ლევიანნი 24

By
აპრილი 27, 2015
ძველი აღთქმა
ლევიანნი

241 და უთხრა უფალმა მოსეს: 2 „უბრძანე ისრაელის ძეთ და მოგართვან შენ სუფთა ზეთი, გამოწურული, ლამპრის ასანთებად, მუდმივად, რომ ენთოს. 3 აარონმა დადგას იგი მოწმობის ფარდის გარეთ საკრებულო კარავში უფლის წინაშე, საღამოდან დილამდის, მუდმივად; ეს საუკუნო წესია თქვენს თაობებში. 4 წმიდა სასანთლეზე განალაგოს მან კანდელები უფლის წინაშე მუდმივად. 5 „აიღე წმიდა პურის ფქვილი და გამოაცხვე მისგან თორმეტი კვერი. ეფის ორი მეათედი იყოს ერთი კვერი. 6 და დააწყვე ისინი უფლის წინაშე ორ წყებად, ექვს-ექვსი თითო წყებაში, სუფთა მაგიდაზე. 7 და დადე თითოეულ წყებაში სუფთა გუნდრუკი. და იქნება პურთან მოსახსენებლად, საცეცხლო მსხვერპლად უფლისათვის. 8 ყოველ შაბათ დღეს განალაგონ ის უფლის წინაშე მუდმივად, ისრაელის ძეთაგან საუკუნო აღთქმად. 9 და ეს იყოს აარონისა და მის ძეთათათვის, და მათ უნდა ჭამონ ის წმიდა ადგილზე, რადგან ეს წმიდათა წმიდაა მისთვის უფლის საცეცხლო მსხვერპლთაგან. საუკუნო წესია.” 10 გამოვიდა ძე ისრაელიანი ქალისა, და იყო იგი ძე ეგვიპტელი კაცისა, ისრაელის ძეთა შორის, და წაეჩხუბა ბანაკში ისრაელიანი ქალის ძე ისრაელიან კაცს. 11 და დაწყევლა ისრაელიანი ქალის ძემ უფლის სახელი და მიიყვანეს იგი მოსესთან. (და სახელი მისი დედისა იყო შელომითი, ასული დიბრისა, დანის ტომიდან.) 12 და ჩასვეს ის საპყრობილეში, რომ განეკითხათ იგი უფლის ბრძანებისამებრ. 13 და უთხრა უფალმა მოსეს: 14 „გაიყვანე დამაწყევარი ბანაკს გარეთ, და ყველამ, ვინც კი ისმინა, დაადოს თავისი ხელი მას თავზე, და ჩაქოლოს იგი მთელმა თემმა. 15 ისრაელის ძეთ უთხარი ასე: ‘ყოველი, რომელიც დაწყევლის თავის ღმერთს, იტვირთებს თავის ცოდვას. 16 და ვინც დაგმობს უფლის სახელს, სიკვდილით მოკვდეს. ქვის ჩაქოლვით ჩაქოლოს ის მთელმა თემმა. როგორც ხიზანი, ასევე მკვიდრი, უფლის სახელის გმობისათვის მოკვდეს! 17 „‘თუ ვინმე სცემს კაცს სასიკვდილოდ, სიკვდილით მოკვდეს იგი. 18 სასიკვდილოდ მცემელმა პირუტყვისა, უნდა ზღოს იგი: პირუტყვი პირუტყვის წილ. 19 ვინმე თუ დაასახიჩრებს თავის მოყვასს, როგორც მან გააკეთა, ეგრევე გაუკეთონ მას. 20 მოტეხილობა მოტეხილობის წილ, კბილი კბილის წილ. როგორც დაასახიჩრებს იგი ადამიანს, ეგრევე გაუკეთეთ მას. 21 პირუტყვის მკვლელმა უნდა ზღოს იგი, ხოლო ადამიანის მკვლელი უნდა მოკვდეს. 22 ერთი სამართალი გქონდეთ თქვენ, როგორც ხიზნისთვის, ასევე მკვიდრისათვის, რადგან მე ვარ უფალი, ღმერთი თქვენი.’” 23 ეს უთხრა მოსემ ისრაელის ძეთ. და გაიყვანეს დამაწყევარი, ბანაკის გარეთ და ჩაქოლეს ქვით. და გააკეთეს ისრაელის ძეთ, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.

თავი ოცდამესამე                                                                                                                             თავი ოცდამეხუთე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close