ძველი აღთქმა
4 მეფეთა
171 იუდას მეფის, ახაზიას, მეთორმეტე წელს გამეფდა ჰოშეაყ ელას ძე სამარიაში ისრაელზე და იმეფა ათი წელი. 2 და ბოროტს აკეთებდა უფლის თვალში, თუმცა არც ისე, როგორც ისრაელის მეფეები, მასზე წინ რომ იყვნენ. 3 მის წინააღმდეგ წამოვიდა შალმანესერი, აშურის მეფე, და გახდა ჰოშეაყი მისი მსახური და უხდიდა ხარკს. 4 და შეამჩნია აშურის მეფემ ჰოშეაყში ღალატი, რადგან მოციქულებს უგზავნიდა იგი ეგვიპტის მეფე სოს, და აღარ უხდიდა აშურის მეფეს ხარკს ყოველწლიურად. და დაატუსაღა იგი აშურის მეფემ და საპყრობილეში ჩასვა. 5 და წამოვიდა აშურის მეფე მთელ ქვეყანაზე, მოადგა სამარიას და სამ წელიწადს ალყაში ჰყავდა. 6 ჰოშეაყის მეცხრე წელს აიღო აშურის მეფემ სამარია, აშურში გადაასახლა ისრაელი და ხალახში, ხაბორთან, გოზანის მდინარესთან, და მიდიელთა ქალაქებში დაასახლა. 7 და როცა შესცოდეს ისრაელის ძეთ უფალს, თავიანთ ღმერთს, რომელმაც გამოიყვანა ისინი ეგვიპტიდან და გამოიხსნა ფარაონის, ეგვიპტელთა მეფის, ხელიდან, და თაყვანისცემა დაუწყეს უცხო ღმერთებს, 8 და აჰყვნენ იმ ხალხთა ჩვეულებებს, რომელნიც აჰყარა უფალმა ისრაელთაგან და ისრაელის მეფეთა ჩვეულებებს, როგორც ისინი იქცეოდნენ, 9 და იწყეს უჯეროდ ლაპარაკი ისრაელის ძეთ უფალზე, თავიანთ ღმერთზე, და გამართეს გორაკები ყველა ქალაქში, საყარაულო გოდოლიდან მოყოლებული ციხე-ქალაქამდე, 10 და დაიდგეს ქანდაკებები და აშერები ყველა მაღალ ბორცვზე და ყოველი ხემხვივანის ქვეშ, 11 და საკმეველს აკმევდნენ იქ, ყოველ გორაკზე იმ ხალხთა მსგავსად, რომელნიც აჰყარა მათგან უფალმა, ბოროტს აკეთებდნენ უფლის გასაჯავრებლად, 12 და ემსახურებოდნენ კერპებს, რაზეც ნაბრძანები ჰქონდა მათთვის უფალს, ნუ გააკეთებთო ამ საქმეს, 13 აფრთხილებდა უფალი ისრაელს და იუდას თავისი ყოველი წინასწარმეტყველისა და ყოველი მისანის პირით: „მიატოვეთ თქვენი ბოროტი გზა, დაიცავით ჩემი მცნებები და წესები იმ რჯულის მიხედვით, რომელიც შთავაგონე თქვენს მამებს და თქვენც შემოგითვალეთ ჩემს მსახურთა – წინასწარმეტყველთა – პირით.” 14 არ შეისმინეს და გაჯიუტდნენ მათი მამებივით, რომელთაც არ ირწმუნეს უფალი, თავიანთი ღმერთი. 15 და შეიძულეს მათი წესები და აღთქმა, უფალმა რომ დაუდო მათ მამებს, და გაფრთხილებები, რითაც აფრთხილებდა მათ. და მიჰყვნენ ამაოებას და თავადაც ამაონი გახდნენ. და წახედეს მეზობელ ხალხებს, ვისზედაც უბრძანა უფალმა, რომ არ მოქცეულიყვნენ მათ მსგავსად. 16 და დაივიწყეს უფლის, თავიანთი ღვთის, მცნებები, ჩამოასხეს ორი ხბოს გამოსახულება, და გააკეთეს აშერა, და თაყვანს სცემდნენ ცის ვარსკვლავებს და ბაყალს ემსახურებოდნენ. 17 და ცეცხლში ატარებდნენ თავიანთ ვაჟებსა და ქალიშვილებს, მკითხაობდნენ, ჯადოქრობდნენ და აღარ ერიდებოდნენ ბოროტის ქმნას უფლის თვალში მის გასარისხებლად, 18 მაშინ დიდად განურისხდა უფალი ისრაელს და თავიდან მოიშორა ისინი, მხოლოდ ერთი იუდას ტომიღა დარჩა. 19 არც იუდა იცავდა უფლის, თავისი ღვთის, მცნებებს და ისრაელის ძეთა წესებს მისდევდა, როგორც ისინი იქცეოდნენ. 20 და შეიძულა უფალმა ისრაელის მთელი მოდგმა, და მოდრიკა იგი, და მძარცველებს ჩაუგდო ხელში, ვიდრე საბოლოოდ არ მოიშორა თავიდან. 21 და როცა მოწყდა ისრაელი დავითის სახლს და გაამეფეს იერობყამ ნაბატის ძე, მაშინ ჩამოაშორა იერობყამმა ისრაელი უფალს და დიდად აცთუნა. 22 და დადიოდნენ ისრელის ძენი იერობყამის ცოდვებში, რომლებიც მას ჰქონდა ჩადენილი, და არ განრიდებიან მათ, 23 ვიდრე არ განირიდა უფალმა ისრაელი, როგორც ნათქვამი ჰქონდა თავის მსახურთა – წინასწარმეტყველთა – პირით. და გადასახლებულია ისრაელი თავისი მიწიდან აშურში დღემდე. 24 და აიყვანა აშურის მეფემ ხალხი ბაბილონიდან, ქუთადან, ყავადან, ხამათიდან და სეფარვაიმიდან და ჩაასახლა სამარიის ქალაქებში ისრაელიანთა ნაცვლად. და დაიმკვიდრეს მათ სამარია და ცხოვრობდნენ მის ქალაქებში. 25 არ ეშინოდათ უფლისა იქ ცხოვრების პირველ ხანებში; და უსევდა მათ უფალი ლომებს, რომლებიც მუსრს ავლებდნენ მათ. 26 და უთხრეს აშურის მეფეს: „ხალხმა, რომელიც შენ აჰყარე და სამარიის ქალაქებში ჩაასახლე, არ იციან იმ ქვეყნის ღმერთის ჩვეულება, ამიტომაც მან მიუსია მათ ლომები, რომლებიც მუსრს ავლებენ მათ, რადგან არ იციან იმ ქვეყნის ღმერთის ჩვეულება.” 27 და ბრძანა აშურის მეფემ: „გაგზავნეთ იქ ვინმე მღვდელი იქიდან გადმოსახლებულთაგან. წავიდეს და იცხოვროს იქ და ასწავლოს მათ იმ ქვეყნის ღმერთის ჩვეულება.” 28 და წავიდა ერთი მღვდელთაგანი, სამარიიდან გადასახლებული, და დაემკვიდრა ბეთელს და ასწავლიდა მათ, როგორ უნდა შინებოდათ უფლისა. 29 და თავ-თავისი ღმერთები გააკეთა თითოეულმა ხალხმა და დადგეს გორაკთა სახლებში, სამარიელებს რომ ჰქონდათ მოწყობილი, თითოეულმა ხალხმა თავ-თავის ქალაქში, სადაც ცხოვრობდნენ. 30 ბაბილონელებმა გააკეთეს სუქოთ-ბენოთი, ქუთელებმა გააკეთეს ნერგალი, ხამათელებმა გააკეთეს აშიმა, 31 ყაველებმა გააკეთეს ნიბხაზი და თართაკი. ხოლო სეფარვიმელნი ცეცხლში წვავდნენ თავიანთ შვილებს ადრამელექისთვის და ყანამელექისათვის, სეფარიმის ღმერთებისთვის. 32 და ეშინოდათ უფლისაც და გაიჩინეს გორაკთა მღვდლები, რომლებიც მათთვის მსახურობდნენ გორაკთა სახლებში. 33 უფლისაც ეშინოდათ და თავიანთ ღმერთებსაც ემსახურებოდნენ იმ ხალხთა ჩვეულებით, რომელთაგანაც გადმოასახლეს ისინი. 34 და დღევანდლამდე ძველი ჩვეულების თანახმად იქცევიან: უფლის არ ეშინიათ და არ მისდევენ იმ წესებს, კანონებს, რჯულსა და მცნებებს, უფალმა რომ დაუდგინა იაკობის შთამომავალთ, რომელთაც ისრაელი ეწოდა სახელად, 35 და დაუდო აღთქმა და ამცნო: „ნუ გეშინიათ უცხო ღმერთებისა, ნუ სცემთ თაყვანს, ნუ ემსახურებით და მსხვერპლს ნუ შესწირავთ. 36 მარტოოდენ უფლის, რომელმაც დიდი ძალითა და გაწვდილი მკლავით გამოგიყვანათ ეგვიპტიდან, გეშინოდეთ, თაყვანს სცემდეთ და მსხვერპლს სწირავდეთ. 37 და მუდამდღე იცავდეთ წესებს, რჯულსა და მცნებას, რაც უფალმა დაგიწესათ, და უცხო ღმერთებისა ნუ გეშინიათ. 38 ნუ დაივიწყებთ აღთქმას, მე რომ დაგიდევით, და უცხო ღმერთებისა ნუ გეშინიათ. 39 მხოლოდ უფალს, თქვენს ღმერთს, ესავდეთ და ის გიხსნით მტრების ხელიდან.” 40 მაგრამ არ ეშინოდათ მათ და წინანდელ ჩვეულებას მისდევდნენ. 41 ამ ხალხებს უფლისაც ეშინოდათ და კერპებსაც სცემდნენ თაყვანს. როგორც მამები იქცეოდნენ, დღემდე ისე იქცევიან მათი შვილები და შვილიშვილები.