ეკლესიასტე 1

ივნისი 30, 2015
ძველი აღთქმა
ეკლესიასტე
11 სიტყვანი ეკლესიასტესი, დავითის ძისა, მეფისა იერუსალიმში. 2 „ამაოებათა ამაოება,” თქვა ეკლესიასტემ. „ამაოებათა ამაოება! ყოველივე ამაოებაა!” 3 რა უპირატესობა აქვს ადამიანს მთელი თავისი შრომისაგან, მზის ქვეშ რომ შრომობს? 4 თაობა მიდის და თაობა მოდის, ქვეყანა კი საუკუნოდ დგას. 5 და ამოდის მზე და ჩადის მზე; და თვისი ადგილისაკენ მიისწრაფის, საიდანაც ამოვიდა. 6 ქარი ქრის სამხრეთისაკენ, და ტრიალდება ჩრდილოეთისაკენ. ტრიალებს, ტრიალებს ქარი და თავის წრეზე უკან ბრუნდება ქარი. 7 ყველა მდინარე ზღვისკენ მიედინება, მაგრამ ზღვა არ ივსება. საიდანაც მდინარენი მოედინებიან, ისევ იქ ბრუნდებიან სადინებლად. 8 ყველა საგანი დამქანცავია, კაცი ვერ შეძლებს მოყოლას, თვალი ვერ გაძღება ცქერით და ყური ვერ აივსება სმენით. 9 რაც იყო, ისევ იქნება, და რაც ხდებოდა, ისევ მოხდება: არაფერი არ არის ახალი მზის ქვეშ. 10 არის რაღაც, რაზეც იტყვიან: „შეხედე, ახალია ეს!” ის კი უკვე ყოფილა საუკუნეებში, ჩვენამდე რომ იყო. 11 ხსენება არა აქვთ წინანდელთ, და არც შემდგომთ ექნებათ ხსენება მათ შორის, შემდეგ რომ იქნებიან. 12 მე, ეკლესიასტე, ვიყავი მეფე ისრაელზე იერუსალიმში. 13 და დავუდე ჩემი გული, რომ სიბრძნით მეძებნა და შემემოწმებინა, რაც ცის ქვეშ ხდებოდა. მძიმე საქმე მისცა უფალმა ადამიანებს, გასატანჯავად. 14 ვიხილე მე ყოველი საქმენი, მზის ქვეშ რომ კეთდება და აჰა, ყოველივე ამაოა და ქარის დევნაა! 15 დაგრეხილის გასწორება შეუძლებელია და დანაკლისი ვერ დაითვლება. 16 ვლაპარაკობდი ჩემს გულში: „შევიძინე და გავამრავლე სიბრძნე ყველა იმათზე მეტად, რომელნიც ჩემზე წინ იყვნენ იერუსალიმში, და ჩემმა გულმა მრავლად იხილა სიბრძნე და ცოდნა!” 17 და განვაწყვე ჩემი გონება, რათა შემეცნო სიბრძნე და შემეცნო სიბრიყვე და სისულელე! და გავიგე, რომ ესეც ქარის დევნაა. 18 რადგან დიდ სიბრძნეს დიდი სევდა მოსდევს და ცოდნის გაღრმავებით იღრმავებ ტკივილს.
იგავნი სოლომონისა                                                                                                                                 თავი მეორე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close