იესო ნავეს ძე
121 აი, იმ ქვეყნების მეფეები, რომლებიც მოსრეს ისრაელის ძეთ, და დაიმკვიდრეს მათი ქვეყანა იორდანეს გაღმა აღმოსავლეთისაკენ, არნონის ხევიდან ხერმონის მთამდე, და მთელი ყარაბა აღმოსავლეთისკენ. 2 სიხონი, ამორეველთა მეფე, რომელიც ხეშბონში მკვიდრობდა, იგი მართავდა ყაროყერიდან, რომელიც არის არნონის ხევის ნაპირზე, და შუა ხევიდან და გილყადის ნახევრიდან, ვიდრე იაბოკის ხევამდე, ყამონის ძეთა საზღვრამდე; 3 და ველიდან ქინეროთის ზღვამდე აღმოსავლეთისაკენ და ყარაბას ზღვამდე, მარილოვან ზღვამდე, აღმოსავლეთისაკენ ბეთ-იეშიმოთის გზამდე, და სამხრეთისაკენ ფისგას ფერდობთა ძირას. 4 და ყოგის მიწა-წყალი, ბაშანის მეფისა, რეფაიმთა ნატამალიდან, რომელიც მკვიდრობდა ყაშთაროთსა და ედრეყში. 5 და განმგებლობდა ხერმონის მთაზე და სალქაზე, და მთელ ბაშანზე, გეშურელთა და მაყაქათელთა საზღვრამდე, და გილყადის ნახევარზე, ხეშბონის მეფის, სიხონის საზღვრამდე. 6 მოსემ, უფლის მსახურმა, და ისრაელის ძეთ მოსრეს ისინი, და მისცა იგი მოსემ, უფლის მსახურმა, რეუბენის ძეთ, გადის ძეთა და მენაშეს ნახევარ ტომს სამკვიდრებლად. 7 და აი, იმ ქვეყნის მეფენი, რომელნიც მოსრეს იესომ და ისრაელის ძეთ იორდანეს გაღმა, დასავლეთით, ბაყალ-გადიდან ლიბანის ველზე ვიდრე ხალაკის მთამდე, რომელიც მიემართება სეყირისაკენ. და მისცა იგი იესომ ისრაელის ტომებს სამკვიდრებლად, მათი დასების მიხედვით, 8 მთაში, ბარში და ყარაბაში, და ფერდობებზე, და უდაბნოში, და სამხრეთში, ხეთელებთან, ამორეველებთან და ქანაანელებთან, ფერიზელებთან, ხიველებთან და იებუსელებთან: 9 იერიხოს მეფე – ერთი; მეფე ჰაღაის, რომელიც ბეთელის გვერდზეა – ერთი; 10 მეფე იერუსალიმისა – ერთი; მეფე ხებრონისა – ერთი; 11 მეფე იარმუთისა – ერთი; მეფე ლაქიშისა – ერთი; 12 მეფე ყეგლონისა – ერთი; მეფე გეზერისა – ერთი; 13 მეფე დებირისა – ერთი; მეფე გედერისა – ერთი; 14 მეფე ხორმისა – ერთი; მეფე ყარადისა – ერთი; 15 მეფე ლიბნისა – ერთი; 16 მეფე მაკედასი – ერთი, მეფე ბეთელისა – ერთი; 17 მეფე თაფუახისა – ერთი; მეფე ხეფერისა – ერთი; 18 მეფე აფეკისა – ერთი; მეფე შარონისა – ერთი; 19 მეფე მადონისა – ერთი; მეფე ხაცორისა – ერთი; 20 მეფე შიმრონ-მერონისა – ერთი; მეფე აქშაფისა – ერთი; 21 მეფე თაყანაქისა – ერთი; 22 მეფე კადეშისა – ერთი; მეფე იოკნეყამისა, ქარმელში – ერთი; 23 მეფე დორისა, დორის ბორცვებთან – ერთი; მეფე გოიმისა, გილგალთან – ერთი; 24 მეფე თირცასი – ერთი.