ძველი აღთქმა
4 მეფეთა
231 და შეუთვალა მეფემ და შეკრიბეს მასთან იუდას მთელი უხუცესობა და იერუსალიმი. 2 და ავიდა მეფე უფლის სახლში და ყველა იუდაელი, და იერუსალიმის ყველა მცხოვრები მასთან ერთად, და მღვდლები და წინასწარმეტყველნი, მთელი ერი დიდიან-პატარიანად, და ხმამაღლა წაუკითხა მათ მეფემ ყოველი სიტყვა აღთქმის წიგნისა, რომელიც უფლის სახლში იპოვეს. 3 და შედგა მეფე ამაღლებულზე და დადო აღთქმა უფლის წინაშე, რომ ივლიდა უფლის კვალზე, ყურად იღებდა მის მცნებებს, მის მოწმობებს და მის წესებს მთელი გულითა და სულით, რათა აღსრულებულიყო ამ წიგნში ჩაწერილი აღთქმის სიტყვები. და მოიწონა აღთქმა მთელმა ერმა. 4 და გამოატანინა მეფემ ხილკიაჰუ მღვდელმთავარს, მეორე ხარისხის მღვდლებს და ზღურბლის მცველებს უფლის ტაძრიდან ბაყალისთვის, აშერასათვის და მთელი ციური მხედრობისთვის გაკეთებული ნივთები და ცეცხლს მისცა იერუსალიმს გარეთ, კიდრონის ველზე, ხოლო ნაცარი ბეთელში წაიღო. 5 და გაყარა იუდას მეფეთა მიერ დაყენებული ქურუმები, რომლებიც მსხვერპლს სწირავდნენ გორაკებზე იუდას ქალაქებში და იერუსალიმის სანახებში და ბაყალის, მზისა და მთვარის, ცთომილთა და მთელი ციური მხედრობისთვის გუნდრუკის მკმეველნი. 6 და გაიტანა აშერა უფლის სახლიდან იერუსალიმს გარეთ, კიდრონის ხევისკენ, და დაწვა კიდრონის ხევში, ნაცარტუტად აქცია და მისი ფერფლი მდაბიორთა სასაფლაოზე დაყარა. 7 და დაანგრია უფლის ტაძართან მდგარი როსკიპთა სახლები, სადაც დედაკაცები კარვებს უქსოვდნენ აშერას. 8 და გამოყარა იუდას ქალაქებიდან მღვდლები და წაბილწა გორაკები, სადაც აკმევდნენ ისინი გუნდრუკს, გებაყიდან ბეერ-შებაყამდე, და დაანგრია კარიბჭის გორაკები, ერთი – ქალაქის მთავრის, იესოს, კარიბჭის შესასვლელთან რომ იყო, და მეორე – ქალაქის კარიბჭის ხელმარცხნივ. 9 თუმცა გორაკთა მღვდლები არ აღავლენდნენ უფლის სამსხვერპლოზე იერუსალიმში, მაგრამ ხმიადებს კი ჭამდნენ თავიანთ ძმებთან ერთად. 10 და წაბილწა თოფეთი, ჰინომის ძეთა ველზე რომ იყო, რათა არავის გაეტარებინა ცეცხლში მოლოქისთვის თავისი ძე ან ასული. 11 და გაუშვა ცხენები, რომლებიც იუდას მეფეებს მზისთვის ჰყავდათ მიძღვნილი უფლის სახლში, შესასვლელის წინ, ჯარისკაც ნათან-მელექის პალატთან, გარეუბანში რომ არის. მზის ეტლები კი ცეცხლში დაწვა. 12 სამსხვერპლოებიც ახაზისეული სამყოფელის ბანზე, იუდას მეფეებმა რომ აღმართეს, და სამსხვერპლოები, რომლებიც აღმართა მენაშემ უფლის სახლის ორთავე ეზოში, დაანგრია მეფემ, მოაშორა იქაურობას და კიდრონის ხევში ჩაყარა მათი ფერფლი. 13 და წაბილწა გორაკები, იერუსალიმის გასწვრივ რომ არის, წარწყმედის მთის მარჯვნივ, მეფემ რომ მოუწყო ყაშთორეთს – ციდონელთა სიბილწეს, ქამოშს – მოაბის სიბილწეს, და მილქომს – ყამონის ძეთა სისაძაგლეს. 14 და დალეწა სვეტები და გაჩეხა აშერები, ადამიანის ძვლებით აავსო ის ადგილი. 15 ასევე დაანგრია ბეთელის სამსხვერპლო, იერობყამ ნაბატის ძის, ისრაელის მაცთუნებლის, მოწყობილი გორაკი; და ცეცხლს მისცა გორაკი და გააცამტვერა, და დაწვა აშერა. 16 და გაიხედა იოშიამ და დაინახა სამარხები, მთაზე რომ იყო, და ამოაღებინა სამარხებიდან ძვლები, და სამსხვერპლოზე დააწვევინა, და ამით წაბილწა იგი უფლის სიტყვისამებრ, როგორც გამოცხადებული ჰქონდა ღვთისკაცს, რომელმაც წინასწარ აუწყა ეს ამბები. 17 და თქვა: „ეს რა ძეგლია, აქ რომ ვხედავ?” და უთხრეს ქალაქის მცხოვრებლებმა: „იუდადან მოსული ღვთისკაცის სამარხია, რომელმაც ეს ამბები გვიწინასწარმეტყველა, შენ რომ დაათიე ახლა ბეთელის სამსხვერპლოებს.” 18 და თქვა: „მოასვენეთ, ნურვინ დასძრავს მის ძვლებს.” ასე იხსნა მისმა ძვლებმა სამარიიდან მოსული წინასწარმეტყველის ძვლები. 19 ასევე გორაკთა ყველა სახლი, სამარიის ქალაქებში რომ ჰქონდათ აშენებული ისრაელის მეფეებს უფლის გასარისხებლად, დაანგრია იოშიამ და ისეთივე დღე დააწია მათ, როგორც ბეთელში. 20 სამსხვერპლოებზე დაკლა გორაკთა მღვდლები, ვინც კი იქ იყო, ზედ დაწვა ადამიანის ძვლები და იერუსალიმში დაბრუნდა. 21 და უბრძანა მეფემ მთელს ერს: „მოუმზადეთ პასექი უფალს, თქვენს ღმერთს, როგორც ამ აღთქმის წიგნში სწერია, 22 რადგან არ მომზადებულა ამგვარი პასექი არც მსაჯულთა დროიდან, რომლებიც განაგებდნენ ისრაელს, და არც ისრაელის მეფეთა და იუდას მეფეთა ხანაში.” 23 მეფე იოშიას მეთვრამეტე წელს მომზადდა ეს პასექი უფლისათვის იერუსალიმში. 24 ასევე მესულთანეებიც, ჯადოქრები, თერაფიმები, კერპები და ყოველი სისაძაგლე, რაც კი გამოჩნდა იუდას ქვეყანაში და იერუსალიმში, აღმოფხვრა იოშიამ, რათა აღსრულებულიყო იმ წიგნში დაწერილი აღთქმის სიტყვები, რომელიც უფლის სახლში იპოვნა ხილკიაჰუ მღვდელმა. 25 არ ყოფილა მანამდე მისი მსგავსი მეფე, რომელიც მთელი გულითა და სულით, მთელი თავისი ძალით, მოსეს რჯულის თანახმად, ყოფილიყო მოქცეული უფლისადმი. არც მის მერე გამოჩენილა მისი მსგავსი. 26 მაგრამ არ შებრუნებულა უფალი დიდი რისხვისგან, რითაც მრისხანებდა იგი იუდაზე. ყველა წყენის გამო, რაც მენაშემ აწყენინა მას. 27 და თქვა უფალმა: „იუდასაც მოვიშორებ ჩემგან, როგორც ისრაელი მოვიშორე. არად ჩავაგდებ ამ ქალაქს, იერუსალიმს, რომელიც ავირჩიე, იერუსალიმს და სახლს, რომელზეც ვთქვი: ‘აქ იქნება ჩემი სახელი.” 28 იოშიას დანარჩენი საქმენი, ყველაფერი, რაც გაუკეთებია, იუდას მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი. 29 მის დროს გამოვიდა ფარაონი ნექო, ეგვიპტელთა მეფე, აშურის მეფის წინააღმდეგ მდინარე ევფრატზე. და გაემართა მეფე იოშია მის დასახვედრად, და მოკლა იგი ფარაონმა მეგიდოში, დანახვისთანავე. 30 და წაასვენეს იგი მისმა მსახურებმა მეგიდოდან იერუსალიმში და მის სამარხში დამარხეს. და გამოიყვანა ქვეყნის ხალხმა იეჰოახაზ იოშიას ძე, და სცხო ზეთი და მამამისის ნაცვლად გაამეფეს. 31 ოცდასამი წლისა იყო იეჰოახაზი, როცა გამეფდა და სამი თვე იმეფა იერუსალიმში. მისი დედა იყო ხამუტალი, იერემიას ასული, ლიბნადან. 32 ბოროტს აკეთებდა უფლის თვალში, როგორც მისი მამები აკეთებდნენ. 33 და დააკავა იგი ფარაონმა ნექომ რიბლაში, ხამათის ქვეყანაში, რომ იერუსალიმში არ ემეფა, და დააკისრა ქვეყანას ასი ქანქარი ვერცხლი და ერთი ქანქარი ოქრო. 34 და გაამეფა ფარაონმა ნექომ ელიაკიმი, იოშიას ძე მამამისის, იოშიას, ნაცვლად და დაარქვა სახელად იეჰოიაკიმი. და ადგა იეჰოახაზი და წავიდა ეგვიპტეს და იქ მოკვდა. 35 ოქრო-ვერცხლს აძლევდა იეჰოიაკიმი ფარაონს, ოღონდ ქვეყანაზე გაანაწილა ფარაონის ბრძანებისამებრ მისაცემი ვერცხლი. ქვეყნის ხალხში თითოეულს მისი შეძლების მიხედვით დააკისრა ფარაონ ნექოსათვის მისაცემი ვერცხლი. 36 ოცდახუთი წლისა იყო იეჰოიაკიმი, როცა გამეფდა, და თერთმეტი წელი იმეფა იერუსალიმში. მისი დედა იყო ზებუდა, ფედაიას ასული, რუმადან. 37 ბოროტს აკეთებდა უფლის თვალში, როგორც მისი მამები აკეთებდნენ.