ძველი აღთქმა
რიცხვნი
241 და იხილა ბილყამმა, რომ სასურველია კურთხევა ისრაელისა უფლის თვალში, და აღარ წავიდა, როგორც უწინ, სამისნოდ, არამედ მიმართა თავისი პირისახე უდაბნოსაკენ. 2 და აღაპყრო ბილყამმა თვალები, და იხილა განლაგებული ისრაელი თავისი ტომებით და გადმოვიდა მასზე სული ღვთისა. 3 და მან წარმოთქვა თავისი იგავი, და თქვა: 4 „ნათქვამი ბილყამისა, ბეყორის ძისა, ნათქვამი თვალღია კაცისა, რომელიც ხედავს ყოვლისშემძლის ხილვას. ეცემა მაგრამ თვალები ღია აქვს. 5 რა მშვენიერია შენი კარვები, იაკობ, შენი სადგომები, ისრაელ! 6 როგორც გაშლილი მინდორ-ველები, როგორც ბაღები მდინარის პირას, როგორც უფლის დარგული ალვისხეები, როგორც კედარნი წყლის პირას. 7 იდინებს წყალი მისი კოკებიდან, და მისი თესლი იქნება უხვწყლიანი. აღემატება აგაგს მისი მეფე და აღზევდება სამეფო მისი. 8 ღმერთმა გამოიყვანა იგი ეგვიპტიდან, მარტორქის ძლიერება აქვს მას, შთანთქავს ხალხებს, თავის მტრებს, და მათ ძვლებს შემუსრავს, და თავისი ისრებით განგმირავს. 9 ჩაიმუხლა, მიწვა ხვადი ლომივით, და ძუ ლომივით; ვინ წამოაგდებს მას? მაკურთხებელი შენი კურთხეულია, და მაწყევარი შენი დაწყევლილია.” 10 და აღიგზნო რისხვა ბალაკისა ბილყამის მიმართ, და ხელი ხელს შემოკრა, და უთხრა ბალაკმა ბილყამს: „ჩემს მტერთა დასაწყევლად მოგიხმე, შენ კი კურთხევით აკურთხე მესამეჯერ. 11 ახლა კი, გაიქეცი შენს ადგილზე. მე ვთქვი პატივს გცემ-მეთქი, და აჰა, უფალმა დაგიკავა პატივი.” 12 და უთხრა ბილყამმა ბალაკს: „განა არ ვუთხარი შენს მოციქულებსაც, რომელნიც მომიგზავნე, 13 თუნდაც ოქრო-ვერცხლით ავსებული სახლი მომცე, ვერ გადავალ ჩემი უფლის ბრძანებას. ვერც კარგს გავაკეთებ-მეთქი, ვერც ცუდს ჩემი ნებით. რასაც იტყვის უფალი, იმას ვიტყვი-მეთქი. 14 და ახლა მე მივდივარ ჩემს ხალხთან. მოდი, გაგანდობ, რასაც უზამს ეს ხალხი შენს ხალხს მომავალში.” 15 და წარმოთქვა მან თავისი იგავი: „ნათქვამი ბილყამისა, ბეყორის ძისა, ნათქვამი თვალღია კაცისა; 16 ნათქვამი ღვთის სიტყვების გამგონისა, რომელმაც იცის უზენაესის ცოდნა, რომელიც ხედავს ყოვლისშემძლის ჩვენებას, ეცემა, მაგრამ თვალები ღია აქვს, 17 მას ვხედავ, მაგრამ არა ახლა, მას ვუყურებ, მაგრამ არა ახლოდან: ამობრწყინდება ვარსკვლავი იაკობისგან, და აღიმართება კვერთხი ისრაელისგან, და შემუსრავს მოაბის საზღვრებს, და გაანადგურებს შეთის ყოველ ძეს. 18 და საკუთრება იქნება ედომი, და თავისი მტრების საკუთრება იქნება სეყირი; და ისრაელი იმოქმედებს ძლიერებით. 19 და დაეპატრონება იაკობისაგანი, და დაღუპავს გადარჩენილებს ქალაქიდან.” 20 და იხილა მან ყამალეკი და წარმოთქვა თავისი იგავი, და თქვა: „წარმართთა დასაბამია ყამალეკი და დაღუპვაა მისი ბოლო.” 21 და მან იხილა კენიელნი და წარმოთქვა თავისი იგავი: „ძლიერია შენი სამყოფელი, და კლდეზე დაგიდვია ბუდე. 22 თუ აოხრდება კაენი, როდემდე ეყოლები აშურის ტყვედ?” 23 და წარმოთქვა თავისი იგავი და თქვა: „ჰოი, ვინ იცოცხლებს, როცა ამას მოახდენს ღმერთი? 24 გამოვლენ გემები ქითიმიდან და დაიმორჩილებენ აშურს, და დაიმორჩილებენ ყებერს, მაგრამ თავადაც დაიღუპებიან.” 25 და ადგა ბილყამი, და წავიდა და დაბრუნდა თავის ადგილას. და წავიდა ბალაკიც თავისი გზით.