ძველი აღთქმა
1 მეფეთა
241 როგორც კი დაბრუნდა საული ფილისტიმელთაგან, შეატყობინეს, რომ ყენგედის უდაბნოშიაო დავითი. 2 და აიყვანა საულმა მთელი ისრაელისაგან გამორჩეული სამი ათასი კაცი და წავიდა დავითისა და მისი ხალხის საძებრად სანიამორე კლდეებში. 3 და მივიდა ცხვრის ფარეხებთან გზის ნაპირას, სადაც გამოქვაბული იყო. და შევიდა შიგ საული მოსასაქმებლად, დავითი და მისი კაცები კი გამოქვაბულის შიგნით ისხდნენ. 4 და უთხრეს დავითს მისმა კაცებმა: „აჰა, ის დღეც, რომელზეც გითხრა უფალმა: ‘აჰა, ხელთ მოგცემ შენს მტრებს და უყავი მათ, რაც გენებოს.’” და წამოდგა დავითი და ფარულად მოაჭრა კიდე საულის მოსასხამს. 5 მერე კი გული ეტკინა დავითს, რომ მოაჭრა კიდე საულის მოსასხამს. 6 და უთხრა თავის ხალხს: „ღმერთმა დამიფაროს, რომ ასეთი საქმე ვუყო ჩემს ბატონს, უფლის ცხებულს! ხელს როგორ აღვმართავ მასზე, რადგან უფლის ცხებულია იგი.” 7 და ამ სიტყვებით შეაკავა თავისი კაცები დავითმა და ნება არ მისცა, თავს დასხმოდნენ საულს. ადგა და გამოვიდა საული გამოქვაბულიდან და გავიდა გზაზე. 8 და ადგა ამის შემდეგ დავითიც და გამოქვაბულიდან გამოვიდა, და მიაძახა საულს: „მეფევ ბატონო!” როცა უკან მოიხედა საულმა, მიწად დაიხარა დავითი და თაყვანისცა. 9 და უთხრა დავითმა საულს: „რატომ უგდებ ყურს ხალხის სიტყვებს: აჰა, ბოროტს გიმზადებსო დავითი? 10 ახლა ხომ შენი თვალით დაინახე, რომ მაძლევდა დღეს ხელში შენს თავს უფალი გამოქვაბულში, და მეუბნებოდნენ: მოკალიო, მაგრამ შეგიბრალე და ვთქვი: ხელს არ აღვმართავ ჩემს ბატონზე, რადგან უფლის ცხებულია-მეთქი. 11 შეხედე, მამაჩემო, და დააკვირდი შენი მოსასხამის კიდეს, ხელში რომ მიჭირავს. შენს მოსასხამს კიდე მოვაჭერი, შენ კი არ მოგკალი, ამით მიხვდი, რომ არ არის ჩემში ბოროტება და ვერაგობა. არ შემიცოდავს შენს წინაშე, შენ კი ჩემს სულს ეძებ, რომ წამართვა იგი. 12 უფალმა განგვსაჯოს და უფალმა მოგიზღოს სამაგიერო ჩემს გამო. მე კი შენზე ხელს არ აღვმართავ. 13 როგორც ძველი იგავი ამბობს: ბოროტისგან ბოროტება გამოდისო. მე კი შენზე ხელს არ აღვმართავ. 14 ვის წინააღმდეგ გამოვიდა ისრაელის მეფე? ვის სდევნი? მხოლოდ მკვდარ ძაღლს, მხოლოდ რწყილს რასმე! 15 უფალი იყოს მსაჯული და განგვსაჯოს ჩვენ. იგი შეხედავს და გაიკითხავს ჩემს სამართალს და მიხსნის შენი ხელიდან.” 16 და როცა დაასრულა დავითმა ამ სიტყვების ლაპარაკი საულთან, თქვა საულმა: „ეს შენი ხმაა, დავით, ჩემო შვილო?” ხმა აღიმაღლა საულმა და ატირდა. 17 და უთხრა დავითს: „მართალი ხარ ჩემთან, რადგან შენ სიკეთით მიხდიდი, მე კი ბოროტებით გიხდიდი. 18 და დღესაც გამოაჩინე, რომ კეთილად მექცევი, რადგან, როცა უფალმა ჩაგიგდო ჩემი თავი ხელში, არ მომკალი. 19 კაცი რომ თავის მტერს შეხვდება, განა მშვიდობით გაუშვებს გზაზე? უფალმა გადაგიხადოს სიკეთით იმის საზღაურად, რაც დღეს მიყავი. 20 ახლა კი მჯერა, რომ ნამდვილად იმეფებ, და განმტკიცდება შენს ხელში ისრაელის მეფობა. 21 ახლა კი, უფლის სახელით შემომფიცე, რომ არ ამოძირკვავ ჩემს შემდეგ ჩემს შთამომავლობას და არ გააქრობ ჩემს სახელს მამაჩემის საგვარეულოდან.” 22 და შეჰფიცა დავითმა საულს და წავიდა საული თავის სახლში. ხოლო დავითი და მისი კაცები გამაგრებულ ადგილას ავიდნენ. 23 და მოკვდა სამუელი, და შეიკრიბა მთელი ისრაელი. დაიტირეს და დამარხეს იგი თავის სახლში, რამაში. ხოლო დავითი ადგა და ფარანის უდაბნოში ჩავიდა.