ძველი აღთქმა
3 მეფეთა
141 იმ ხანად ავად გახდა იერობყამის ძე აბია. 2 და უთხრა ცოლს იერობყამმა: „ადექი და გადაიცვი, რათა ვერ გიცნონ, იერობყამის ცოლი რომ ხარ, და წადი შილოში. იქ არის ახია წინასწარმეტყველი. მან მიწინასწარმეტყველა, ამ ერის მეფე გახდებიო. 3 ხელში აიღე ათი პური, ნამცხვარი და ერთი ქილა თაფლი. მიდი მასთან და ის გეტყვის, რა დაემერთება ბავშვს”. 4 ასე გააკეთა იერობყამის ცოლმა. ადგა და წავიდა შილოს, და მივიდა ახიას სახლში. მაგრამ ვეღარ ხედავდა ახია, რადგან სიბერის გამო თვალის ჩინი წართმეოდა. 5 უფალმა უთხრა ახიას: „აჰა, იერობყამის ცოლი მოდის შენთან, ავადმყოფი ბავშვის ამბავი რომ გკითხოს. ასე და ასე ელაპარაკე. როცა მოვა, სხვად მოგაჩვენებს თავს.” 6 როცა გაიგონა ახიამ კართან მომდგარი ქალის ფეხის ხმა, დაიძახა: „შემოდი, იერობყამის ცოლო. სხვად რისთვის გვაჩვენებ თავს? მძიმე ამბავი უნდა გამცნო. 7 წადი, უთხარი იერობყამს, ასე ამბობს-თქო უფალი, ისრაელის ღმერთი: ‘მე აღგაზევე შენ ამ ერში და ისრაელის ერისმთავრად დაგადგინე; 8 მე გამოვგლიჯე დავითის სახლს მეფობა და შენ მოგეცი, თუმცა არ გავხარ ჩემს მსახურს დავითს, რომელიც იცავდა ჩემს მცნებებს, მთელი გულით მომყვებოდა და მხოლოდ მართლად იქცეოდა ჩემს თვალში. 9 შენ ყველა მათგანზე უარესად მოიქეცი, ვინც კი შენამდე ყოფილა: წახვედი და უცხო ღმერთები და კერპები გაიჩინე ჩემს განსარისხებლად. თავად მე კი ზურგს უკან მომისროლე. 10 ამიტომ, აჰა, უბედურებას დავატეხ იერობყამის სახლს და ამოვძირკვავ ყველას, ვინც კი კედელთან მიმშარდავი ჰყავს იერობყამს, ყმას და აზატს ისრაელში, და გავხვეტავ იერობყამის სახლს, როგორც პირწმინდად გახვეტენ ხოლმე ნაგავს. 11 ვინც ქალაქში მოუკვდება იერობყამს, იმას ძაღლები შეჭამენ. ვინც ველად მოკვდება, ცის ფრინველები დაჯიჯგნიან, რადგან ასე ბრძანა უფალმა.’ 12 ახლა ადექი და შენს სახლში წადი. ქალაქში შეადგამ თუ არა ფეხს, მოკვდება ბავშვი. 13 და დაიტირებს მთელი ისრაელი და დამარხავენ. ეგ ერთადერთი ჩაუვა იერობყამს საფლავში, რადგან იერობყამის მთელი სახლიდან მხოლოდ მასში აღმოჩნდა სიკეთე უფლის, ისრაელის ღმერთის, წინაშე. 14 უფალი დაადგენს ისრაელზე თავის მეფეს, რომელიც მოსპობს იერობყამის სახლს იმ დღეს, და რატომ ახლავე არა? 15 და დალახვრავს უფალი ისრაელს და დაემსგავსება იგი წყალზე მოქანავე ლერწამს, და აღმოფხვრის ისრაელს ამ დალოცვილი მიწიდან, რომელიც მათ მამა-პაპას მისცა, და მდინარის გაღმა გადარეკავს, რადგან აშერები გაიჩინეს უფლის გასარისხებლად. 16 და გასწირავს ისრაელს იერობყამის გამო, თავადაც რომ სცოდა და ისრაელიც რომ შეიყვანა ცოდვაში.” 17 და ადგა იერობყამის ცოლი და წავიდა. და მივიდა თირცაში; და ვიდრე ზღურბლს გადააბიჯებდა, მოკვდა ყმაწვილი. 18 და დაიტირა იგი მთელმა ისრაელმა, როგორც ნათქვამი ჰქონდა უფალს ახია წინასწარმეტყველის პირით. 19 იერობყამის დანარჩენი საქმენი, როგორ იბრძოდა იგი და როგორ გამეფდა, ისრაელის მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი. 20 ხანი იერობყამის მეფობისა იყო ოცდაორი წელი. და განისვენა მან თავის მამებთან და მის ნაცვლად ნადაბი გამეფდა, მისი ძე. 21 ხოლო რეხაბყამი, სოლომონის ძე, იუდაში მეფობდა. ორმოცდაერთი წლისა იყო რეხაბყამი, როცა გამეფდა და ჩვიდმეტ წელს მეფობდა იერუსალიმში, იმ ქალაქში, რომელიც ისრაელის ყველა შტოდან ამოირჩია უფალმა თავისი სახელის დასამკვიდრებლად. მისი დედა იყო ნაყამა, ყამონელი ქალი. 22 ბოროტს აკეთებდა იუდა უფლის თვალში და თავიანთ მამებს გადაამეტეს ცოდვებში, რითაც გულისწყრომით ავსებდნენ უფალს. 23 მათაც გააშენეს გორაკები, სვეტები და აშერები ყველა მაღალ ბორცვზე და ხემხვივანის ქვეშ. 24 მემრუშენიც იყვნენ ქვეყანაში, სჩადიოდნენ იმ ხალხების ყოველგვარ სიბილწეს, რომელნიც აყარა უფალმა ისრაელის ძეთაგან. 25 რეხაბყამის მეფობის მეხუთე წელს დაესხა შიშაკი, ეგვიპტის მეფე, იერუსალიმს. 26 და წაიღო უფლის სახლისა და სამეფო სახლის განძეულობა, ყველაფერი წაიღო, წაიღო ოქროს ფარებიც, სოლომონმა რომ გააკეთა. 27 და დაამზადა მეფე რეხაბყამმა მათ ნაცვლად სპილენძის ფარები და ჩააბარა ისინი დაცვის უფროსებს, რომელნიც სამეფო სახლის შესასვლელს დარაჯობდნენ. 28 როცა მეფე უფლის სახლში შედიოდა, მცველებს მიჰქონდათ ისინი, და მერე ისევ აბრუნებდნენ მცველთა ოთახში. 29 რეხაბყამის დანარჩენი საქმენი, ყველაფერი, რაც გააკეთა, იუდას მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი. 30 გამუდმებული ომი იყო რეხაბყამსა და იერობყამს შორის. 31 განისვენა რეხაბყამმა თავის მამებთან, და დაიმარხა თავისი მამა-პაპის გვერდით დავითის ქალაქში. დედამისი იყო ნაყამა, ყამონელი ქალი. მის ნაცვლად აბიამი, მისი ძე, გამეფდა.