ესაია 33

ივლისი 3, 2015
ძველი აღთქმა
ესაია
331 ვაი შენ, ჰოი მძარცველო, თუმცა არ გაძარცულხარ და, მოღალატევ, თუმცა შენთვის არ უღალატიათ! როგორც კი დაამთავრებ ძარცვას, შენ გაგძარცვავენ, როგორც კი შეწყვეტ ღალატს, შენ გიღალატებენ. 2 უფალო, შეგვიწყალე ჩვენ, შენ გესავთ, იყავი მათი მკლავი ყოველ დილით, და ჩვენი მხსნელი გაჭირვების ჟამს. 3 გრიალის ხმაზე გაიქცნენ ერები, შენს შემართვაზე განიბნენ ხალხები. 4 და შეიკრიბება თქვენი ნადავლი, როგორც კრეფენ კალიას, კალიის მდევნელივით დაედევნებიან. 5 ამაღლებულია უფალი, რადგან მაღლის მკვიდრია, მან გაავსო სიონი სამართლითა და სიმართლით. 6 და იქნება იგი სიმტკიცე შენი დროებისა, ხსნის უხვება, სიბრძნე და ცოდნა, ღვთის მოშიშება მისი განძია. 7 აჰა, მათი ძლიერნი ყვირიან ქუჩებში. მშვიდობის მაცნენი მწარედ ტირიან. 8 გაუდაბურდა გზები, აღარ არის მგზავრი; დაარღვია აღთქმა, შეიზიზღა ქალაქები, არაფრად ჩათვალა ადამიანი, 9 გლოვობს, გატიალდა ქვეყანა, შერცხვა ლიბანი, დაჭკნა; შარონი ტრამალს დაემსგავსა, და გაშიშვლდნენ ბაშანი და ქარმელი. 10 „ახლა ავდგები,” – ამბობს უფალი, – „ახლა ავმაღლდები, ახლა აღვზევდები. 11 თივით დაფეხმძიმდებით, ჩალას შობთ, თქვენი სუნთქვა ცეცხლია, შეგჭამთ. 12 და გახდებიან ხალხები საკირეში დასაწვავად, მოჭრილი ეკლებივით ცეცხლში დაიწვებიან. 13 ისმინეთ, შორეულნო, რაც მოვიმოქმედე, და შეიტყვეთ, ახლობელნო, ჩემი ძალა.” 14 სიონზე შეშინდნენ ცოდვილები, კანკალმა შეიპყრო პირფერნი; „რომელი ჩვენგანი დაუდგება შემჭმელ ცეცხლს? რომელი ჩვენგანი დაუდგება საუკუნო ხანძარს?” 15 ვინც სიმართლით დადის და წრფელად ლაპარაკობს, ეზიზღება ძარცვით მონაპოვარი; ვინც ხელს იფერთხავს ქრთამისაგან, იცობს ყურს, რათა არ ესმოდეს სისხლიანი ამბები, და თვალს ხუჭავს, რათა არ ხედავდეს ბოროტებას, 16 ის სიმაღლეებში დაივანებს; კლდეთა სიმაგრენი მისი საყრდენია; თავისი პური მიეცემა მას, თავისი წყალი არ შეუწყდება. 17 მეფეს თავის მშვენებაში იხილავენ; შენი თვალები, შორეულ ქვეყანას დაინახავენ. 18 შენი გული გაიხსენებს საშინელებას: „სადაა დამთვლელი? სადაა ამწონი? სადაა კოშკების დამთვლელი”. 19 კადნიერ ხალხს არ იხილავ, ხალხს ბაგებნელს, გაურკვეველს, ენაბორძიკას, გაუგებელს. 20 შეხედე სიონს, ჩვენი შეკრების ქალაქს! შენი თვალები იხილავენ იერუსალიმს, მშვიდ სავანეს, შეუძვრელ კარავს, მისი პალოები არ მოირყევა არასოდეს და მისი არც ერთი საბელი არ გაწყდება. 21 რადგან იქ იქნება უფალი ძალა ჩვენთვის, ფართო მდინარეთა და ტბათა ადგილი, სადაც ნიჩბიანი ხომალდი არ შევა და დიდი გემი არ გაივლის მასში. 22 რადგან უფალია ჩვენი მსაჯული, უფალია ჩვენი რჯულმდებელი, უფალია ჩვენი მეფე, ის გვიხსნის. 23 მოეშვა შენი საბელები, ვერ აკავებენ თავიანთი ანძის საყრდენს, აფრას ვერ ჭიმავენ. მაშინ განაწილდება დიდი ნადავლი, ხეიბარნიც დაიწყებენ ძარცვას. 24 და არ იტყვის მკვიდრი: „ავადა ვარ.” ხალხს, მასში მცხოვრებს, მიეტევება ცოდვა.
თავი ოცდამეთორმეტე                                                                                                           თავი ოცდამეთოთხმეტე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close