1 მეფეთა 11

მაისი 4, 2015
ძველი აღთქმა
1 მეფეთა
111 წამოვიდა ნახაშ ყამონელი და შემოადგა გილყადის იაბეშს. უთხრეს იაბეშელებმა ნახაშს: „შეკარი კავშირი ჩვენთან და დაგემორჩილებით.” 2 უთხრა მათ ნახაშ ყამონელმა: „ჯერ ყველას მარჯვენა თვალებს დაგთხრით, რომ სირცხვილი ვაჭამო მთელს ისრაელს, და მერე შევკრავ თქვენთან კავშირს.” 3 უთხრეს იაბეშის უხუცესებმა: „შვიდი დღე მოგვეცი, რომ მოციქულები დავგზავნოთ მთელს ისრაელში და, თუ არავინ იქნა ჩვენი მხსნელი, გამოვალთ თქვენს წინააღმდეგ.” 4 მივიდნენ მოციქულები საულის გიბყაში და გამოუცხადეს ეს ამბავი ხალხს. ახმაურდა ხალხი და მორთო ტირილი. 5 აჰა, საულიც მოდის, ხარებს მოჰყვება ყანიდან. იკითხა საულმა: „რა მოუვიდა ხალხს, რა ატირებს?” ამცნეს იაბეშელთა ნათქვამი. 6 ამ სიტყვების გაგონებისას ღვთის სული გადმოვიდა საულზე და ძლიერ განრისხდა იგი. 7 ადგა და აკუწა ორივე ხარი და იმ მოციქულების ხელით დაგზავნა მთელს ისრაელში, შეუთვალა: „ვინც საულსა და სამუელს არ გაჰყვება, ასე მოუვა მის ხარებს.” უფლის შიში დაეცა ხალხს და გამოვიდნენ, როგორც ერთი კაცი. 8 აღრიცხა ისინი ბეზეკში: ისრაელის ძენი სამასი ათასი იყვნენ, იუდას ხალხი – ოცდაათი ათასი. 9 უთხრეს მოსულ მოციქულებს: „ასე უთხარით გილყადის იაბეშის ხალხს: ‘ხვალ, მზე რომ დააცხუნებს, იქნება ხსნა.’” მივიდნენ მოციქულები და შეატყობინეს იაბეშელებს, და მათაც გაიხარეს. 10 შეუთვალეს იაბეშელებმა: „ხვალ გამოვალთ თქვენს წინააღმდეგ და გვიყავით, რაც გენებოთ.” 11 მეორე დღეს სამ რაზმად დაჰყო საულმა ხალხი და დილის სახმილავზე შევიდნენ შუაგულ ბანაკში და შუადღის პაპანაქებამდე გაწყვიტეს ყამონელები. გადარჩენილნი კი ისე დაიფანტნენ, რომ მათში ორი ერთად არ დარჩენილა. 12 უთხრა ხალხმა სამუელს: „ვინ ამბობდა, ნუთუ საულმა უნდა იმეფოსო ჩვენზე? მოგვეცი ის ხალხი, რომ დავხოცოთ.” 13 უთხრა საულმა: „ერთი კაციც არ მოკვდება დღეს, რადგან ხსნა მოავლინა უფალმა დღეს ისრაელში.” 14 უთხრა სამუელმა ხალხს: „წამოდით, წავიდეთ გილგალში და განვაახლოთ იქ მეფობა.” 15 წავიდა მთელი ხალხი გილგალს, და გაამეფეს იქ საული უფლის წინაშე გილგალში, და შესწირეს იქ სამშვიდობო მსხვერპლი უფლის წინაშე. და ძლიერ გაიხარა იქ საულმა და ყველა ისრაელის ძემ.
თავი მეათე                                                                                                                                       თავი მეთორმეტე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close