ძველი აღთქმა
დაბადება
დაბადება
31 და მინდვრის ცხოველებს შორის, რომლებიც კი შექმნა უფალმა ღმერთმა, ყველაზე ცბიერი იყო გველი. და ჰკითხა გველმა დედაკაცს: „ნუთუ მართლა გითხრათ ღმერთმა, რომ ბაღის არც ერთი ხისგან არ ჭამოთო?” 2 და დედაკაცმა უპასუხა: „ბაღის ხის ნაყოფები გვეჭმევა. 3 ხოლო იმ ხის ნაყოფზე, რომელიც შუა ბაღშია, გვითხრა ღმერთმა: ‘არ ჭამოთ მისგან და არც შეეხოთ, რომ არ მოკვდეთ.’” 4 და უთხრა გველმა დედაკაცს: „არ მოკვდებით. 5 რადგან უწყის ღმერთმა, რომელ დღესაც შეჭამთ მაგ ნაყოფს, აგეხილებათ თქვენ თვალები და იქნებით ღმერთივით კეთილისა და ბოროტის შემცნობელნი”. 6 და იხილა დედაკაცმა, რომ ხე კარგი ჩანდა საჭმელად და საამო იყო თვალისთვის და მიმზიდველი იყო შესაცნობად; და მოწყვიტა მისგან ნაყოფი და შეჭამა და მისცა აგრეთვე თავის კაცს, და მანაც შეჭამა. 7 და აეხილათ თვალები ორივეს, და დაინახეს, რომ შიშვლები იყვნენ. და გადააბეს ლეღვის ფოთლები და გაიკეთეს გარშემოსარტყლები. 8 და მოესმათ ხმა უფალი ღმერთისა, რომელიც საღამოხანს მიმოდიოდა ბაღში; და დაემალნენ ადამი და მისი დედაკაცი უფალ ღმერთს ბაღის ხეთა შორის. 9 და დაუძახა უფალმა ღმერთმა ადამს და უთხრა მას: „სადა ხარ?” 10 და თქვა ადამმა: „შენი ხმა მომესმა ბაღში და შემეშინდა, რადგან შიშველი ვარ, და დავიმალე.” 11 და ჰკითხა მან: „ვინ გითხრა შენ, რომ შიშველი ხარ? ნუთუ იმ ხიდან, რომელზეც გამცნე, რომ არ გეჭამა, მოსწყვიტე ნაყოფი?” 12 და უთხრა ადამმა: „დედაკაცმა, რომელიც შენ მომეცი, მომცა ხიდან და შევჭამე.” 13 და უთხრა უფალმა ღმერთმა დედაკაცს: „ეს რა გააკეთე?” და უთხრა დედაკაცმა: „გველმა მაცდუნა და შევჭამე.” 14 და უთხრა უფალმა ღმერთმა გველს: „რადგან ეს ჩაიდინე, დაწყევლილი ხარ შენ მხეცთა და მინდვრის ყველა ცხოველთა შორის. მუცელზე იხოხებ და მტვერს შეჭამ მთელი შენი სიცოცხლე. 15 და ჩამოვაგდებ მტრობას შენსა და დედაკაცს შორის, და შენს თესლსა და მის თესლს შორის: ის თავს გაგიჭეჭყავს და შენ მას ქუსლს დაუგესლავ.” 16 და უთხრა დედაკაცს: „გავამრავლებ შენს ტანჯვას ფეხმძიმობის ჟამს და ტკივილში შობ შვილებს. შენი ქმრისაკენ იქნება შენი სწრაფვა და ის კი იბატონებს შენზე.” 17 და ადამს უთხრა: „რადგან ისმინე შენი ცოლის ხმა და ჭამე ნაყოფი ხისა, რომელზეც გითხარი, რომ არ გეჭამა, წყეულიმც იყოს მიწა შენს გამო, ტანჯვით ჭამდე მის ნაყოფს მთელი შენი სიცოცხლე. 18 და ეკალსა და ძეძვს აღმოგიცენებდეს შენ, და ჭამდე მინდვრის ბალახს. 19 შენი პირის ოფლით ჭამდე პურს, ვიდრე დაუბრუნდები მიწას, რომლიდანაც ხარ აღებული, რადგან მტვერი ხარ და მტვერს დაუბრუნდები.” 20 და უწოდა ადამმა თავის დედაკაცს სახელად ევა, რადგან ის უნდა გამხდარიყო დედა ყოველი ცოცხალისა. 21 და გაუმზადა უფალმა ღმერთმა ადამსა და მის დედაკაცს ტყავის სამოსელი, და შემოსა ისინი. 22 და თქვა უფალმა ღმერთმა: „ადამი გახდა როგორც ერთი ჩვენთაგანი სიკეთისა და ბოროტის შეცნობაში. ახლა არ გაიწოდოს ხელი და არ მოწყვიტოს სიცოცხლის ხის ნაყოფი, რომ არ გახდეს უკვდავი”. 23 და გაიყვანა უფალმა ღმერთმა იგი ედემის ბაღიდან სამუშაოდ მიწაზე, რომლისგანაც იყო იგი აღებული. 24 და გააძევა მან ადამი და ედემის ბაღის აღმოსავლეთით დააყენა ქერუბიმები და ცეცხლოვანი მბრუნავი მახვილი სიცოცხლის ხისაკენ მიმავალი გზის დასაცავად.