მეორე რჯული 27

აპრილი 28, 2015
ძველი აღთქმა
მეორე რჯული
271 და უბრძანა მოსემ და ისრაელის უხუცესებმა ერს: “დაიცავი ყოველი მცნება, რომელსაც მე გიბრძანებ დღეს. 2 და იმ დღეს, როდესაც გადახვალთ იორდანეზე იმ ქვეყანაში, რომელსაც უფალი, შენი ღმერთი, გაძლევს შენ, დაიდგი დიდი ქვები და კირით შემოლესე. 3 და დაწერე მათზე ყველა სიტყვა ამ რჯულისა, როცა გადახვალ იორდანეს, რათა შეხვიდეთ იმ ქვეყანაში, რომელსაც უფალი, შენი ღმერთი, გაძლევს, ქვეყანაში, სადაც მოედინება რძე და თაფლი, როგორც თქვა უფალმა, შენი მამების ღმერთმა. 4 და როცა გადახვალთ იორდანეს, დადგი ის ქვები, რომლებზეც გიბრძანებ დღეს, ღებალის მთაზე და კირით შემოლესე ისინი. 5 და აუგე იქ სამსხვერპლო უფალს, შენს ღმერთს, ქვის სამსხვერპლო, ნუ შემართავ მათზე რკინას. 6 მთელ-მთელი ქვებით ააგე უფლის, შენი ღმერთის, სამსხვერპლო და აღუვლინე მასზე სრულადდასაწველები უფალს, შენს ღმერთს. 7 და შესწირე სამშვიდობო მსხვერპლები, და ჭამე იქ, და გაიხარე უფლის, შენი ღმერთის, წინაშე. 8 და დაწერე ქვებზე ამ რჯულის ყველა სიტყვა ძალიან მკაფიოდ.” 9 და უთხრეს მოსემ და ლევიანმა მღვდლებმა მთელ ისრაელს: „გაიგონე და ისმინე, ისრაელ! ამ დღეს გახდი უფლის, შენი ღმერთის, ერი. 10 და ისმინე უფლის, შენი ღმერთის, ხმა და შეასრულე მისი მცნებანი და მისი წესები, რომელთაც მე გიბრძანებ დღეს.” 11 და უბრძანა მოსემ ხალხს იმ დღეს და უთხრა: 12 „ესენი იდგნენ გერიზიმის მთაზე ხალხის საკურთხებლად, როცა გადახვალ იორდანეს: სიმონი, ლევი, იუდა, ისაქარი, იოსები და ბენიამინი. 13 და ესენი იდგნენ ღებალის მთაზე დასაწყევლად: რეუბენი, გადი, აშერი, ზებულუნი, დანი და ნაფთალი. 14 და ლევიანები მიუგებენ და ეტყვიან მთელ ისრაელს ხმამაღლა: 15 ‘წყეულიმც იყოს ის კაცი, ვინც გააკეთოს ქანდაკი ან ჩამოსხმული კერპი, ხელოსნის ხელით ნაკეთები, და დადგას ფარულად!’ და მიუგებს მთელი ერი და იტყვის: ‘ამინ!’ 16 ‘წყეულიმც იყოს შეურაცხმყოფელი თავისი მამისა და თავისი დედისა!’ და იტყვის მთელი ერი: ‘ამინ!’ 17 ‘წყეულიმც იყოს მოყვასის სამანის გადამწევი!’ და იტყვის მთელი ერი: ‘ამინ!’ 18 ‘წყეულიმც იყოს ბრმის გზიდან ამცდენი!’ და იტყვის მთელი ერი: ‘ამინ!’ 19 ‘წყეულიმც იყოს, ვინც გაამრუდოს სამართალი ხიზნისა, ობლისა და ქვრივისა!’ და იტყვის მთელი ერი: ‘ამინ!’ 20 ‘წყეულიმც იყოს თავის მამის ცოლთან დამწოლი, რადგან მან მამას კალთა გადაუწია!’ და იტყვის მთელი ერი: ‘ამინ!’ 21 ‘წყეულიმც იყოს რომელიმე პირუტყვთან დამწოლი!’ და იტყვის მთელი ერი: ‘ამინ!’ 22 ‘წყეულიმც იყოს თავის დასთან, თავისი მამის ასულთან ან თავისი დედის ასულთან დამწოლი!’ და იტყვის მთელი ერი: ‘ამინ!’ 23 ‘წყეულიმც იყოს თავის სიდედრთან დამწოლი!’ და იტყვის მთელი ერი: ‘ამინ!’ 24 ‘წყეულიმც იყოს თავისი მოყვასის ფარულად მკვლელი!’ და იტყვის მთელი ერი: ‘ამინ!’ 25 ‘წყეულიმც იყოს ქრთამის ამღები კაცის მოსაკლავად და უბრალო სისხლის დასაღვრელად!’ და იტყვის მთელი ერი: ‘ამინ!’ 26 ‘წყეულიმც იყოს, ვინც არ დაუდგება ამ რჯულის სიტყვებს მათ შესასრულებლად!’ და იტყვის მთელი ერი: ‘ამინ!’”
თავი ოცდამეექვსე                                                                                                                                თავი ოცდამერვე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close