – მთელ მათ მხედრობაზე. დაარისხა ისინი, გაწირა დასაკლავად. 3 მათი დახოცილნი გადაიყრებიან, მათ მძორებს აუვა სიმყრალე, მთები დაიშლება მათი სისხლისაგან; 4 და დალპება ცის მთელი მხედრობა, და დაიგრაგნება ცა წიგნის გრაგნილივით, და მთელი მისი მხედრობა დაჭკნება, როგორც ფოთოლი ჭკნება ვაზზე და როგორც დამჭკნარი ფოთოლი ცვივა ლეღვიდან. 5 რადგან დათვრა ცაში ჩემი მახვილი; ნახეთ, ედომზე დაეშვება და ერზე, რომელიც სასჯელისთვის დავარისხე. 6 უფლის მახვილი სავსეა სისხლით, გათქვირებულია ქონით, კრავებისა და ვაცების სისხლით, ვერძთა თირკმელების ქონით, რადგან მსხვერპლშეწირვა აქვს უფალს ბოცრაში და დიდი ხოცვა ედომის ქვეყანაში. 7 და დაეშვებიან მათთან მარტორქანი და მოზვერნი ძლიერებთან ერთად; და დაითვრება ქვეყანა სისხლისაგან, და მათი მტვერი ქონისაგან გათქვირდება. 8 რადგან შურისძიების დღე აქვს უფალს, საზღაურის წელი სიონის საქმეზე. 9 და იქცევა მისი ღელეები ფისად და მისი მტვერი – გოგირდად, და იქნება მისი მიწა აგიზგიზებული ფისი. 10 არც ღამით, არც დღისით არ ჩაქრება, საუკუნოდ იდენს მისი კვამლი, თაობიდან თაობამდე უკაცრიელი იქნება, უკუნითიდან უკუნისამდე არავინ გაივლის მასში. 11 და დაიმკვიდრებენ მას ვარხვი და ზღარბი, ბუ და ყორანი დაიბუდებენ მასში; და ის გაიწვდენს მასზე უდაბურების საზომს და უკაცრიელობის შვეულს. 12 დიდებულთაგან არავინ ეყოლებათ იქ, რომ სამეფო გამოაცხადონ, და ყველა მისი მთავარი არარაობა იქნება. 13 მის სასახლეებში ეკლები აღმოცენდება, ციხე-სიმაგრეებში – ჭინჭარი და ნარშავი; და იქნება ის ტურების ბუნაგი, სირაქლემათა ეზო. 14 და შეხვდებიან იქ უდაბნოს მხეცები აფთრებს, ჭინკები ერთმანეთს გასძახებენ. იქ მოიკალათებს ალი და ჰპოვებს თავისთვის სავანეს. 15 იქ დაიბუდებს მფრინავი გველი, და დადებს კვერცხებს და გამოჩეკავს, და შემოიკრებს თავის ჩრდილში. იქ შეგროვდებიან ძერანი ერთიმეორესთან. 16 მოძებნეთ უფლის წიგნში და წაიკითხეთ: არც-ერთი მათგანი არ დააკლდება, არ მოისაკლისებენ ერთმანეთს, რადგან მისმა ბაგეებმა ბრძანეს და მისმა სუნთქვამ შეკრიბა ისინი. 17 მან თავად უყარა მათ წილი და მისმა ხელმა გაუნაწილა მათ საზომით; უკუნისამდე დაიმკვიდრებენ მას, თაობიდან თაობაში იქ იცხოვრებენ.