ძველი აღთქმა
დაბადება50
დაბადება50
1 და დაემხო იოსები თავისი მამის პირისახეს, და დასტიროდა და ჰკოცნიდა მას. 2 და უბრძანა იოსებმა თავის მსახურ მკურნალებს, რომ შეემურვათ მამამისი. და მკურნალებმა შემურვეს ისრაელი. 3 და შეუსრულდა მას ორმოცი დღე. რადგან ამდენი ხანი სჭირდებოდა შემურვას და დასტიროდა მას ეგვიპტე სამოცდაათი დღე. 4 და განვლეს მისი გლოვის დღეებმა და ელაპარაკა იოსები ფარაონის სახლს: „თუკი ვპოვე მადლი თქვენს თვალში, ასე უთხარით ფარაონს, 5 რომ მამაჩემმა დამაფიცა მე ამ სიტყვებით: ‘აჰა, მე ვკვდები და ჩემს სამარხში, რომელიც გავითხარე ქანაანის ქვეყანაში, დამმარხეთ.’ და ახლა წავალ და დავმარხავ მამაჩემს, და დავბრუნდები”. 6 და უთხრა ფარაონმა: „წადი და დამარხე მამაშენი, როგორც მან დაგაფიცა.” 7 და წავიდა იოსები თავისი მამის დასამარხავად. და წაჰყვნენ მას ფარაონის მსახურნი, მისი სახლის უხუცესები და ეგვიპტის ქვეყნის ყველა უხუცესი, 8 და იოსების მთელი სახლი, და მისი ძმანი, და მამამისის სახლი. მხოლოდ ბავშვები და საქონელი დატოვეს გოშენის ქვეყანაში. 9 და მასთან ერთად წავიდნენ ეტლები და მხედრები. და იყო ეს ძალზე დიდი ბანაკი. 10 და მივიდნენ ისინი ატადის კალომდე, რომელიც იორდანეს გაღმაა, და იქ დაიტირეს იაკობი დიდი და ძალზე მძიმე გოდებით. და გაუმართა მამას შვიდდღიანი გლოვა. 11 და იხილეს ქანაანის ქვეყნის მცხოვრებლებმა ეს გლოვა ატადის კალოზე, და თქვეს: „მძიმეა ეს გლოვა ეგვიპტელთათვის!” ამიტომ ეწოდა ამ ადგილს სახელად აბელ-მიცრაიმი, რომელიც იორდანეს გაღმაა. 12 და აღუსრულეს მას მისმა ძეებმა ისე, როგორც უბრძანა მათ. 13 და წაასვენეს იგი მისმა ძეებმა ქანაანის ქვეყანაში, და დამარხეს იგი მახფელას მინდვრის მღვიმეში, რომელიც საკუთრებად იყიდა აბრაამმა ამ მინდორთან ერთად ხეთელი ყეფრონისაგან, მამრეს გასწვრივ. 14 და დაბრუნდა იოსები ეგვიპტეში თავის ძმებთან და ყველა იმათთან ერთად, ვინც იყვნენ წასულნი მამამისის დასამარხავად, მათ მიერ მამის დამარხვის შემდეგ. 15 და დაინახეს იოსების ძმებმა, რომ მოკვდა მათი მამა, და თქვეს: „ვაითუ გვიმტროს იოსებმა ყველა იმ ბოროტებისათვის, რაც გავუკეთეთ მას!” 16 და შეუთვალეს იოსებს: „მამაშენმა გვიანდერძა სიკვდილის წინ: 17 ‘ასე უთხარით იოსებს: გემუდარები, აპატიე შენს ძმებს დანაშაული და ცოდვა, ბოროტად რომ მოგექცნენ. და ახლა აპატიე დანაშაული მამაშენის ღმერთის მსახურებს.’” და ატირდა იოსები, როცა ამას ეუბნებოდნენ. 18 და მოვიდნენ თვით მისი ძმებიც, და დაემხნენ მის წინაშე, და უთხრეს: „შენი მსახურნი ვართ ჩვენ!” 19 და უთხრა მათ იოსებმა: „ნუ შიშობთ, რამეთუ მე ღმერთის მეშინია. 20 აჰა, თქვენ ბოროტება განიზრახეთ ჩემთვის, მაგრამ ღმერთმა სიკეთედ მოაქცია იგი, რათა გაეკეთებინა ის, რაც ახლა არის: სიცოცხლე შეენარჩუნებინა უამრავი ხალხისათვის. 21 და ახლა ნუ გეშინიათ: მე გარჩენთ თქვენ და თქვენს შვილებსაც.” და ანუგეშა ისინი, და გულითადად ელაპარაკა მათ. 22 და ცხოვრობდა იოსები ეგვიპტეში თავისი მამის სახლთან ერთად. და იცოცხლა იოსებმა ას ათი წელი. 23 და იხილა იოსებმა ძენი ეფრემისა მესამე თაობამდე. და ასევე ძენი მაქირისა, მენაშეს ძისა, დაიბადნენ იოსების მუხლებზე. 24 და უთხრა იოსებმა თავის ძმებს: „მე ვკვდები და გაგიხსენებთ თქვენ ღმერთი, და აგიყვანთ ამ ქვეყნიდან იმ ქვეყანაში, რომელზეც შეჰფიცა აბრაამს, ისაკსა და იაკობს.” 25 და დააფიცა იოსებმა ისრაელის ძენი: „როცა გაგიხსენებთ ღმერთი, წაიღეთ ჩემი ძვლები აქედან!” 26 და მოკვდა იოსები ას ათი წლისა. და შემურვეს და ჩაასვენეს იგი კიდობანში, ეგვიპტეში.