ძველი აღთქმა
რიცხვნი
231 და უთხრა ბილყამმა ბალაკს: „ამიშენე აქ შვიდი სამსხვერპლო და მომიმზადე აქ შვიდი მოზვერი და შვიდი ვერძი.” 2 და გააკეთა ბალაკმა, როგორც ბილყამმა ილაპარაკა, და აიყვანეს ბალაკმა და ბილყამმა თითო მოზვერი და თითო ვერძი თითოეულ სამსხვერპლოზე. 3 და უთხრა ბილყამმა ბალაკს: „დადექ შენს სრულადდასაწველთან, მე კი წავალ, იქნებ შემომხვდეს უფალი, და რასაც იგი მაუწყებს, განგიცხადებ.” და წავიდა იგი მაღლობისკენ. 4 და გამოეცხადა ღმერთი ბილყამს, და ბილყამმა უთხრა მას: „მოვაწყე შვიდი სამსხვერპლო და ავიტანე თითო მოზვერი და თითო ვერძი თითოეულ სამსხვერპლოზე.” 5 და ჩაუდო უფალმა სიტყვანი ბილყამს ბაგეში, და უთხრა: „დაბრუნდი ბალაკთან და გადაეცი ეს სიტყვები.” 6 და დაბრუნდა მასთან, და აჰა, ის უდგას თავის სრულადდასაწველს მოაბის ყველა მთავართან ერთად. 7 და წარმოთქვა მან თავისი იგავი, და თქვა: „შუამდინარეთიდან მომიყვანა მე ბალაკმა, მოაბის მეფემ ‘აღმოსავლეთის მთებიდან’: წამოდი და დამიწყევლე იაკობი, წამოდი და შეაჩვენე ისრაელი.” 8 როგორ დავწყევლო? ღმერთი არ წყევლის მას. როგორ შევაჩვენო? უფალს არ შეუჩვენებია! 9 კლდეთა თხემებიდან ვხედავ მას და ბორცვთაგან მას დავცქერი: აჰა, ცხოვრობს ერი განმარტოებით და ხალხთა შორის არ ირიცხება. 10 ვინ აღრიცხავს იაკობის ქვიშას და ვინ დაითვლის ისრაელის მეოთხედს? მოკვდეს სული ჩემი მართალთა სიკვდილით, და იყოს ჩემი აღსასრული, როგორც მათი.” 11 და უთხრა ბალაკმა ბილყამს: „რა მიყავი? ჩემს მტერთა დასაწყევლად მოგიყვანე, შენ კი კურთხევით აკურთხე.” 12 და უპასუხა მან: „განა რასაც უფალი ჩამიდებს ბაგეებში, ზუსტად ის არ უნდა ვილაპარაკო?” 13 და უთხრა მას ბალაკმა: „წამოდი ჩემთან სხვა ადგილზე, საიდანაც მას დაინახავ. მაგრამ შენ დაინახავ მხოლოდ მის ნაწილს, მთელს კი ვერ დაინახავ. და დამიწყევლე ის იქიდან.” 14 და წაიყვანა იგი ცოფიმის ველზე, ფისგას მწვერვალზე, და ააშენა შვიდი სამსხვერპლო, და აიყვანა მოზვერი და ვერძი თვითეულ სამსხვერპლოზე. 15 და უთხრა მან ბალაკს: „დადექი აქ შენს სრულადდასაწველთან, მე კი იქ წავალ უფალთან შესახვედრად.” 16 და შეხვდა უფალი ბილყამს, და ჩაუდო სიტყვანი მას ბაგეებში და უთხრა: „დაბრუნდი ბალაკთან და გადაეცი ეს სიტყვები.” 17 და ის მივიდა მასთან, და ნახა, რომ იდგა იგი თავის სრულადდასაწველთან, და მოაბის მთავრებიც მასთან იყვნენ. და უთხრა მას ბალაკმა: „რა თქვა უფალმა?” 18 და წარმოთქვა მან თავისი იგავი: „ადექი, ბალაკ, და ისმინე და ყური მიგდე, ციფორის ძეო. 19 ღმერთი კაცი როდია, რომ იცრუოს, და არც ადამიანის ძეა, რომ გადათქვას. თქვას და არ გააკეთოს? ილაპარაკოს და არ აღასრულოს? 20 აჰა, კურთხევა მებრძანა და მან აკურთხა, და ვერ დავაბრუნებ. 21 არ შეუმჩნევია სიცრუე იაკობში და არ დაუნახავს უკეთურება ისრაელში. უფალი, მისი ღმერთი, მასთანაა, და მეფური ჟინია მასში. 22 ღმერთმა გამოიყვანა ისინი ეგვიპტიდან. ძლიერება მარტორქისა აქვს მას. 23 რადგან არაა მისნობა იაკობის წინააღმდეგ. და არაა ჯადოქრობა ისრაელის წინააღმდეგ. თავის დროზე ეტყვიან იაკობსა და ისრაელს: ‘რა მოიმოქმედა ღმერთმა.’ 24 აჰა, ხალხი ლომის ბოკვერივით წამოდგება და ლომივით წამოიმართება. სანამ ნანადირევს არ შეჭამს და მოკლულთა სისხლს არ შესვამს, არ დაწვება.” 25 და უთხრა ბალაკმა ბილყამს: „ნურც დაწყევლი და ნურც აკურთხებ მას!” 26 და მიუგო ბილყამმა, და უთხრა ბალაკს: „განა არ გითხარი, რომ ყოველივეს, რასაც უფალი მეტყვის, გავაკეთებ-მეთქი?” 27 და უთხრა ბალაკმა ბილყამს: „წამოდი, სხვა ადგილას წაგიყვან. იქნებ სასურველი იყოს ღმერთის თვალში და დამიწყევლო იქიდან.” 28 და წაიყვანა ბალაკმა ბილყამი ფეღორის მწვერვალზე, რომელიც გადმოჰყურებს უდაბნოს. 29 და უთხრა ბილყამმა ბალაკს: „ამიშენე შვიდი სამსხვერპლო და მომიმზადე აქ შვიდი მოზვერი და შვიდი ვერძი.” 30 და გააკეთა ბალაკმა, როგორც უთხრა ბილყამმა, და აიყვანა მოზვერი და ვერძი თვითეულ სამსხვერპლოზე.