ძველი აღთქმა
4 მეფეთა
81 ელისემ უთხრა ქალს, რომელსაც შვილი გაუცოცხლა: „ადექი და წადი შენი სახლითურთ და დადექი სადმე მდგმურად, სადაც შეგეძლება, რადგან მოუხმო უფალმა შიმშილობას და მოვიდა კიდეც ქვეყანაზე შვიდი წლით.” 2 და ადგა ის ქალი და ღვთისკაცის სიტყვისამებრ მოიქცა: წავიდა თავისი სახლითურთ და შვიდ წელიწადს მდგმურობდა ფილისტიმელთა ქვეყანაში. 3 შვიდი წლის დამლევს დაბრუნდა ეს ქალი ფილისტიმელთა ქვეყნიდან, და მოვიდა მეფესთან თავისი სახლ-კარისა და საყანის გამოსათხოვად. 4 ამ დროს გეხაზის, ღვთისკაცის მსახურს, ელაპარაკებოდა მეფე და ეუბნებოდა: „მიამბე ყველა დიდი საქმე, რაც ელისეს გაუკეთებია.” 5 და როცა უამბობდა მეფეს, როგორ გააცოცხლა ელისემ მკვდარი, აჰა, ის ქალი, რომელსაც შვილი გაუცოცხლა, ეხვეწება მეფეს თავისი სახლ-კარისა და საყანის გამო. თქვა გეხაზიმ: „მეფე-ბატონო! ეს ის ქალია! და ეს არის მისი ძე, ელისემ რომ გააცოცხლა!” 6 და გამოჰკითხა მეფემ ქალს და მანაც უამბო. და მიუჩინა მას მეფემ ერთი კარისკაცი და უთხრა: „დაუბრუნეთ მისი საბადებელი და მთელი მოსავალი იმ დღიდან, რაც ქვეყანა მიატოვა, დღემდე.” 7 და მივიდა ელისე დამასკოში, როცა ავად იყო ბენ-ჰადადი, არამის მეფე. და მოახსენეს და უთხრეს: ღვთისკაციაო მოსული. 8 და უთხრა მეფემ ხაზაელს: „აიღე ხელში ძღვენი და შეეგებე ღვთისკაცს. და უფალთან ამკითხვინე, განვიკურნები თუ არა ამ სენისგან?” 9 და წავიდა ხაზაელი მისაგებებლად. და ხელში აიღო ძღვენი და ყველაფერი, რაც კი საუკეთესო იყო დამასკოში, ორმოცი აქლემის ტვირთი. და მივიდა, და წარუდგა მას და თქვა: „შენმა ძემ, ბენ-ჰადადმა, არამის მეფემ, გამომგზავნა შენთან საკითხავად, განვიკურნები თუ არა ამ სენისგანო?” 10 და უთხრა ელისემ: „წადი და უთხარი: განიკურნები-თქო. მაგრამ მახილვინა უფალმა, რომ მაინც მოკვდება.” 11 და მიაშტერა ელისემ სახე და დიდხანს იყო ასე, ვიდრე არ შეაშფოთა იგი, და ატირდა ღვთისკაცი. 12 და თქვა ხაზაელმა: „რატომ ტირის ჩემი ბატონი?” და თქვა: „იმიტომ, რომ ვიცი, თუ რა ბოროტებას უზამ ისრაელის ძეთ: ცეცხლს მისცემ მათ ციხე-სიმაგრეებს, მახვილით ამოხოცავ მათ ჭაბუკებს, გასრეს მათ თოთო ბავშვებს და შუაზე გაკვეთ მათ ორსულ ქალებს.” 13 და თქვა ხაზაელმა: „ვინ ძაღლი გდია შენი მსახური, რომ ასეთი დიდი საქმე გააკეთოს?” და თქვა ელისემ: „შენი თავი მახილვინა უფალმა არამის მეფედ.” 14 და წავიდა ელისესგან და მივიდა თავის ბატონთან. და უთხრა: „რა გითხრა ელისემ?” თქვა: „მითხრა, გამოჯანმრთელდებაო.” 15 და აიღო მეორე დღეს საბანი, წყალში დაასველა და სახეზე დაადო მას. და მოკვდა ბენ-ჰადადი და გამეფდა მის ნაცვლად ხაზაელი. 16 ისრაელის მეფის იორამ ახაბის ძის მეხუთე წელს, იუდას მეფის იოშაფატის შემდეგ გამეფდა იორამ იოშაფატის ძე, იუდას მეფე. 17 ოცდათორმეტი წლისა იყო, როცა გამეფდა, და რვა წელი იმეფა იერუსალიმში. 18 ისრაელის მეფეთა გზით დადიოდა იგი, როგორც იქცეოდა ახაბის სახლი, რადგან ახაბის ასული ჰყავდა ცოლად და უკუღმართად იქცეოდა უფლის თვალში. 19 მაგრამ არ უნდოდა უფალს იუდას დაღუპვა დავითის, თავისი მსახურის, გამო, როგორც ნათქვამი ჰქონდა, რომ მისცემდა ლამპარს მას მის შთამომავლობაში სამარადისოდ. 20 მის დროს განუდგა ედომი იუდას და დაისვეს მეფე. 21 და გაემართა იორამი ცაყირისკენ მთელი თავისი ეტლებითურთ, და ადგა ღამით და სძლია ედომელებს, და ეტლის მეთაურებს, გარს რომ ეხვივნენ. და გაიქცა ხალხი თავ-თავის კარვებში. 22 და განუდგა ედომი იუდას და ასეა დღემდე. იმ ხანადვე განდგა ლიბნაც. 23 იორამის დანარჩენი საქმენი, ყველაფერი, რაც გაუკეთებია, იუდას მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი. 24 და განისვენა იორამმა თავის მამებთან და დაიმარხა თავის მამათა გვერდით დავითის ქალაქში. მის ნაცვლად მისი ძე ახაზიაჰუ გამეფდა. 25 ისრაელის მეფის, იორამ ახაბის ძის მეთორმეტე წელს გამეფდა ახაზიაჰუ იორამის ძე, იუდას მეფე. 26 ოცდაორი წლისა იყო ახაზიაჰუ, რომ გამეფდა, და ერთი წელი იმეფა იერუსალიმში. მისი დედა იყო ღოთოლია, ისრაელის მეფის, ყომრის ასული. 27 ახაბის სახლის გზით დადიოდა იგი და უკუღმართად იქცეოდა უფლის თვალში, როგორც ახაბის სახლი, რადგან ახაბის სახლის სიძე იყო. 28 და წავიდა იგი იორამ ახაბის ძესთან ერთად ხაზაელთან, არამის მეფესთან, საომრად გილყადის რამოთში და დაჭრეს არამელებმა იორამი. 29 და მობრუნდა იორამ მეფე, რომ იზრეყელში მოერჩინა ჭრილობა, არამელებმა რომ მიაყენეს რამაში, როცა ხაზაელს, არამის მეფეს, ეომებოდა. და ჩამოვიდა ახაზიაჰუ იორამის ძე, იუდას მეფე, იზრეყელში იორამ ახაბის ძის სანახავად, რადგან ავად იყო იგი.