ლევიანნი
201 და ელაპარაკებოდა უფალი მოსეს და უთხრა: 2 უთხარი ისრაელის ძეთ: ყოველი კაცი ისრაელიანთაგან და ხიზანთაგან, რომელიც მკვიდრობს ისრაელში, ვინც მისცემს თავის შვილებს მოლექს, სიკვდილით მოკვდება. ამ ქვეყნის ხალხმა ქვით ჩაქოლოს იგი. 3 მე მივაპყრობ ჩემს სახეს იმ კაცს და მოვსპობ მას მისი ხალხის წიაღიდან, რადგან მან მისცა თავისი თესლიდან მოლექს, და ამით გააუწმიდურა ჩემი საწმიდარი და შებილწა ჩემი წმიდა სახელი. 4 და თუ ამ ქვეყნის ხალხი აარიდებს თვალს მას, როცა იგი მისცემს თავისი თესლიდან მოლექს, და არ მოკლავს მას, 5 მე მივაპყრობ ჩემს სახეს იმ კაცს და მის მოდგმას, და მოვსპობ მას და ყველას, ვინც მრუშობს მის კვალდაკვალ, და ყველა მემრუშეს, რომლებიც დადიან მოლექის კვალდაკვალ, მოვსპობ მათი ხალხის წიაღიდან. 6 და თუ ვინმე მიმართავს მესულთანეებს და მჩხიბავებს მათ კვალდაკვალ სამრუშოდ, მე მივაპყრობ ჩემს სახეს და მოვკვეთ მას მისი ხალხიდან. 7 განიწმიდენით და იყავით წმიდა, რადგან მე ვარ უფალი, ღმერთი თქვენი. 8 დაიცავით ჩემი წესები და აღასრულეთ ისინი, რამეთუ მე ვარ უფალი, განმწმედელი თქვენი. 9 ვინც თავის მამას და დედას შეუარცხყოფს, უნდა მოკვდეს. თავისი მამა და თავისი დედა შეურაცხყო მან – მასზეა მისი სისხლი. 10 ვინც იმრუშებს თავისი მოყვასის ცოლთან, ორვე სიკვდილით უნდა მოიკლას, მრუში მამაკაციც და მრუში დედაკაციც. 11 ვინც დაწვება თავისი მამის ცოლთან, თავისი მამის სიშიშვლე ახადა მან. სიკვდილით უნდა მოიკლან ორივენი. მათი სისხლი მათზეა. 12 ვინც დაწვება თავის რძალთან, სიკვდილით უნდა მოიკლან ორივენი. რაც მათ ქნეს, სისაძაგლეა. მათზეა მათი სისხლი. 13 თუ კაცი დაწვება მამაკაცთან, როგორც წვებიან ქალთან, სისაძაგლეს ჩაიდენს ორივე. სიკვდილით უნდა მოიკლან ისინი – მათი სისხლი მათზეა. 14 თუ ვინმე შეირთავს ცოლად დედასა და შვილს, ურჯულოებას ჩაიდენს; ცეცხლში დაწვით იგი მათთან ერთად, რათა არ იყოს ურჯულოება თქვენს შორის. 15 ვინც პირუტყვთან დაეცემა, სიკვდილით მოკალით ისიც და პირუტყვიც. 16 ქალი თუ დაეცა პირუტყვთან, მოკალით ქალიც და პირუტყვიც, მათზეა მათი სისხლი. 17 ვინმემ რომ შეირთოს თავისი და – ასული თავისი მამისა, ან ასული თავისი დედისა – და ნახოს მისი სიშიშვლე და ქალმაც ნახოს მისი სიშიშვლე, სიბილწეა ეს. და მოისპონ ისინი თავიანთი ხალხის ძეთა თვალწინ. სიშიშვლე თავისი დისა ახადა მან. სასჯელის ღირსია ის. 18 ვინც დაწვება ცოლთან მისი წიდოვნების დროს და ახდის მის სიშიშვლეს, რაკი მან გააშიშვლა მისი წყარო, ხოლო ქალმა გამოაჩინა თავისი სისხლის წყარო, მოისპოს ორივე თავისი ხალხის წიაღიდან. 19 სიშიშვლე დედის ან მამის დისა არავინ ახადოს, რადგან თავის ხორცს აშიშვლებს ის, სასჯელს იმსახურებენ ისინი. 20 ვინც დაწვა თავისი ბიძის ცოლთან, მან თავისი ბიძის სიშიშვლე ახადა. თავიანთ ცოდვას იტვირთავენ ისინი, უშვილონი უნდა დაიხოცონ. 21 ვინმემ რომ შეირთოს თავისი ძმის ცოლი, ეს შებილწვაა, სიშიშვლე თავისი ძმისა ახადა მან – უშვილონი უნდა დაიხოცონ. 22 დაიცავით ყოველი ჩემი წესი და ყოველი ჩემი სამართალი, და აღასრულეთ ისინი, და არ ამოგანთხევთ თქვენ ქვეყანა, სადაც მე მიგიყვანთ საცხოვრებლად. 23 არ მოიქცეთ იმ ერის წესებისამებრ, რომელსაც მე ვდევნი თქვენგან, რადგან ყოველივე ეს გააკეთეს მათ და მძაგს ისინი. 24 გითხარით: თქვენ დაიმკვიდრებთ მათ მიწას და მე მოგცემთ მას თქვენ სამკვიდროდ, ქვეყანას, სადაც მოედინება რძე და თაფლი; მე ვარ უფალი, ღმერთი თქვენი, რომელმაც ამოგარჩიათ თქვენ ყველა ერისაგან. 25 განასხვავეთ წმიდა და უწმიდური პირუტყვი და უწმიდური და წმიდა ფრინველი და არ შეიბილწოთ პირუტყვით და ფრინველით, და იმით, რაც ქვემძრომობს დედამიწაზე, რომელიც მე გამოვაცალკევე, როგორც უწმიდური. 26 იყავით ჩემთვის წმიდები, რადგან წმიდა ვარ მე, უფალი, და მე გამოგაცალკევეთ სხვა ერებისაგან, რათა ჩემი ერი იყოთ. 27 მამაკაცი ან დედაკაცი თუ აღმოჩნდეს მესულთანე ან მჩხიბავი, უნდა მოკვდეს: ქვებით ჩაიქოლონ ისინი და მათზე იქნება მათი სისხლი.