ლევიანნი
91 და იყო, მერვე დღეს მოუხმო მოსემ აარონს და მის ძეთა და ისრაელის უხუცესებს. 2 და უთხრა აარონს: „აიღე შენთვის ხბო ცოდვის მსხვერპლად და ვერძი სრულადდასაწველად, ორივე საღი, და შესწირე უფლის წინაშე. 3 და ისრაელის ძეთ უთხარი ასე: ‘აიღეთ თიკანი ცოდვის მსხვერპლად და ხბო და კრავი ერთწლიანები, ორივე საღი, სრულადდასაწველად. 4 და მოზვერი და ვერძი სამშვიდობო მსხვერპლად, რათა აღასრულო მსხვერპლშეწირვა უფლის წინაშე, და ძღვენი პურეულისა, შერეული ზეთში, რადგან დღეს უფალი გამოგეცხადებათ თქვენ.’” 5 და მოიტანეს, რაც ბრძანა მოსემ, საკრებულო კარვის წინ, და მიეახლა მთელი თემი და დადგა უფლის წინაშე. 6 და თქვა მოსემ: „აი, რა ბრძანა უფალმა, და გამოგეცხადებათ თქვენ დიდება უფლისა.” 7 და უთხრა მოსემ აარონს: „მიუახლოვდი სამსხვერპლოს და შესწირე შენი ცოდვის მსხვერპლი და შენი სრულადდასაწველი, და ქმენ შენდობა შენთვის და შენი ხალხისათვის, და ქმენ შესაწირავი ხალხისა და შეუნდე მათ, როგორც ბრძანა უფალმა.” 8 და მიუახლოვდა აარონი სამსხვერპლოს და დაკლა ხბო თავისი ცოდვის გამოსასყიდლად. 9 და მიიტანეს აარონის ძეთ მასთან სისხლი, და ამოაწო მან მასში თითი, და მოასხურა სამსხვერპლოს რქებს, და დანარჩენი სისხლი დაღვარა სამსხვერპლოს საძირკველთან. 10 ქონი და თირკმელები და აპკი ღვიძლისა ცოდვის მსხვერპლიდან დააკმია სამსხვერპლოზე, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს; 11 ხოლო ხორცი და ტყავი დაწვა ცეცხლზე ბანაკს გარეთ. 12 დაკლა სრულადდასაწველი და მიართვეს მას აარონის ძეთ სისხლი, და მან მოაპკურა იგი სამსხვერპლოს ირგვლივ. 13 ხოლო სრულადდასაწველი მიართვეს მას, ასო-ასო დაჭრილი, მათ შორის თავიც, და დააკმია მან სამსხვერპლოზე. 14 გარეცხა შიგნეული და კანჭები, და დააკმია სრულადდასაწველთან ერთად სამსხვერპლოზე. 15 და მიიტანა ხალხის შესაწირავი და აიყვანა თხა ხალხის ცოდვის მსხვერპლად და დაკლა იგი და შესწირა როგორც ცოდვის მსხვერპლი, როგორც წინა. 16 და მიიტანა სრულადდასაწველი და აღასრულა იგი რჯულისამებრ. 17 და მიიტანა პურეულის ძღვენი და აივსო პეშვი, და დააკმია სამსხვერპლოზე დილის სრულადდასაწველის გარდა. 18 და დაკლა მოზვერი და ვერძი სამშვიდობო მსხვერპლად, რომელიც ხალხისაა. და მიართვეს მას აარონის ძეთ სისხლი და მოაპკურა იგი სამსხვერპლოს ირგვლივ, 19 [მოართვეს] ქონი მოზვრისა და ვერძის დუმა და გადაბურული ქონი, და თირკმელები, და აპკი ღვიძლისა. 20 და დაადვეს ქონი მკერდზე, და დააკმია მან ქონი სამსხვერპლოზე. 21 და მკერდი და მარჯვენა ბეჭი შეარხია აარონმა უფლის წინაშე შერხევით, როგორც უბრძანა მოსემ. 22 და აღაპყრო აარონმა ხელები ხალხის მიმართ და აკურთხა ისინი, და ჩამოვიდა ცოდვის მსხვერპლის, სრულადდასაწველისა და სამშვიდობოს შეწირვის შემდეგ. 23 და შევიდნენ მოსე და აარონი საკრებულო კარავში. და გამოვიდნენ, და აკურთხეს ხალხი. და გამოეცხადა უფლის დიდება მთელ ხალხს. 24 და გამოვიდა ცეცხლი უფლისაგან და დაწვა სამსხვერპლოზე სრულადდასაწველი და ქონი, და იხილა მთელმა ხალხმა, და ყიჟინა დასცეს და პირქვე დაემხენ.