10 და მიიყვანე მოზვერი საკრებულო კარავთან, და დაასხან აარონმა და მისმა ძეებმა თავიანთი ხელები მოზვერს თავზე. 11 და დაკალი მოზვერი უფლის წინაშე საკრებულო კარვის შესასვლელთან. 12 და აიღე მოზვრის სისხლიდან, და წასცხე თითით სამსხვერპლოს რქებს. მთელი სისხლი კი დაღვარე სამსხვერპლოს საძირკველთან. 13 და აიღე მთელი ქონი, რომელიც აკრავს შიგნეულს, და ღვიძლის ქონი, ორივე თირკმელი მათივე ქონითურთ, და აკმიე სამსხვერპლოზე. 14 ხოლო მოზვრის ხორცი და მისი ტყავი და მისი სიბინძურე დაწვი ცეცხლში ბანაკის გარეთ. ცოდვის მსხვერპლია იგი. 15 და აიყვანე ერთი ვერძი, და დაასხან აარონმა და მისმა ძეებმა ხელები ვერძს თავზე. 16 და დაკალი ვერძი, და აიღე მისი სისხლი, და მოაპკურე სამსხვერპლოს ირგვლივ. 17 და ვერძი დაჭერი ნაწილებად და გარეცხე მისი შიგნეული და მისი კანჭები, და დაადე ისინი მის გაკვეთილ ნაწილებს და მის თავს. 18 და აკმიე მთელი ვერძი სამსხვერპლოზე. ეს სრულადდასაწველი მსხვერპლია უფლისა, კეთილსურნელებაა, საცეცხლო მსხვერპლია იგი უფლისათვის. 19 და აიყვანე მეორე ვერძი, და დაასხან აარონმა და მისმა ძეებმა ხელები ვერძის თავს. 20 და დაკალი ვერძი, და აიღე მისი სისხლი, და სცხე აარონის მარჯვენა ყურის ბიბილოს და მის ძეთა მარჯვენა ყურის ბიბილოს, და მათი მარჯვენა ხელის ცერს და მათი მარჯვენა ფეხის ცერს. და მოაპკურე სისხლი სამსხვერპლოს, ირგვლივ. 21 და აიღე სისხლი, რომელიც სამსხვერპლოზეა, და საცხებელი ზეთი და მოასხურე აარონსა და მის შესამოსელს, და მის ძეებსა და მის ძეთა სამოსელს მასთან ერთად. და განიწმიდება იგი და მისი შესამოსელნი, და მის ძეთა შესამოსელნი მასთან ერთად.