ძველი აღთქმა
რიცხვნი
211 და გაიგო ქანაანელმა, ყარადის მეფემ, სამხრეთის მკვიდრმა, რომ მოდის ისრაელი ათარიმის გზით. და შეებრძოლა იგი ისრაელს, და ზოგიერთი მათგანი ტყვედ წაიყვანა. 2 და აღუთქვა ისრაელმა აღთქმა უფალს, და თქვა: „თუ ამ ხალხს ჩამიგდებ ხელში, მაშინ მათ ქალაქებს ავაოხრებ.” 3 და ისმინა უფალმა ისრაელის ხმა, და მისცა ქანაანელნი, და ააოხრეს ისინი და მათი ქალაქებიც, და უწოდეს სახელი იმ ადგილს ხორმა. 4 და დაიძრნენ ჰორის მთიდან მეწამული ზღვისაკენ მიმავალი გზით, რათა გვერდი აევლოთ ედომის ქვეყნისთვის. და ხალხმა გამოავლინა სულმოკლეობა გზაზე. 5 ლაპარაკობდა ხალხი ღმერთისა და მოსეს წინააღმდეგ: „რად გამოგვიყვანეთ ეგვიპტიდან, რომ დავიხოცოთ უდაბნოში? რადგან არაა პური და არც წყალი, და ჩვენს სულს შესძაგდა ეს უვარგისი საჭმელი.” 6 და მოუვლინა უფალმა ხალხს შხამიანი გველები და დაკბინეს ხალხი, და დაიხოცა მრავალი ისრაელიანი. 7 და მივიდა ხალხი მოსესთან და უთხრა მას: „შევცოდეთ, რადგან ვილაპარაკეთ უფლისა და შენს წინააღმდეგ. ილოცე უფლის მიმართ, მოაშოროს ჩვენგან გველი.” და ილოცა მოსემ ხალხისათვის. 8 და უთხრა უფალმა მოსეს: „გააკეთე შენთვის გველი და დაამაგრე იგი დროშაზე, და ყოველი დაგესლილი, ვინც მას შეხედავს, ცოცხალი დარჩება.” 9 და გააკეთა მოსემ სპილენძის გველი, და დადო იგი დროშაზე. და თუ დაგესლავდა გველი კაცს და შემდეგ შეხედავდა იგი სპილენძის გველს, ცოცხალი რჩებოდა. 10 და აიყარნენ ისრაელის ძენი და დაიბანაკეს ობოთში. 11 და აიყარნენ ობოთიდან, და დაიბანაკეს ყიე-ყაბარიმში, უდაბნოში, რომელიც მოაბის პირისპირაა, მზის აღმოსავლეთისკენ. 12 და იქიდან აიყარნენ და დაბანაკდნენ ზარედის ხევში. 13 იქიდან აიყარნენ და დაბანაკდნენ უდაბნოში, არნონის მიღმა, რომელიც გამოდის ამორეველთა საზღვრიდან. რადგან არნონი საზღვარია მოაბისა, მოაბსა და ამორეველთა შორის. 14 ამისათვის ნათქვამია უფლის ბრძოლების წიგნში: ვაჰები სუფაში და ხევნი არნონისა, 15 და ქანობი ნაკადებისა, რომელიც ეშვება ყარისაკენ და ებჯინება მოაბის საზღვარს. 16 და იქიდან აიყარნენ ისინი ბეერისაკენ. ეს ის ჭაა, რომელზეც მოსეს უთხრა უფალმა: „შეკრიბე ხალხი და წყალს მივცემ მათ.” 17 მაშინ გალობდა ისრაელი ამ საგალობელს: „აღივსე, ჭაო! უგალობეთ მას. 18 ჭას, რომელიც გათხარეს მთავრებმა, გაკვალეს იგი ხალხის წინამძღვრებმა კვერთხით, თავიანთი არგნებით!” და უდაბნოდან აიყარნენ მათანასაკენ. 19 და მათანადან – ნახალიელისაკენ და ნახალიელიდან – ბამოთისაკენ, 20 და ბამოთიდან – ხეობისაკენ, რომელიც მოაბის ველზეა, ფისგას მწვერვალზე, უდაბნოს რომ გადაჰყურებს. 21 და გაუგზავნა ისრაელმა მოციქულები სიხონს, ამორეველთა მეფეს, ამ სიტყვებით: 22 „გავივლით შენს ქვეყანაზე. არ შევალთ არც ყანებში და არც ვენახებში, არც დავლევთ შენი ჭის წყალს, და ვივლით სამეფო გზაზე, ვიდრე არ გავცდებით შენს საზღვრებს.” 23 მაგრამ სიხონმა თავის საზღვრებში გავლის ნება არ მისცა ისრაელს. და შეკრიბა სიხონმა მთელი თავისი ხალხი, და გამოვიდა ისრაელის წინააღმდეგ უდაბნოში, და მივიდა იაჰცაში, და შეებრძოლა ისრაელს. 24 და განგმირა იგი ისრაელმა მახვილით, და დაეუფლა მის ქვეყანას არნონიდან იაბოკამდე, ყამონელთა ტომებამდე, რადგან ყამონელთა ტომების საზღვარი გამაგრებული იყო. 25 და აიღო ისრაელმა ყველა ეს ქალაქი და დასახლდა ისრაელი ამორეველთა ყველა ქალაქში, ხეშბონში და ყველა მის სოფელში. 26 რადგან ხეშბონი იყო ამორეველთა მეფე სიხონის ქალაქი. და იგი ებრძოდა მოაბის წინამორბედ მეფეს, და ხელიდან წაართვა მთელი ქვეყანა არნონამდე. 27 ამიტომ ამბობენ მეიგავენი: „შედით ხეშბონში, რათა აშენდეს! და განმტკიცდეს ქალაქი სიხონისა. 28 რადგან ცეცხლი გამოვიდა ხეშბონიდან ალი – სიხონის ქალაქიდან, შთანთქა მან ყარ-მოაბი, არნონის სიმაღლეთა მფლობელი. 29 ვაი შენ, მოაბო! განადგურდი ქამოშის ხალხო! მისცა მისი ძენი ლტოლვილებად და მისი ასულნი ტყვეებად ამორეველთა მეფეს, სიხონს. 30 და ჩვენ განვგმირეთ ისინი. გაწყდა ხეშბონი დიბონამდე, და ნოფახამდე ავაოხრეთ, რომელიც მედების მახლობლადაა.” 31 და დასახლდა ისრაელი ამორეველთა ქვეყანაში. 32 და გაგზავნა მოსემ მსტოვარნი იაყზერის დასაზვერად, და დაიპყრეს მათ მისი გარეუბნები, და განდევნეს ამორეველები, რომელნიც იქ იყვნენ. 33 და შემობრუნდნენ ისინი და ავიდნენ ბაშანის გზით, და ედრეყიში გამოვიდა მათ წინააღმდეგ საბრძოლველად ყოგი, ბაშანის მეფე, და მთელი მისი ხალხი. 34 და უთხრა უფალმა მოსეს: „ნუ გეშინია მისი, რადგან ხელში ჩაგიგდე იგი და მთელი მისი ხალხი და მისი ქვეყანა. მოექეცი ისე, როგორც სიხონს მოექეცი, ამორეველთა მეფეს, რომელიც მკვიდრობდა ხეშბონში.” 35 და მუსრი გაავლო მას და მის ძეებს და მთელ ხალხს, და არავინ დაუტოვეს ცოცხალი, და დაიმკვიდრეს მისი ქვეყანა.