1 და ელაპარაკა უფალი მოსეს აარონის ორი ძის სიკვდილის შემდეგ, როცა მიეახლნენ უფალს და დაიხოცნენ. 2 და უთხრა უფალმა მოსეს: „უთხარი აარონს, შენს ძმას, ნუ შევა ყოველჟამს წმიდაში ფარდის მიღმა თავსარქველის წინ, რომელიც კიდობანზეა, რათა არ მოკვდეს, რადგან გამოვჩნდები თავსარქველზე ღრუბელში. 3 „ამით შევა აარონი წმიდაში: ნორჩი მოზვრით ცოდვის მსხვერპლად და სრულადდასაწველი ვერძით. 4 წმიდა სელის კვართი შეიმოსოს და სელის ქვედა სამოსი იყოს მის სხეულზე, და სარტყელი სელისა შეირტყას, და თავსაბურავი სელისა დაიხუროს, რადგან ეს წმიდა შესამოსელია; და განიბანოს მან თავისი სხეული წყლით და მაშინ შეიმოსოს ისინი. 5 და ისრაელის ძეთა თემისგან აიყვანოს ორი ვაცი ცოდვის მსხვერპლად და ერთი ვერძი სრულადდასაწველად. 6 „და შესწიროს აარონმა მოზვერი თავისი ცოდვის მსხვერპლად, და ქმნას შენდობა თავის თავზე და თავის სახლზე. 7 და აიყვანოს ორი ვაცი და დააყენოს ისინი უფლის წინაშე საკრებულო კარვის შესასვლელთან. 8 და ყაროს აარონმა ორივე ვაცზე წილი: ერთი წილი უფლისათვის, მეორე წილი განტევებისათვის. 9 და შესწირავს აარონი ვაცს, რომელსაც ხვდა წილი უფლისათვის, და შესწიროს იგი ცოდვის მსხვერპლად. 10 და ვაცი, რომელსაც ხვდა წილი განტევებისა, დააყენოს ცოცხლად უფლის წინაშე, რომ შეუნდოს და გაუშვას განსატევებლად უდაბნოში. 11 „და შესწიროს აარონმა მოზვერი თავისი ცოდვის მსხვერპლად, და ქმნას შენდობა თავის თავზე და თავის სახლზე, და დაკლას თავისი მოზვერი თავისი ცოდვის მსხვერპლად. 12 და აიღოს ნაკვერცხლებით სავსე საცეცხლური სამსხვერპლოდან, რომელიც უფლის წინაშეა, და სავსე პეშვი წმიდა კეთილსურნელოვანი საკმეველი და შეიტანოს ფარდის მიღმა; 13 და დადოს საკმეველი ცეცხლზე უფლის წინაშე და დაფაროს საკმევლის ღრუბელმა თავსარქველი, რომელიც მოწმობაზეა, რათა არ მოკვდეს. 14 და აიღოს მოზვრის სისხლი და მოასხუროს თითით თავსარქველის ზედაპირს აღმოსავლეთიდან, და თავსარქველის წინ მოასხუროს სისხლი შვიდგზის თითით.