მეორე რჯული 25

აპრილი 28, 2015
ძველი აღთქმა
მეორე რჯული
251 თუ ადამიანებს შორის დავა ჩამოვარდება, წარადგინონ ისინი სამსჯავროს წინაშე. და განსჯიან მათ, და მართალს გაამართლებენ, და დამნაშავეს ბრალს დასდებენ, 2 და თუ ცემის ღირსი იქნება დამნაშავე, მაშინ წამოაქცევინოს იგი მოსამართლემ და აცემინოს თავის წინაშე, მისი დანაშაულის კვალობაზე, თვლით. 3 ორმოცჯერ დაარტყან, მეტად არა, თორემ, თუ გადააჭარბეს და ბევრი ურტყეს, დამცირდება შენი მოძმე შენს თვალში. 4 ლეწვისას პირს ნუ აუკრავ ხარს. 5 თუ ძმები ერთად ცხოვრობენ და მოკვდება ერთი მათგანი, და შვილი არ დარჩება, მაშინ მკვდრის ცოლი არ უნდა მისთხოვდეს უცხო კაცს, გარეთ, არამედ მისი მაზლი მივიდეს მასთან და შეირთოს იგი ცოლად, და შეუსრულოს მას მაზლობის წესი. 6 და პირმშო, რომელსაც ქალი გააჩენს, აღადგენს მისი მკვდარი ძმის სახელს, რომ არ წარიხოცოს მისი სახელი ისრაელიდან. 7 მაგრამ თუ არ ისურვებს ეს კაცი თავისი რძლის შერთვას, ავიდეს მისი რძალი ქალაქის კარიბჭესთან, უხუცესებთან, და თქვას: „არ სურს ჩემს მაზლს სახელი აღუდგინოს თავის ძმას ისრაელში, არ სურს მას ჩემი შერთვა”. 8 და დაიბარებენ მას მისი ქალაქის უხუცესები და მოელაპარაკებიან მას. და თუ ადგება ის და იტყვის: „არ მსურს მისი შერთვა”, 9 მივა მასთან რძალი უხუცესთა თვალწინ და გახდის მას ფეხსაცმელს ფეხზე და შეაფურთხებს სახეში, და ეტყვის: „ასე ექცევიან კაცს, რომელიც არ აშენებს თავისი ძმის სახლს”, 10 და დაერქმევა სახელად ისრაელში: „სახლი ფეხთგახდილისა”. 11 თუ კაცები ერთმანეთს წაეჩხუბებიან და ერთ-ერთის ცოლი ახლოს მივა მცემელის ხელიდან თავისი ქმრის გამოსახსნელად, და გაიშვერს ხელს და კაცის სარცხვენელს მოეჭიდება, 12 მოკვეთე მტევანი. ნუ შეიწყალებს მას შენი თვალი. 13 ნუ გექნება ქისაში ორგვარი საწონი – დიდი და მცირე. 14 ნუ გექნება სახლში ორგვარი საწყაო – დიდი და მცირე. 15 საწონი სრული და სწორი გქონდეს, საწყაო სრული და სწორი გქონდეს, რათა დღეგრძელი იყო მიწაზე, რომელსაც უფალი, შენი ღმერთი, გაძლევს შენ, 16 რადგან საძაგელია უფლის, შენი ღმერთისთვის, ვინც ამას აკეთებს, ვინც უსამართლობას სჩადის. 17 გაიხსენე, რა გიყო ყამალეკმა გზაზე, როცა ეგვიპტიდან გამოდიოდით, 18 როგორ დაგიხვდა გზაზე და კუდი მოგწყვიტა. შენ კი დაღლილი და ღონემიხდილი იყავი, და არ შეეშინდა მას ღვთისა. 19 და როცა მოგასვენებს უფალი, შენი ღმერთი, ყველა შენი გარეშემო მტრისაგან ქვეყნაში, რომელსაც უფალი, შენი ღმერთი, გაძლევს დასამკვიდრებლად, წაშალე ხსოვნა ყამალეკისა ცისქვეშეთიდან, არ დაგავიწყდეს.
თავი ოცდამეოთხე                                                                                                                           თავი ოცდამეექვსე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close