ძველი აღთქმა
3 მეფეთა
191 და უამბო ახაბმა იზებელს ყველაფერი, რაც ელიამ გააკეთა, და ისიც, როგორ ამოხოცა მახვილით წინასწარმეტყველნი. 2 მოციქული გაუგზავნა იზებელმა ელიას და შეუთვალა: „ასე და ასე მიყონ ღმერთებმა და უარესიც დამმართონ, თუ ხვალ ამ დროს ისევე არ მოგექეცი, როგორც შენ მოექეცი თითოეულ მათგანს.” 3 და ეს რომ ნახა, ადგა და წავიდა, რომ თავი გადაერჩინა. და მივიდა იუდას ბეერ-შებაყში და დატოვა იქ თავისი მსახური. 4 თავად კი უდაბნოში გავიდა ერთი დღის სავალზე, და მივიდა ერთი ბელეკონის ბუჩქთან და მის ძირას დაჯდა, სიკვდილი ინატრა და თქვა: „ახლა კი კმარა, უფალო, წაიღე ჩემი სული, რადგან ჩემს მამებზე უკეთესი არა ვარ.” 5 და მიწვა და მიეძინა ბელეკონის ბუჩქის ძირას. და აჰა, ანგელოზი შეეხო მას და უთხრა: „ადექი, ჭამე.” 6 და გაიხედა ელიამ და აჰა, ნამცხვარი და წყლით სავსე დოქი უდგას სასთუმალთან. და შეჭამა, შესვა და ისევ მიიძინა. 7 მეორედ მოვიდა უფლის ანგელოზი, შეეხო მას და უთხრა: „ადექი და ჭამე, რადგან შორი გზა გაქვს.” 8 და ადგა, ჭამა, სვა და ამ საჭმლით მოძლიერებულმა ორმოცი დღე და ორმოცი ღამე იარა ღვთის მთამდე, ხორებამდე. თ 9 და შევიდა იქ ერთ მღვიმეში და დაიღამა. და აჰა, იყო უფლის სიტყვა მის მიმართ. უთხრა: „აქ რა გინდა, ელია?” 10 და თქვა: „უფლის, ცაბაოთ ღმერთის შურმა შემიპყრო, რადგან დაივიწყეს შენი აღთქმა ისრაელიანებმა, დაანგრიეს შენი სამსხვერპლოები, მახვილით დახოცეს შენი წინასწარმეტყველნი, მე ერთი დავრჩი, მაგრამ ჩემს სულსაც დაეძებენ, რათა წამართვან იგი.” 11 და უთხრა: „გარეთ გადი და დადექი მთაზე უფლის წინაშე.” აჰა, ჩაიარა უფალმა. უფლის წინაშე ამოვარდა დიდი და ძლიერი ქარი, მთათა დამაქცეველი და კლდეთა შემმუსვრელი, მაგრამ ქარში არ იყო უფალი. ქარის მერე – მიწისძვრა, არც მიწისძვრაში იყო უფალი. 12 მიწისძვრის მერე – ცეცხლი, არც ცეცხლში იყო უფალი. ცეცხლის მერე – ოდნავი ჩქამი. 13 რომ გაიგონა ეს ელიამ, მოსასხამი აიფარა სახეზე, გარეთ გავიდა და მღვიმის შესასვლელთან დადგა, და აჰა, მოესმა ხმა, რომელიც ეუბნება: „აქ რა გინდა, ელია?” 14 და თქვა: „უფლის, ცაბაოთ ღმერთის, შურმა შემიპყრო, რადგან დაივიწყეს შენი აღთქმა ისრაელიანებმა, და დაანგრიეს შენი სამსხვერპლოები, მახვილით დახოცეს შენი წინასწარმეტყველნი. მე ერთი დავრჩი, მაგრამ ჩემს სულსაც დაეძებენ, რათა წამართვან იგი.” 15 და უთხრა უფალმა: „წადი, გაბრუნდი უდაბნოს გზით და დამასკოში მიდი. როცა მიხვალ, სცხე ხაზაელს არამზე სამეფოდ. 16 და იეჰუს, ნიმშის ძეს, სცხე ისრაელზე სამეფოდ. ელისე შაფატის ძეს კი, აბელ-მეხოლადან რომ არის, სცხე, რათა წინასწარმეტყველებდეს შენს ნაცვლად. 17 და ვინც ხაზაელის მახვილს გადაურჩება, იეჰუ მოკლავს მას; ვინც იეჰუს მახვილს გადაურჩება, ელისე მოკლავს. 18 დავიტოვებ ისრაელში შვიდი ათას კაცს: ყველა მუხლს, რომელიც არ მოდრეკილა ბაყალის წინაშე და ყველა ბაგეს, რომელსაც არ უკოცნია მისთვის.” 19 და წავიდა იქიდან და მოძებნა ელისე, შაფატის ძე. თორმეტი უღელი ხნავდა მიწას. თორმეტი უღელი ეყენა წინ. თავად მეთორმეტეს უდგა. ჩაუარა ელიამ და გადაუგდო თავისი მოსასხამი. 20 და მიატოვა ელისემ ხარები, გაეკიდა ელიას და უთხრა: „გამიშვი, ვეამბორო ჩემს დედ-მამას და მერე წამოგყვები”, უთხრა: „წადი და მობრუნდი, რადგან რა გამიკეთებია შენთვის?” 21 და გაბრუნდა უკან, მოიყვანა და დაკლა ერთი უღელი ხარი, ხარის უღლით მოხარშა ხორცი და ხალხს გაუნაწილა, და ხალხმაც შეჭამა. და ადგა და გაჰყვა ელიას, და ემსახურებოდა.