გამოსვლა 32

აპრილი 22, 2015

ძველი აღთქმა
გამოსვლა

32 1 და როცა დაინახა ხალხმა, რომ აყოვნებს მოსე მთიდან ჩამოსვლას, შეიკრიბა აარონთან, და უთხრა მას: „ადექ, გაგვიკეთე ჩვენ ღმერთი, რომელიც ჩვენი წინამძღოლი იქნება, რადგან იმ კაცს, მოსეს, რომელმაც ამოგვიყვანა ჩვენ ეგვიპტის ქვეყნიდან, არ ვიცით, რა შეემთხვა.” 2 და უთხრა მათ აარონმა: „ჩამოხსენით ოქროს საყურეები, რომელნიც თქვენს ცოლთა, ძეთა და ასულთა ყურებზეა, და მოიტანეთ ჩემთან.” 3 და ჩამოიხსნა მთელმა ხალხმა ოქროს საყურეები ყურთაგან, და მიუტანეს აარონს. 4 და აიღო მათი ხელიდან და გააკეთა მისგან ჩამოსხმული ხბო, და გამოკვეთა იგი საჭრეთლით, და მათ თქვეს: „ესაა ღმერთი შენი, ისრაელო, რომელმაც ამოგიყვანა შენ ეგვიპტის ქვეყნიდან”. 5 და როცა დაინახა აარონმა ეს, ააშენა სამსხვერპლო მის წინაშე, და თქვა აარონმა: „უფლის დღესასწაულია ხვალ”. 6 და ადგნენ დილაადრიანად მეორე დღეს, და მოიტანეს სრულადდასაწველნი, და მიიყვანეს სამშვიდობო მსხვერპლები. და დასხდა ხალხი საჭმელად და სასმელად. და შემდეგ ადგნენ სალაღობოდ. 7 და უთხრა უფალმა მოსეს: „აბა, ჩადი, რადგან გაირყვნა შენი ხალხი, რომელიც გამოიყვანე ეგვიპტის ქვეყნიდან. 8 მალე გადაუხვიეს გზიდან, რომელიც მე ვამცნე მათ: გაიკეთეს ჩამოსხმული ხბო და თაყვანი სცეს მას, და შესწირეს მას მსხვერპლი, და თქვეს: ‘ესაა ღმერთი შენი, ისრაელო, რომელმაც ამოგიყვანა შენ ეგვიპტის ქვეყნიდან’”. 9 და უთხრა უფალმა მოსეს: „ვხედავ მე ამ ხალხს და ქედფიცხელი ხალხია იგი. 10 ახლა მიმიშვი, რათა აღეგზნოს ჩემი რისხვა მათზე და მოვსპო ისინი, შემდეგ კი გაქცევ შენ დიდ ხალხად”. 11 და ევედრა მოსე უფალს, თავის ღმერთს, და უთხრა: „რად უნდა აღეგზნოს შენი რისხვა შენს ხალხზე, რომელიც გამოიყვანე ეგვიპტის ქვეყნიდან დიდი ძალითა და ძლიერი ხელით? 12 რად უნდა თქვან ეგვიპტელებმა ასე: ‘ბოროტი განზრახვით გამოიყვანა ისინი, მთებში დასახოცად და მიწის პირისაგან აღსაგველად?’ გააბრუნე შენი რისხვის აღგზნება და გადაიფიქრე ბოროტება შენი ხალხის მიმართ. 13 გაიხსენე აბრაამი, ისაკი და ისრაელი, შენი მსახურნი, რომელთაც შეჰფიცე შენი თავით და უთხარი მათ: ‘გავამრავლებ თქვენს თესლს ცის ვარსკვლავებივით და მთელს ამ ქვეყანას, რომელზეც მე ვთქვი, მივცემ თქვენს თესლს და დაიმკვიდრებენ საუკუნოდ.’” 14 და გადაიფიქრა უფალმა ბოროტების გაკეთება, რომელზეც თქვა, რომ დაატეხდა თავის ხალხს. 15 და მობრუნდა, და ჩავიდა მოსე მთიდან. და ორი ქვის დაფა მოწმობისა ეჭირა ხელში, ორივე მხარეს ნაწერი დაფები: აქეთაც და იქითაც დაწერილი. 16 და ეს დაფები ღვთის ნაკეთები იყო, და წარწერაც ღვთის ამოკვეთილი იყო. 17 და მოესმა იესოს ხმა მშფოთვარე ხალხისა, და უთხრა მოსეს: „ბრძოლის ხმაა ბანაკში”. 18 და უთხრა მოსემ: „არ არის გამარჯვების ყიჟინის ხმა და არც დამარცხების გმინვის ხმაა: ხმა ლხინისა მესმის მე.” 19 და როცა მიუახლოვდა ბანაკს და იხილა ხბო და როკვა, აღეგზნო მოსეს რისხვა, და მოისროლა მან ხელიდან დაფები, და დაამსხვრია ისინი მთის ძირას. 20 და აიღო ხბო, რომელიც მათ გააკეთეს, და დაწვა ცეცხლში და მტვრად აქცია და მოფანტა წყლის ზედაპირზე და ასვა იგი ისრაელის ძეთ. 21 და უთხრა მოსემ აარონს: „რა გაგიკეთა ამ ხალხმა, ასეთი დიდი ცოდვა რომ მოაწიე მასზე?” 22 და უთხრა აარონმა; „ნუ აღეგზნება ჩემი ბატონის რისხვა: შენ იცნობ ამ ხალხს, რომ ბოროტია იგი. 23 მითხრეს: ‘გააკეთე ჩვენთვის ღმერთი, რომელიც წაგვიძღვება წინ, რადგან იმ კაცს, მოსეს, რომელმაც გამოგვიყვანა ეგვიპტის ქვეყნიდან, არ ვიცით რა შეემთხვა.’ 24 და მე ვუთხარი მათ, ვისაც აქვს ოქრო, ჩამოიხსნას, და მე მომცეს-მეთქი. და ჩავაგდე იგი ცეცხლში და გამოვიდა ეს ხბო.” 25 და იხილა მოსემ ხალხი, რომ თავაშვებულია იგი, რადგან თავი ააშვებინა მას აარონმა და მასხარად ასაგდები გახდა მტერთა წინაშე. 26 და დადგა მოსე ბანაკის ბჭესთან, და თქვა: „ვინც უფლისაა, ჩემსკენ!” და შეიკრიბა მასთან ლევის ყველა ძე. 27 და უთხრა მათ: „ასე თქვა უფალმა, ისრაელის ღმერთმა: ‘ყველამ თავისი მახვილი შეიბას გვერდზე, გაიარეთ და დაბრუნდით ბჭიდან ბჭემდე, და მოკლას თითოეულმა თავისი ძმა, და თითოეულმა თავისი მეგობარი და თითოეულმა თავისი ნათესავი.’” 28 და გააკეთეს ლევის ძეთ მოსეს სიტყვისამებრ და დაეცა ხალხიდან იმ დღეს სამი ათასამდე კაცი: 29 და უთხრა მათ მოსემ: „ხელები აივსეთ დღეს უფლისათვის, რადგან თითოეულმა თავის ძეზე და ძმაზე აღმართა ხელი და მოგენიჭებათ თქვენ დღეს კურთხევა.” 30 და მეორე დღეს უთხრა მოსემ ხალხს: „დიდი ცოდვა ჩაიდინეთ და ახლა ავალ უფალთან, ეგების გამოვისყიდო თქვენი ცოდვა.” 31 და გაბრუნდა მოსე უფალთან, და თქვა: „ცოდვა დიდი ჩაიდინა ამ ხალხმა: გაიკეთეს ოქროს ღმერთი. 32 და ახლა, თუ შეუნდობ მათ ცოდვას, შეუნდე, და თუ არა, ამომშალე მეც შენი წიგნიდან, შენ რომ დაწერე.” 33 და უთხრა უფალმა მოსეს: „ვინც შესცოდა ჩემს წინაშე,მას ამოვშლი ჩემი წიგნიდან. 34 და ახლა წადი, გაუძეხი ხალხს იქით, საითკენაც გითხარი. აჰა, ჩემი ანგელოზი წაგიძღვება წინ. და განკითხვის დღეს დავსჯი მათ მათი ცოდვისათვის” 35 და მოსრა უფალმა ხალხი გაკეთებული ხბოსთვის, რომელიც აარონმა გააკეთა.

თავი ოცდამეთერთმეტე                                                                                                             თავი ოცდამეცამეტე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close