ძველი აღთქმა
მეორე რჯული
11 აჰა, სიტყვანი, რომელნიც გამოუცხადა მოსემ მთელ ისრაელს იორდანეს გამოღმა, ჰაყარაბას უდაბნოში, სუფას პირდაპირ, ფარანსა და თოფელს, ლაბანსა, ხაცეროთსა და დიზაჰაბს შორის, 2 რომელიც თერთმეტი დღის სავალ გზაზეა ხორებიდან, სეყირის მთაზე გავლით, ვიდრე კადეშ-ბარნეაყამდე. 3 და მეორმოცე წლის მეთერთმეტე თვეს, თვის პირველში, უთხრა ისრაელიანებს ყოველივე, რაც უბრძანა მას უფალმა მათზე. 4 მას შემდეგ, რაც განგმირეს სიხონი, მეფე ამორეველთა, რომელიც მკვიდრობდა ხეშბონში, და ყოგი, მეფე ბაშანისა, რომელიც მკვიდრობდა ყაშთაროთში, ედრეყში. 5 იორდანეს გამოღმა, მოაბელთა ქვეყანაში, დაიწყო მოსემ განმარტება ამ რჯულისა და თქვა: 6 უფალმა, ღმერთმა ჩვენმა, გვითხრა ხორებში: „გეყოფათ თქვენ ამ მთაზე ცხოვრება; 7 გაბრუნდით და გაემგზავრეთ, მიდით ამორეველთა მთაზე და ყოველ მის მეზობელთან, ყარაბაში, მთასა და ბარში, და ნეგებში და ზღვის სანაპიროზე, ქანაანელთა ქვეყანაში და ლიბანში დიდ მდინარემდე, მდინარე ევფრატამდე. 8 აჰა, მოგეცით თქვენ ეს ქვეყანა. მიდით და დაიმკვიდრეთ ქვეყანა, რომლის მოცემაც გულით აღუთქვა უფალმა თქვენს მამებს: აბრაამს, ისაკსა და იაკობს, და მათ მოდგმას მათ შემდგომ.” 9 და მე გითხარით თქვენ იმ დროს, ასე: „არ შემიძლია მარტოს თქვენი ტარება! 10 უფალმა, თქვენმა ღმერთმა, გაგამრავლათ თქვენ, და აჰა, თქვენ დღეს მრავალნი ხართ, როგორც ცის ვარსკვლავები. 11 უფალმა, თქვენი მამების ღმერთმა, გაგამრავლოთ თქვენ ათასგზის, ვიდრე დღესა ხართ, და გაკურთხოთ თქვენ, როგორც გითხრათ,– 12 მე მარტომ როგორ ვატარო თქვენი საზრუნავი და თქვენი ტვირთი და თქვენი შუღლი? 13 ამოირჩიეთ თქვენი ტომებიდან ბრძენი, გონიერი და გამოცდილი კაცები და მათ დაგინიშნავთ წინამძღვრებად.” 14 და თქვენ მიპასუხეთ: „კარგია ეს საქმე, რომელიც ბრძანე, აღსასრულებლად”. 15 და ავიყვანე მთავარნი თქვენი ტომებიდან, ბრძენი და გამოცდილი კაცები და დაგინიშნეთ ისინი წინამძღვრებად, ათასისთავებად, ასისთავებად, ორმოცდაათისთავებად, ათისთავებად და ზედამდგომებად თქვენი ტომებისათვის. 16 და მე ვუბრძანე თქვენს მსაჯულებს იმ დროს: მოუსმინეთ თქვენს ძმებს და განსაჯეთ სამართლიანად, როგორც ძმათა შორის, ასევე მის ხიზანს შორის. 17 ნუ იქნებით მიკერძოებული სამსჯავროზე: ერთნაირად მოუსმინეთ მცირესა და დიდს. ნუ შეუშინდებით კაცს, რადგან სამართალი ღვთისაა და საქმე, რომელიც გემძიმებათ, წარმოადგინეთ ჩემთან, და მე მოვისმენ. 18 და იმ დროს გიბრძანეთ ყველა საქმე, რომელიც უნდა შეასრულოთ. 19 და ავიყარეთ ხორებიდან, და გავიარეთ მთელი ეს დიდი და საშინელი უდაბნო, რომელიც იხილეთ ამორეველთა მთისაკენ მიმავალ გზაზე, როგორც გვიბრძანა უფალმა, ღმერთმა ჩვენმა, და მივედით კადეშ-ბარნეაყამდე. 20 და გითხარით მე თქვენ: „მოხვედით ამორეველთა მთამდე, რომელსაც უფალი, ღმერთი ჩვენი, გვაძლევს ჩვენ. 21 იხილეთ, მოგცათ უფალმა, თქვენმა ღმერთმა, ეს ქვეყანა. წადით, დაიმკვიდრეთ, როგორც გვითხრა ჩვენ უფალმა, ჩვენი მამების ღმერთმა. ნუ გეშინიათ და ნუ შეძრწუნდებით”. 22 მაგრამ თქვენ ყველანი მოხვედით ჩემთან და მითხარით: „გავგზავნით კაცებს ჩვენს წინ, რათა დაგვიზვერონ ქვეყანა და მოგვიტანონ ამბავი იმ გზისა, რომლითაც უნდა ვიაროთ, და იმ ქალაქებისა, რომლებშიც შევალთ.” 23 და მომეწონა ეს სიტყვები, და ავიყვანე თქვენგან თორმეტი კაცი თითოეული ტომიდან. 24 და გაემართნენ და გადაიარეს მთა, და მივიდნენ ეშქოლის ხეობამდე, და დაზვერეს იგი 25 და აიღეს თავიანთი ხელით ნაყოფი იმ ქვეყნისა, და ჩამოიტანეს ჩვენთან, და ამბავი მოგვიტანეს, და გვითხრეს: „კარგია ის ქვეყანა, რომელსაც უფალი, ჩვენი ღმერთი, გვაძლევს ჩვენ.” 26 და თქვენ არ ინებეთ ასვლა და წინ აღუდექით უფლის, თქვენი ღმერთის, ბრძანებას, 27 და დრტვინავდით თქვენს კარვებში, და ამბობდით: „ჩვენ უფალს ვეჯავრებით, ამიტომ გამოგვიყვანა ჩვენ ეგვიპტის ქვეყნიდან, რათა ამორეველთა ხელში ჩავეგდეთ დასაღუპავად. 28 სად წავიდეთ? ჩვენმა ძმებმა გულები დაგვიშინეს და გვითხრეს: ‘იქაური ხალხი ჩვენზე დიდი და მაღალია, დიდი ქალაქები და ცამდე აზიდული სიმაგრეები აქვთ და ბუმბერაზთა ძენიც ვიხილეთ იქ’”. 29 და მე გითხარით თქვენ: „ნუ ძრწიხართ და ნუ გეშინიათ მათი. 30 უფალი, თქვენი ღმერთი, წინ მიგიძღვით თქვენ. ის იბრძოლებს თქვენთვის ისევე, როგორც ეგვიპტეში მოიქცა თქვენს თვალწინ. 31 და ამ უდაბნოშიც, სადაც ხედავდი, თუ როგორ გატარებდა უფალი, ღმერთი შენი, როგორც თავისი შვილი ატაროს კაცმა, მთელ გზაზე, რომელიც განვლეთ, ვიდრე მოხვიდოდით ამ ადგილას.” 32 და ამ საქმეშიც არ ერწმუნეთ უფალს, თქვენს ღმერთს, 33 რომელიც წინ მიგიძღვით გზაზე, რომ დასაბანაკებელი ადგილი მოგინახოთ. ღამე ცეცხლით და დღისით ღრუბლებით გიჩვენოთ გზა, რომლითაც უნდა იაროთ. 34 და გაიგონა უფალმა ხმა თქვენი სიტყვებისა და განრისხდა, და დაიფიცა ასე: 35 „ვერავინ იხილავს ამ კაცთაგან, ამ ბოროტი თაობიდან, იმ კეთილ ქვეყანას, რომლის მიცემაც ფიცით აღვუთქვი თქვენს მამებს. 36 მხოლოდ ქალებ იეფუნეს ძე იხილავს მას. მას და მის ძეთ მივცემ იმ ქვეყანას, რომელსაც ფეხი დაადგა, რადგან იგი ბოლომდე მიჰყვა უფალს.” 37 ჩემზეც განრისხდა უფალი თქვენს გამო და ასე მითხრა: „შენც არ შეხვალ იქ. 38 იესო, ძე ნავესი, რომელიც შენს წინაშე დგას, შევა იქ. გაამხნევე, რადგან ის დაუმკვიდრებს მას ისრაელს. 39 და თქვენი პატარები, რომლებზეც ამბობდით, ნადავლად გადიქცევიანო, და ძენი თქვენნი, რომლებმაც დღეს ავი და კარგი არ იციან, ისინი შევლენ იქ, და მათ მივცემ მას, და ისინი დაიმკვიდრებენ მას. 40 და თქვენ მიბრუნდით და გაემგზავრეთ უდაბნოში, მეწამული ზღვის გზით.” 41 და მომიგეთ მე და მითხარით: „შევცოდეთ უფალს. წავალთ და ვიბრძოლებთ, როგორც გვიბრძანა უფალმა, ღმერთმა ჩვენმა”. და აისხით თითოეულმა თავისი საბრძოლო იარაღი, და გეიოლათ მთაზე ასვლა. 42 და მითხრა უფალმა: „უთხარი მათ: ‘ნუ ახვალთ და ნურც იბრძოლებთ, რადგან თქვენს შორის არა ვარ მე, რათა არ მოისრათ თქვენს მტერთა წინაშე’”. 43 და გელაპარაკეთ და არ ისმინეთ, და წინ აღუდექით უფლის ბრძანებას, და გაკადნიერდით და ახვედით მთაზე. 44 და გამოვიდნენ ამორეველნი, რომელნიც მკვიდრობდნენ იმ მთაზე, თქვენს წინააღმდეგ, და დაგესივნენ, როგორც ფუტკარმა იცის, და მუსრი გაგავლეს სეყირში ვიდრე ხორებამდე. 45 და დაბრუნდით და ტიროდით უფლის წინაშე. და ყურად არ იღო უფალმა თქვენი ხმა და არ შეისმინა თქვენი. 46 და დაყავით კადეშში მრავალი დღე, იმდენი დღე, რამდენიც დაყავით.”
რიცხვნი თავი მეორე