ძველი აღთქმა
4 მეფეთა
41 ერთმა ქალმა, რომელიღაც წინასწარმეტყველის ცოლმა, ტირილით შეჰღაღადა ელისეს: „მოკვდა ჩემი ქმარი, შენი მსახური, და შენ იცი, ღვთისმოშიში იყო შენი მსახური. და მოვიდა მევახშე და ჩემი ორივე ბავშვი მონებად მიჰყავს.” 2 და უთხრა ელისემ: „რა გიყო? მითხარი, რა გაქვს სახლში?” და თქვა: „სახლში არაფერი აქვს შენს მხევალს, გარდა მცირეოდენი ზეთისა.” 3 და უთხრა: „წადი და ჭურჭელი ინათხოვრე ყველა მეზობლისაგან, ცარიელი ჭურჭელი. ბევრი დააგროვე. 4 მერე მოდი, ჩაიკეტეთ სახლში შენ და შენი შვილები და აავსე ყველა ეს ჭურჭელი. სავსე გვერდზე გადადგი.” 5 და წავიდა ქალი და ჩაიკეტა სახლში თავის შვილებიანად. ისინი აწვდიდნენ, თვითონ ასხამდა. 6 და როცა ჭურჭლები აივსო, უთხრა ვაჟიშვილს: „კიდევ მომაწოდე ჭურჭელი.” და უთხრა: „არ არის მეტი ჭურჭელი.” და შეწყდა ზეთიც. 7 და მივიდა და უამბო ღვთისკაცს. და უთხრა მან: „წადი, გაყიდე ზეთი და გაისტუმრე ვალი. და დანარჩენით თავი ირჩინეთ შენ და შენმა შვილებმა.” 8 ერთ დღესაც შუნემში გაიარა ელისემ. და ცხოვრობდა იქ ერთი მდიდარი ქალი, რომელმაც პურის საჭმელად მიიწვია იგი. და რამდენჯერაც არ ჩაივლიდა, ყოველთვის შეუხვევდა ხოლმე იქ პურის საჭმელად. 9 და უთხრა ქალმა თავის ქმარს: „ნამდვილად ვიცი, რომ წმიდაა ღვთისკაცი, აქეთ რომ დადის ხოლმე. 10 მოვუწყოთ მცირე ოთახი ზემოთვალში, დავუდგათ იქ საწოლი, ტაბლა, სკამი და ლამპარი. და, როცა ჩვენთან გამოივლის, იქ შევიდეს.” 11 ერთ დღესაც გამოიარა მათთან, და შევიდა ზემოთვალში და დაწვა. 12 და უთხრა ელისემ გეხაზის, თავის მსახურ ბიჭს: „დაუძახე ამ შუნემელ ქალს”, მანაც დაუძახა და ეახლა ქალი. 13 და უთხრა ელისემ მსახურ ბიჭს: „უთხარი მაგას: ‘აჰა, დიდად ზრუნავ-თქო ჩვენზე, რა შემიძლია, რომ გაგიკეთო? იქნებ ველაპარაკო შენზე მეფეს ან მხედართმთავარს?’“ და მიუგო ქალმა: „არა, ჩემს ხალხში ვცხოვრობ.” 14 და თქვა: „მაინც რა გავუკეთო?” და თქვა გეხაზიმ: „მართლა, შვილი არა ჰყავს და ქმარი კი მოხუცია.” 15 და თქვა: „დაუძახე.” და დაუძახა და კართან დადგა ქალი. 16 და თქვა: „გაის ამ დროს ჩახუტებული გეყოლება ვაჟიშვილი.” და თქვა ქალმა: „არა, ჩემო ბატონო, ღვთისკაცო, ნუ მატყუებ შენს მხევალს.” 17 და დაორსულდა ის ქალი და წლის სწორზე შვა ძე, როგორც ნათქვამი ჰქონდა მისთვის ელისეს. 18 და გაიზარდა ბავშვი და ერთ დღესაც წავიდა მამამისთან, მომკელებთან. 19 და უთხრა მამას: „ვაი! ვაი, თავი!” და უთხრა კაცმა მსახურ ბიჭს: „დედას წაუყვანე!” 20 და წაიყვანა და მიუყვანა დედას, იჯდა მის მუხლებზე შუადღემდე და მოკვდა. 21 და ავიდა ქალი ზემოთვალში და ღვთისკაცის საწოლში ჩააწვინა ბავშვი, კარი გამოიკეტა და გარეთ გავიდა. 22 და დაუძახა ქმარს და უთხრა: „გამომიგზავნე ერთი ვინმე მსახური და ერთი ვირი, ღვთისკაცთან გავიქცევი და ისევ მოვბრუნდები.” 23 და უთხრა: „რისთვის მიდიხარ მასთან? დღეს ხომ არც ახალმთავრობაა და არც შაბათი.” თქვა ქალმა: „შენ დადუმდი.” 24 და შეკაზმა ქალმა ვირი და უთხრა მსახურ ბიჭს: „წინ წაუძეხი და იარე. და გზად ნუ გამაჩერებ, თუ მე არ გიბრძანო.” 25 და გაემგზავრნენ, და მივიდნენ ღვთისკაცთან, ქარმელის მთაზე. და როცა შორიდან მოჰკრა თვალი ქალს ღვთისკაცმა, უთხრა გეხაზის, თავის მსახურს: „აგერ, ის შუნემელი ქალი. 26 აბა, გაიქეცი, მიეგებე და ჰკითხე: ‘როგორ ხარ, როგორ არის შენი ქმარი, როგორ გყავს შვილი.’“ და თქვა ქალმა: „მშვიდობით.” 27 და მივიდა ქალი ღვთისკაცის მთაზე და ფეხებში მოეჭიდა. მივარდა გეხაზი, რომ მოეშორებინა, მაგრამ ღვთისკაცმა უთხრა: „თავი დაანებე, რადგან სული აქვს გამწარებული, ღმერთმა კი დამიმალა და არ გამოუცხადებია ჩემთვის.” 28 და თქვა ქალმა: „განა მითხოვნია შვილი ჩემი ბატონისათვის? ხომ ვეუბნებოდი: ტყუილად ნუ დამპირდები-მეთქი”? 29 და უთხრა გეხაზის: „სარტყელი შემოირტყი წელზე, ჩემი არგანი დაიჭირე ხელში და წადი. შემხვედრს არავის მიესალმო, და, თუ ვინმე მოგესალმა, პასუხი არ გასცე და სახეზე დაადე ბავშვს ეს ჩემი არგანი.” 30 და თქვა ყმაწვილის დედამ: „უფალს და შენს თავს გეფიცები, თავს არ დაგანებებ.” და ადგა ღვთისკაცი და გაჰყვა ქალს. 31 მათზე წინ მივიდა გეხაზი და სახეზე არგანი დაადო ბავშვს. არ ისმოდა ხმა და ჩამიჩუმი. და უკან გაბრუნდა მის შესახვედრად და მოახსენა: „არ იღვიძებს ბავშვი.” 32 და შევიდა სახლში ელისე და აჰა, მკვდარი წევს ბავშვი მის საწოლზე. 33 და შევიდა, გამოიკეტა კარი და ილოცა უფლისადმი. 34 და ზემოდან დააწვა ბავშვს. პირი პირზე დაადო, თვალი თვალზე, ხელის მტევნები ხელის მტევნებზე და განერთხა მის ზემოდან. და გათბა ბავშვის სხეული. 35 ერთი გაიარ-გამოიარა სახლში და კვლავ განერთხა ბავშვს ზემოდან. შვიდჯერ დააცემინა ბავშვმა და გაახილა თვალი. 36 და დაუძახა გეხაზის და უთხრა: „დაუძახე იმ შუნემელს”. და დაუძახა. და მივიდა მასთან ქალი და უთხრა ელისემ: „წაიყვანე შენი შვილი.” 37 და მივარდა, ფეხებში ჩაუვარდა და მდაბლად თაყვანისცა. და აიყვანა თავისი შვილი და გავიდა. 38 და დაბრუნდა ელისე გილგალს. შიმშილობა იყო იმ ქვეყანაში. წინ დაუსხდნენ წინასწარმეტყველთა ძენი. და უთხრა მსახურ ბიჭს: „დადგი დიდი ქვაბი და კერძი მოუხარშე წინასწარმეტყველთა ძეთ.” 39 და გავიდა ერთი მათგანი მინდორში მწვანილის მოსაკრეფად, იპოვა ველური ხვიარა და დაკრიფა მთელი კალთა ველური ნაყოფი. და მოვიდა და ჩააჭრა შეჭამადის ქვაბში, რადგან არ იცოდნენ. 40 და დაუსხეს კაცებს საჭმელად. და როცა ჭამდნენ შეჭამადს, იყვირეს და თქვეს: „სიკვდილია ქვაბში, ღვთისკაცო!” და ვეღარ შეჭამეს. 41 და თქვა: „მომეცით ფქვილი.” ჩაყარა ქვაბში და თქვა: „დაუსხი ხალხს, ჭამონ”. ცუდი აღარაფერი იყო დარჩენილი ქვაბში. 42 და მოვიდა ვიღაც კაცი ბაყალ-შალიშადან და მოუტანა ღვთისკაცს პირველმოწეული პური: ოცი ქერის პური და ნედლი თავთავი გუდით. და თქვა ელისემ: „მიეცი ხალხს, შეჭამონ.” 43 და თქვა მისმა მსახურმა: „ეს რა უნდა გაუხდეს ამ ას კაცს?” და უთხრა: „მიეცი ხალხს, ჭამონ, რადგან ასე ამბობს უფალი: ‘შეჭამენ და კიდეც მორჩებათ.’“ 44 და მისცა. ჭამეს და კიდეც მორჩათ, უფლის სიტყვისამებრ. თ