1 მეფეთა 16

მაისი 4, 2015
ძველი აღთქმა
1 მეფეთა
161 და უთხრა უფალმა სამუელს: „როდემდის უნდა წუხდე საულის გამო? ხომ მოვიძულე იგი ისრაელზე მეფობისგან? აავსე შენი რქა ზეთით და წადი. ბეთლემელ იესესთან გგზავნი, რადგან მის შვილთა შორის დავინახე ჩემთვის მეფე.” 2 და თქვა სამუელმა: „როგორ წავიდე? გაიგებს საული და მომკლავს.” და უთხრა უფალმა: „წაიყვანე ნახირიდან ხბო შენი ხელით და თქვი: უფლისთვის მსხვერპლის შესაწირავად მოვედი-თქო.” 3 და მსხვერპლთან დაუძახე იესეს და მე გასწავლი, რაც უნდა გააკეთო. ზეთს მიცხებ მას, ვისზედაც გეტყვი.” 4 და გააკეთა ყველაფერი სამუელმა, რაც ბრძანა უფალმა. როცა მოვიდა სამუელი ბეთლემს, ძრწოლითით გამოეგებნენ ქალაქის უხუცესები და უთხრეს: „სამშვიდობოა შენი მოსვლა?” 5 თქვა სამუელმა: „სამშვიდობოა. მსხვერპლის შესაწირავად მოვედი. განიწმიდენით და მსხვერპლთან წამომყევით.” განწმიდა სამუელმა იესე და მისი ვაჟები და მსხვერპლთან მიიწვია ისინი. 6 და როცა მოვიდნენ, დაინახა სამუელმა ელიაბი და თქვა: „აჰა, უფლის წინაშეა მისი ცხებული.” 7 და უთხრა უფალმა სამუელს: „ნუ უყურებ მის გარეგნობას და ტანის სიმაღლეს, რადგან მე განვაყენე იგი, რადგან ისე არ არის, როგორც კაცი ხედავს. რადგან კაცი მხოლოდ იმას ხედავს, რაც სააშკარაოზეა, ხოლო უფალი გულს ხედავს.” 8 და დაუძახა იესემ აბინადაბს და სამუელის წინ ჩაატარა იგი. თქვა სამუელმა: „არც ეს აურჩევია უფალს.” 9 და ჩამოატარა იესემ შამა და თქვა სამუელმა: „არც ის აურჩევია უფალს.” 10 და ჩამოატარა იესემ თავისი შვიდი ვაჟიშვილი სამუელის წინ და უთხრა სამუელმა იესეს: „არ აურჩევია ესენი უფალს.” 11 და უთხრა სამუელმა იესეს: „სულ აქ არიან შენი ყმაწვილები?” და თქვა: „კიდევ დარჩა უმცროსი, მაგრამ ცხვარშია ახლა.” და უთხრა სამუელმა იესეს: „გაგზავნე და მოაყვანინე, რადგან სადილად არ დავსხდებით, ვიდრე აქ არ მოვა იგი.” 12 და გაგზავნა და მოაყვანინა. და წითური იყო, ლამაზი თვალები ჰქონდა და საამო სახე. თქვა უფალმა: „ადექი, სცხე მას, რადგან სწორედ ეს არის.” 13 და აიღო სამუელმა ზეთი რქით და სცხო მას მის ძმებს შორის. და ამ დღიდან და მერეც უფლის სული წარუმართავდა დავითს. და ადგა სამუელი და წავიდა რამას. 14 და განეშორა საულს უფლის სული და დაუწყო მას წვალება ბოროტმა სულმა უფლისაგან. 15 და უთხრეს მისმა მსახურებმა საულს: „აჰა, ბოროტი სული ღვთისგან გაშფოთებს შენ. 16 უბრძანოს ჩვენმა ბატონმა შენს მსახურთ, მოძებნონ კაცი, ქნარზე დამკვრელი და, როცა შემოგაწვება ბოროტი სული ღვთისგან, დაუკრავს და შვება მოგეცემა.” 17 და უთხრა საულმა თავის მსახურთ: „მომიძებნეთ კაცი, კარგად რომ უკრავდეს ქნარი, და მომიყვანეთ.” 18 და მიუგო ერთმა მსახურთაგანმა და უთხრა: „აჰა, მინახავს ბეთლემელი იესეს შვილი, იცის ქნარზე დაკვრა, ქველი და მამაცი კაცია, სიტყვაგონიერი და ლამაზი, უფალია მასთან.” 19 და გაგზავნა საულმა მოციქულები იესესთან და დააბარა: „გამომიგზავნე დავითი, შენი ვაჟი, ცხვარში რომ გყავს.” 20 და აჰკიდა იესემ სახედარს პური და ერთი ტიკი ღვინო, გამოიყვანა ერთი თიკანი და გაატანა დავითს, თავის შვილს, საულთან. 21 და მივიდა დავითი საულთან და დადგა მის წინაშე. და ძალზე შეიყვარა იგი საულმა და თავის საჭურველთმტვირთველად დანიშნა. 22 და შეუთვალა საულმა იესეს: „დარჩეს ჩემთან დავითი და იდგეს ჩემს წინაშე, რადგან მადლი ჰპოვა ჩემს თვალში.” 23 და როცა კი შემოაწვებოდა ბოროტი სული ღვთისგან საულს, აიღებდა დავითი ქნარს და უკრავდა, და ამოისუნთქავდა საული და უკეთ ხდებოდა, გაეცლებოდა ბოროტი სული.
თავი მეთხუთმეტე                                                                                                                            თავი მეჩვიდმეტე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close