ძველი აღთქმა
4 მეფეთა
211 თორმეტი წლისა იყო მენაშე, როცა გამეფდა და ორმოცდაათი წელი იმეფა იერუსალიმში. დედამისი იყო ხეფციბა. 2 ბოროტს აკეთებდა უფლის თვალში იმ ხალხების სიბილწეთა კვალზე, რომლებიც აჰყარა უფალმა ისრაელის ძეთაგან. 3 და ისევ ააგო გორაკები, ხიზკიაჰუმ, მამამისმა, რომ მოსპო; სამსხვერპლოები აღუმართა ბაყალს, და გააკეთა აშერა, როგორც ახაბ, ისრაელის მეფეს, ჰქონდა გაშენებული. და თაყვანს სცემდა მთელს ციურ მხედრობას და ემსახურებოდა მათ. 4 და ააშენა სამსხვერპლოები უფლის სახლში, რაზეც ნაბრძანები ჰქონდა უფალს: „იერუსალიმში დავდებ ჩემს სახელს.” 5 და აუშენა სამსხვერპლოები მთელ ციურ მხედრობას უფლის სახლის ორსავე ეზოში. 6 და ცეცხლში გაატარა თავისი შვილი, და მკითხაობდა, მისნობდა და განაწესა სულთა გამომხმობნი და ჯადოქრები. და ბევრ უკუღმართობას აკეთებდა უფლის თვალში მის გასარისხებლად. 7 და გააკეთა აშერას კერპი და დადგა სახლში, რომელზეც ეუბნებოდა უფალი დავითს და მის ძეს სოლომონს: „ამ სახლში და იერუსალიმში, რომელიც მე ამოვირჩიე ისრაელის ყველა შტოდან, საუკუნოდ დავამკვიდრებ ჩემს სახელს; 8 აღარ მოვაცვლევინებ ფეხს ისრაელს ამ მიწიდან, რომელიც მივეცი მის მამებს, ოღონდ მოექცნენ ისე, როგორც ვუბრძანე, და თანახმად რჯულისა, მოსემ, ჩემმა მსახურმა, რომ დაუწესა მათ.” 9 მაგრამ არ ისმინეს, და აცთუნა ისინი მენაშემ და იმ ხალხებზე მეტ ბოროტს აკეთებდნენ, რომლებიც ამოწყვიტა უფალმა ისრაელის ძეთა პირისაგან. 10 და ამბობდა უფალი თავის მსახურთა, წინასწარმეტყველთა, პირით: 11 „იმის გამო, რომ ჩაიდინა მენაშემ, იუდას მეფემ, ეს სიბილწენი, გადააჭარბა ბოროტის ქმნაში ამორეველებს, მასზე უწინ რომ იყვნენ, და იუდაც აცთუნა თავისი კერპებით, 12 ამიტომაც, ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: ‘აჰა, ისეთ ბოროტებას დავატეხ იერუსალიმს და იუდას, რომ ორთავე სასმენელნი გაუყრუვდება ამის გამგონეს. 13 სამარიის ლარს და ახაბის სახლის შვეულს გადავჭიმავ იერუსალიმზე, და პირწმინდად ამოვრეცხავ იერუსალიმს, როგორც ჯამს ამორეცხავს კაცი, ამორეცხავს და გადმოაპირქვავებს. 14 და მივატოვებ ჩემი წილხვედრის ნარჩომს და მტრებს ჩავუგდებ ხელში, და საძარცვავად და დასატაცებლად შეიქმნებიან მათი მტრებისთვის. 15 რადგან ბოროტს აკეთებდნენ ჩემს თვალში და მაჯავრებდნენ იმ დღიდან მოკიდებული, რაც მათი მამები გამოვიდნენ ეგვიპტიდან, დღევანდლამდე.’“ 16 და უბრალო სისხლიც ბევრი დაღვარა მენაშემ, ისე რომ პირთამდე აავსო იერუსალიმი, გარდა იმ ცოდვისა, იუდა რომ აცთუნა და უფლის თვალში ბოროტი აკეთებინა. 17 მენაშეს დანარჩენი საქმენი, ყველაფერი, რაც გაუკეთებია, მისი ცოდვები, რაც კი შეუცოდავს, იუდას მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი. 18 და განისვენა მენაშემ თავის მამებთან და დაიმარხა თავისი სასახლის ბაღში, ყუზას ბაღში. და მის ნაცვლად მისი ძე ამონი გამეფდა. 19 ოცდაორი წლისა იყო ამონი, როცა გამეფდა, და ორი წელი იმეფა იერუსალიმში, მისი დედა იყო მეშულემეთი, ხარუცის ასული, იატბადან. 20 ბოროტს აკეთებდა უფლის თვალში, როგორც მამამისი, მენაშე, აკეთებდა. 21 და ყველაფერში იმ გზას ადგა, რომლითაც მამამისი დადიოდა, და ემსახურებოდა იმ კერპებს, რომელთაც მამამისი ემსახურებოდა და თაყვანს სცემდა. 22 და დაივიწყა უფალი, თავისი მამების ღმერთი, და უფლის გზით არ დადიოდა. 23 აუჯანყდნენ ამონს მისი მსახურები და საკუთარ სახლში მოკლეს მეფე. 24 დახოცა ქვეყნის ერმა მეფე ამონის წინააღმდეგ აჯანყებულნი. და მის ნაცვლად მისი ძე, იოშია გაამეფა ქვეყნის ერმა. 25 ამონის დანარჩენი საქმენი, რაც გაუკეთებია, იუდას მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი. 26 და დამარხეს იგი თავის სამარხში, ყუზას ბაღში, და მის ნაცვლად მისი ძე, იოშია, გამეფდა.