ძველი აღთქმა
ეკლესიასტე
121 გახსოვდეს შენი გამჩენი შენი სიჭაბუკის დღეებში, სანამ არ მოსულა ავი დღეები და არ დამდგარა წლები, როცა იტყვი: „არა მწადიან ისინი!” 2 სანამ არ დაბნელებულა მზე და სინათლე და მთვარე და ვარსკვლავნი და ღრუბელნი არ მოჰყოლიან წვიმას, 3 იმ დღეს, როდესაც აკანკალდებიან სახლის მცველნი და მოიხრებიან ძლიერი კაცები და შეწყვეტენ ფქვას დამფქველნი, რადგან შემცირდებიან, და დაიბინდებიან სარკმელში მჭვრეტელნი, 4 და დაიკეტებიან კარნი უბანში, როდესაც მიწყდება წისქვილის ხმა, და ადგებიან ჩიტის ხმაზე და მიყუჩდებიან გალობის ასულნი, 5 და სიმაღლისაც შეეშინდებათ, გზაზე კი შიში შეიპყრობთ, დაიკვირტება ნუში, დამძიმდება კუტკალია, დაირღვევა კაპარი, რადგან მიდის ადამიანი თავის მარადიულ სახლში, მოტირალნი კი უბანში ტრიალებენ, – 6 სანამ არ გამწყდარა ვერცხლის საბელი, არ დამსხვრეულა ოქროს ფიალა, არ გატეხილა დოქი წყაროზე და ჭაში არ ჩამსხვრეულა ბორბალი. 7 მტვერი დაუბრუნდება მიწას, როგორც იყო, სული კი დაბრუნდება ღმერთთან, რომელმაც მისცა იგი. 8 „ამაოებათა ამაოება”, – თქვა ეკლესიასტემ, – „ყოველივე ამაოებაა!” 9 იმის გარდა, რომ ბრძენი იყო ეკლესიასტე, ხალხსაც ასწავლიდა. აწონა, გამოიკვლია და შეთხზა ბევრი იგავი. 10 ცდილობდა ეკლესიასტე, ეპოვნა სასურველი სიტყვები და სარწმუნოდ არის დაწერილი მისგან ჭეშმარიტი სიტყვები. 11 ბრძენთა სიტყვანი დეზებივითაა, ჩაჭედილი ლურსმნებივითაა კრებულთა გამონათქვამები- ყველანი ერთი მწყემსისაგან არის მოცემული. 12 და უფრო მეტიც, ჩემო შვილო, გაფრთხილდი: ბევრი წიგნების წერას არა აქვს ბოლო და ბევრი ფიქრი ასუსტებს ხორცს. 13 და მოვისმინოთ დასკვნა ყველაფერი ამისა: გვეშინოდეს ღვთისა და ვიცავდეთ მის მცნებებს, რადგან სულ ეს არის ადამიანი. 14 რადგან ყველა საქმეს ღმერთი მიიტანს სამსჯავროზე, ყოველივე დაფარულს – კარგი იქნება თუ ცუდი.
თავი მეთერთმეტე ქებათა-ქება სოლომონისა