დაბადება 32

By
მარტი 20, 2015
ძველი აღთქმა
დაბადება321 და წავიდა იაკობი თავისი გზით და შემოხვდნენ მას ღვთის ანგელოზები. 2 და თქვა იაკობმა, როცა იხილა ისინი: „ღვთის ბანაკია ეს,” და უწოდა იმ ბანაკს სახელად მახანაიმი. 3 და გაგზავნა იაკობმა თავის წინაშე მოციქულნი თავისი ძმის, ესავისაკენ, რომელიც ცხოვრობდა სეყირის ქვეყანაში, ედომის ველზე. 4 და უბრძანა მათ და უთხრა: „ასე უთხარით ჩემს ბატონს, ესავს: „თქვა მსახურმა შენმა იაკობმა: ‘ლაბანთან ვცხოვრობდი მე და შემაგვიანდა აქამდე. 5 და მყავს მე ხარები და სახედრები, ცხვარი და მსახურნი და მხევალნი, და ვაუწყებ ჩემს ბატონს, რომ მინდა ვპოვო მადლი შენს თვალში.’” 6 და დაბრუნდნენ მოციქულნი იაკობთან და აუწყეს: „მივედით შენს ძმასთან, ესავთან და ისიც წამოვიდა შენს შესახვედრად, და ოთხასი კაცი ახლავს თან.” 7 და დიდად შეეშინდა იაკობს, და შეშფოთდა, და გაყო ხალხი, რომელიც მას ახლდა, აგრეთვე ცხვარი და ძროხა და აქლემები ორ ბანაკად. 8 და თქვა იაკობმა: „თუ დაეცემა ესავი ერთ ბანაკს, მაშინ მეორე გადარჩება.” 9 და თქვა იაკობმა: „ჩემი მამის, აბრაამის ღმერთო, და ჩემი მამის, ისაკის ღმერთო, უფალო, რომელმაც მითხარი: ‘დაუბრუნდი შენს სანათესაოს და შენს ქვეყანას, და სიკეთეს გიყოფ,’ 10 ღირსი არა ვარ ყველა იმ სიკეთისა და წყალობისა, შენს მსახურს რომ უყავი, რადგან მხოლოდ ჩემი ჯოხით გადავლახე ეს იორდანე, ახლა კი ორი ბანაკი გავხდი. 11 მიხსენ მე ჩემი ძმის ხელიდან, ესავის ხელიდან, რადგან მეშინია მისი, ვაითუ მოვიდეს და მომკლას მე, და დედები შვილებთან ერთად. 12 შენ კი ნათქვამი გაქვს: ‘სიკეთეს გიყოფ და გავხდი შენს თესლს ზღვის ქვიშასავით, რომელიც არ აღირიცხება სიმრავლის გამო.’” 13 და გაათია იქ ღამე. და გამოარჩია თავისი ქონებიდან საჩუქარი ესავისათვის, თავისი ძმისათვის: 14 ორასი დედალი თხა და ოცი ვაცი, ორასი ცხვარი და ოცი ვერძი, 15 ოცდაათი მეწველი აქლემი თავისი კოზაკებით, ორმოცი ფური და ათი ხარი, ოცი დედალი ვირი და ათი ჩოჩორი. 16 და მისცა თავის მსახურებს ცალკე ჯოგებად და უთხრა თავის მსახურებს: „იარეთ ჩემს წინ და დატოვეთ მანძილი ჯოგსა და ჯოგს შორის.” 17 და უბრძანა პირველს და უთხრა: „როცა შეგხვდეს ესავი, ჩემი ძმა, და გკითხოს, ვისი ხარ და საით მიხვალ, და ვისია ეს სამწყსოო, 18 უთხარი: ‘იაკობისაა, შენი მსახურისა, გამოგზავნილი ძღვნად ჩემი ბატონის, ესავისათვის, და ისიც ჩვენს უკანაა.’” 19 და ასევე უბრძანა მეორესაც, მესამესაც და ყველას, ვინც მიდიოდა სამწყსოს უკან: „ასე უთხარით ესავს, როცა შეხვდებით მას: 20 ‘აჰა, შენი მსახური იაკობიც ჩვენს უკანაა,’” რადგან ფიქრობდა: „ძღვენით, რომელიც ჩემს წინ მიდის, დავაცხრობ მის რისხვას, და მერე ვიხილავ მის სახეს, ეგების შემიწყნაროს.” 21 და მიდიოდა მისი ძღვენი მის წინ; ის კი იმ ღამეს ბანაკში ათევდა. 22 და ადგა იმავე ღამეს და აიყვანა თავისი ორი ცოლი, თავისი ორი მხევალი და თავისი თერთმეტი ძე და გადავიდა იაბოკის ფონზე. 23 და წაიყვანა ისინი და გადაიყვანა ხევზე, და გადაიტანა, რაც კი ებადა. 24 და უკან მობრუნდა იაკობი მარტო. და შეებრძოლა მას კაცი განთიადამდე. 25 და როცა დაინახა, რომ ვერ სძლევდა მას, შეეხო იგი მისი ბარძაყის სახსარს, და ეღრძო თეძოს სახსარი იაკობს მასთან ბრძოლისას. 26 და იმ კაცმა უთხრა: „გამიშვი, რადგან გათენდა.” და უთხრა იაკობმა: „არ გაგიშვებ, ვიდრე არ მაკურთხებ.” 27 და უთხრა მან მას: „რა გქვია შენ?” მან უპასუხა: „იაკობი.” 28 და ჰკითხა მან: „ამიერიდან აღარ გერქვას შენ სახელად იაკობი, არამედ ისრაელი, რადგან ებრძოდი ღმერთს და კაცებს, და სძლიე მათ!” 29 შეევადრა და ჰკითხა მას იაკობმა: „მითხარი შენი სახელი.” და მიუგო მან: „რად კითხულობ ჩემს სახელს?” და იქვე აკურთხა იგი. 30 და უწოდა იაკობმა იმ ადგილს სახელად ფენიელი, რადგან თქვა: „ვიხილე ღმერთი პირისპირ, და გადარჩა ჩემი სული.” 31 და ამოუბრწყინდა მას მზე, როგორც კი განვლო მან ფენუელი. და კოჭლობდა იგი თეძოთი. 32 ამიტომ არ ჭამენ ისრაელიანები დღემდე მენჯის ძარღვს, რომელიც თეძოს სახსარზეა, რადგან შეეხო ანგელოზი იაკობის სახსარს თეძოს ძარღვზე.

თავი ოცდამეთერთმეტე                                                                                                               თავი ოცდამეცამეტე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close