დაბადება 21

By
მარტი 15, 2015
ძველი აღთქმა
დაბადება

211 და უფალმა მოხედა სარას, როგორც თქვა, და გააკეთა უფალმა სარასთვის, როგორც ამბობდა. 2 და დაორსულდა სარა და უშვა აბრაამს მისი სიბერის ძე, სწორედ იმ დროს, როგორც თქვა ღმერთმა. 3 და აბრაამმა უწოდა ისაკი თავის ძეს, შობილს, რომელიც უშვა მას სარამ. 4 და წინადაცვითა აბრაამმა რვა დღის ისაკი, თავისი ძე, როგორც უთხრა მას ღმერთმა. 5 და აბრაამი იყო ასი წლის, როდესაც შეეძინა მას ისაკი, თავისი ძე. 6 და თქვა სარამ: „სასაცილო გამხადა მე უფალმა. ვინც კი გაიგებს ამ ამბავს, ყველა დამცინებს.” 7 და თქვა: „ვინ ეტყოდა აბრაამს, რომ სარა ბავშვს მოაწოვებდა ძუძუს? რადგან ვშობე სიბერის ძე.” 8 და გაიზარდა ბავშვი, და მოსხლიტეს იგი ძუძუს. და აბრაამმა დიდი ნადიმი გამართა იმ დღეს, როცა ისაკი ძუძუს მოსწყვიტეს. 9 და იხილა სარამ, რომ ძე ეგვიპტელი ჰაგარისა, რომელიც მან უშვა აბრაამს, დასცინოდა. 10 და უთხრა მან აბრაამს: „გააძევე ეს მხევალი თავისი ძითურთ, რომ არ დაიმკვიდროს ამ მხევლის ძემ ჩემს ძესთან, ისაკთან.” 11 და შეაწუხა დიდად აბრაამი ამ ამბავმა თავისი ძის გამო. 12 და უთხრა ღმერთმა აბრაამს: „ნუ სწუხხარ ყრმაზე და შენს მხევალზე. რასაც გეტყვის სარა, ისმინე მისი ხმა, რადგან ისაკით იწოდება შენი თესლი. 13 და ამ მხევლის ძესაც ვაქცევ ხალხად, რადგან ის შენი თესლია.” 14 და ადგა აბრაამი დილაადრიანად, აიღო პური და წყლის ტიკი და მისცა ჰაგარს, და აჰკიდა ზურგზე და ბავშვიანად გაუშვა. და წავიდა იგი და გზა დაებნა ბეერ-შებაყის უდაბნოში. 15 და გაუთავდა წყალი ტიკჭორაში, და მიაგდო ბავშვი ერთი ბუჩქის ძირას, 16 და წავიდა და დაჯდა მოშორებით, საისრე მანძილზე, რადგან თქვა: ნუმც დავინახო ბავშვის სიკვდილიო. და დაჯდა მოშორებით, და აღიმაღლა ხმა და აქვითინდა. 17 და ისმინა ღმერთმა ხმა ყრმისა, და მოუწოდა ღმერთის ანგელოზმა ჰაგარს ზეციდან და ჰკითხა: „რა დაგემართა, ჰაგარ? ნუ გეშინია, რადგან ისმინა ღმერთმა ხმა ყრმისა იქიდან, სადაც ის იმყოფება. 18 ადექ, ააყენე ყრმა და ხელი მოჰკიდე, რადგან დიდ ხალხად ვაქცევ მას.” 19 და აუხილა ღმერთმა თვალები, და დაინახა მან წყლიანი ჭა, და წავიდა და აავსო ტიკჭორა წყლით, და დაალევინა თავის ყრმას. 20 და იყო ღმერთი ყრმასთან, და გაიზარდა იგი და ცხოვრობდა უდაბნოში, და შეიქმნა მშვილდოსანი. 21 და ცხოვრობდა იგი ფარანის უდაბნოში, და მოუყვანა მას დედამისმა ცოლი ეგვიპტიდან. 22 და მოხდა იმ დროს: აბრაამს ელაპარაკნენ აბიმელექი და მისი მხედართმთავარი ფიქოლი, და უთხრეს: „ღმერთია შენთან ყველაფერში, რასაც შენ აკეთებ, 23 და ახლა დამიფიცე აქ ღმერთით, რომ არ მიმუხთლებ არც მე, არც ჩემს ნაშიერთ და არც ჩემს მონაგარს. მადლისამებრ, როგორც მე გექცეოდი, ისე მომექეცი მე და იმ ქვეყანას, რომელშიც შენ ხიზნობ.” 24 და უთხრა აბრაამმა: „გეფიცები!” 25 და უსაყვედურა აბრაამმა აბიმელექს წყლის ჭის გამო, რომელიც მიიტაცეს აბიმელექის მსახურებმა. 26 და უთხრა აბიმელექმა: „არ ვიცი, ვინ ქნა ეს საქმე, და შენც არ გითქვამს ჩემთვის, და მეც არაფერი მსმენია დღემდე.” 27 და აიყვანა აბრაამმა ცხვარი და ზვარაკი და მისცა აბიმელექს, და ორივემ შეკრა კავშირი. 28 და დააყენა აბრაამმა შვიდი კრავი ცალკე, 29 და უთხრა აბიმელექმა აბრაამს: „რისთვისაა აქ ეს შვიდი კრავი, რომელნიც დააყენე ცალკე?” 30 და მან უპასუხა: „რადგან ამ შვიდ კრავს შენ მიიღებ ჩემი ხელიდან, რაც იქნება ჩემთვის იმის მოწმობად, რომ მე ამოვთხარე ეს ჭა.” 31 ამიტომ ეწოდა იმ ადგილს ბეერ-შებაყი, რადგან იქ დაიფიცა ორივემ. 32 და შეკრეს კავშირი ბეერ-შებაყში, და აბიმელექი და ფიქოლი, მისი მხედართმთავარი, დაბრუნდნენ ფილისტიმელთა ქვეყანაში. 33 და დარგო იალღუნი აბრაამმა ბეერ-შებაყში, და იქ მოუხმო მან უფლის, საუკუნო ღმერთის სახელს. 34 და ხიზნობდა აბრაამი ფილისტიმელთა ქვეყანაში მრავალი ხანი.თავი მეოცე                                                                                                                                           თავი ოცდამეორე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close