1 მეფეთა 20

მაისი 4, 2015
ძველი აღთქმა
1 მეფეთა
201 და გაიქცა დავითი რამას ნაიოთიდან, მივიდა და უთხრა იონათანს:„რა გავაკეთე, რა დავაშავე, რა შევცოდე მამაშენს, მოსაკლავად რომ დამდევს?” 2 და უთხრა: „ღმერთმა დაგიფაროს, არ მოკვდები! ახლა ყური მიგდე: არაფერ საქმეს, დიდი იქნება თუ მცირე, არ აკეთებს მამაჩემი, მე თუ არ გამიმხილა. რატომ დამიმალავდა მამაჩემი ამ საქმეს? ეს არ მოხდება.” 3 და კვლავ დაიფიცა დავითმა და თქვა: „კარგად იცის მამაშენმა, რომ მადლი ვპოვე შენს თვალში, ამიტომ ამჯობინა, არ გაეგო ეს იონათანს, რომ არ დამწუხრებულიყო. უფალს და შენს თავს ვფიცავ, თუ ერთი ნაბიჯი არ იყოს ჩემსა და სიკვდილს შორის.” 4 და უთხრა იონათანმა დავითს: „რასაც შენი გული იტყვის, იმას გავაკეთებ შენთვის.” 5 და უთხრა დავითმა იონათანს: „აჰა, ხვალ ახალმთვარობაა. წესისამებრ, პურის საჭმელად უნდა ვიჯდე მეფესთან. გამიშვი, რომ დავიმალო მინდვრად ზეგ საღამომდე. 6 და თუ მომიკითხა მამაშენმა, უთხარი: დავითმა მთხოვა ბეთლემში, ჩემს ქალაქში, მეჩქარება, საწელიწადო მსხვერპლთშეწირვა გვაქვსო მთელს საგვარეულოს. 7 თუ თქვა: ‘კეთილი’, მაშინ მშვიდობით იქნება შენი მსახური; ხოლო თუ განრისხდა, იცოდე, ავი საქმე გადაუწყვეტია. 8 მიყავი სიკეთე შენს მსახურს, რაკი უფლის აღთქმით მიგიღივარ შენი მსახური: ბარემ შენ მომკალი, თუ რამე დანაშაული მაქვს. რისთვის უნდა მიმიყვანო მამაშენთან?” 9 და თქვა იონათანმა: „დარდი ნუ გაქვს. როგორ იქნება, არ შეგატყობინო, თუ კი გავიგე, რომ ავი საქმე გადაუწყვეტია შენთვის მამაჩემს.” 10 და უთხრა დავითმა იონათანს: „ვინ შემატყობინებს, მკაცრი პასუხი თუ გაგცა მამაშენმა?” 11 და უთხრა იონათანმა დავითს: „წამო, მინდორში გავიდეთ.” და გავიდნენ ორთავენი მინდორში. 12 და უთხრა იონათანმა დავითს: „უფალი, ისრაელის ღმერთი, იყოს მოწამე, რომ ხვალ ან ზეგ ამ დროს გავიგებ მამაჩემისაგან, კეთილი თვალით უყურებს თუ არა დავითს. ხოლო თუ არავინ გამოვგზავნე შენთან და ცხადად არ გაგიმხილე, 13 ასე და ასე უყოს უფალმა იონათანს და უარესიც. თუ ნებავს მამაჩემს ბოროტება შენთვის, გაგიმხელ და გაგიშვებ, რომ მშვიდობით წახვიდე. უფალი იყოს შენთან, როგორც მამაჩემთან იყო. 14 და შენც, თუ ცოცხალი ვიქენი, მადლი მიყავი უფლის გულისათვის. 15 თუ მოვკვდი, უკუნისამდე ნუ მოაკლებ შენს წყალობას ჩემს სახლს; ნურც მაშინ, როცა აღგვის უფალი სათითაოდ დავითის მტრებს პირისაგან მიწისა.” 16 და დადო აღთქმა იონათანმა დავითის სახლთან: „დავითის მტრებს აგებინოს პასუხი უფალმა!” 17 და კიდევ თავისი მისდამი სიყვარულით დააფიცა იონათანმა დავითი, რადგან საკუთარი თავივით უყვარდა იგი. 18 და უთხრა იონათანმა: „ხვალ ახალმთვარობაა. მოგიკითხავენ, რადგან ცარიელი იქნება შენი ადგილი. 19 სამ დღეს მოიცადე და მერე წადი იმ ადგილას, სადაც იმალებოდი და ყორღანთან დაჯექი. 20 სამ ისარს ვისვრი იმ მხარეს, ვითომც მიზანში ვისვრი. 21 და აჰა, ბიჭს გამოვგზავნი, წადი, ისრები მოძებნე-მეთქი. თუ ვეტყვი ბიჭს: აჰა, შენს ახლოს არის ისრები, აიღე და მომიტანე-მეთქი, მშვიდობაა შენს თავს, არაფერი არ მოხდება, უფალს გეფიცები. 22 და თუ ვეტყვი ბიჭს: აჰა, შენს იქით არის ისრები-მეთქი, წადი, რადგან გაუშვიხარ უფალს. 23 იმ საქმეზე კი, რაზეც მე და შენ ვილაპარაკეთ, უფალი იყოს ჩვენს შორის უკუნისამდე.” 24 და დაიმალა დავითი მინდორში. და დადგა ახალმთვარობის დღე და დაჯდა პურობად მეფე. 25 და დაჯდა მეფე თავის ადგილზე, კედელთან, როგორც ყოველთვის. და ადგა იონათანი და საულის გვერდით აბნერი დაჯდა. დავითის ადგილი კი თავისუფალი იყო. 26 არაფერი უთქვამს მეფეს იმ დღეს, რადგან იფიქრა, შემთხვევა არისო. განუწმედელი იქნება, არ განწმედილაო ალბათ. 27 ახალმთვარობის მეორე დღესაც თავისუფალი იყო დავითის ადგილი. და უთხრა საულმა იონათანს, თავის ძეს: „რატომ არ მოვიდა პურობად იესეს ძე არც გუშინ და არც დღეს?” 28 და მიუგო იონათანმა საულს: „ბეთლემში წასასვლელად დამეთხოვა დავითი. 29 და მითხრა: გამიშვი, რადგან საგვარეულო მსხვერპლთშეწირვა გვაქვს ქალაქში. ძმამ შემომითვალაო. ახლა, თუ მადლი მიპოვნია შენს თვალში, დამანებე წასვლა, რომ მოვინახულო ჩემი ძმებიო, ამიტომ არ მოსულა სამეფო სუფრაზე.” 30 და განურისხდა საული იონათანს და უთხრა: „შე ურჩო და უკუღმართო! განა არ ვიცი, რომ მეგობრად მოჰკიდებიხარ იესეს ვაჟს შენდა სამარცხვინოდ და დედაშენის შესარცხვენად. 31 რადგან, ვიდრე ცოცხალია იესეს ძე ამქვეყნად, ვერც შენ განმტკიცდები და ვერც შენი მეფობა განმტკიცდება. ახლა აქ მომიყვანე, რადგან სიკვდილის ღირსია.” 32 და მიუგო იონათანმა საულს, თავის მამას: „რისთვის უნდა მოკვდეს, რა გააკეთა?” 33 და სტყორცნა საულმა მას შუბი მოსაკლავად. და მიხვდა იონათანი, რომ გადაწყვეტილი ჰქონია მამამისს დავითის მოკვლა. 34 და ადგა იონათანი სუფრიდან, რისხვამორეული. არ უჭამია პური ახალმთვარობის მეორე დღეს, რადგან წუხდა დავითზე, ასე რომ შეურაცხყო მამამისმა. 35 მეორე დილას გავიდა იონათანი მინდორში დავითთან დათქმულ დროზე, პატარა ბიჭიც თან ახლდა. 36 და უთხრა ბიჭს: „გაიქეცი და მომიძებნე ისრები, მე რომ ვისვრი.” და გაიქცა ბიჭი. და ისროლა იონათანმა ისრები და ყმაწვილს გადააცილა. 37 და მივიდა ბიჭი იმ ადგილას, სადამდისაც მიაწვდინა იონათანმა ისრები, 38 და მიაძახა იონათანმა ბიჭს: „ჩქარა დაბრუნდი, რას უდგეხარ?” და აკრიფა იონათანის ყმაწვილმა ისრები და მივიდა თავის ბატონთან. 39 თავად ბიჭი ვერაფერს მიხვდა. მხოლოდ იონათანისა და დავითისთვის იყო მისახვედრი ეს ამბავი. 40 და მისცა იონათანმა ბიჭს თავისი საჭურველი, თან რომ ჰქონდა, და უთხრა: „წადი, ქალაქში წაიღე!” 41 ბიჭი წავიდა, ხოლო დავითი ადგა სამხრეთის მხრიდან, და პირქვე დაეცა და სამგზის თაყვანისცა. მერე გადაკოცნეს ერთმანეთი და ატირდნენ ერთად. დავითი უფრო მეტად ტიროდა. 42 და უთხრა იონათანმა დავითს: „მშვიდობით იარე! როგორც ჩვენ ორთავემ დავიფიცეთ უფლის სახელით: უფალი იყოს ჩვენს შორის, ჩემსა და შენს შთამომავლობას შორის უკუნისამდე!”
თავი მეცხრამეტე                                                                                                                           თავი ოცდამეერთე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close