2 მეფეთა 14

By
მაისი 19, 2015
ძველი აღთქმა
2 მეფეთა

141 და შეიტყო იოაბმა, ცერუიას ძემ, რომ გული მოუბრუნდა მეფეს აბესალომზე. 2 და გაგზავნა კაცი თეკოაყში და ერთი ჭკვიანი ქალი მოაყვანინა იქიდან. და უთხრა: „თავი მოიმგლოვიარე, ჩაიცვი სამგლოვიარო სამოსელი, ზეთს ნუ იცხებ, და ისე იყავი, როგორც დიდი ხნის მგლოვიარე ქალია. 3 და მიდი მეფესთან და უამბე ასე და ასე.” და ბაგეებში ჩაუდო იოაბმა სათქმელი. 4 და შევიდა თეკოაყელი ქალი მეფესთან, დაემხო მიწაზე, თაყვანისცა და უთხრა: „მიშველე, მეფეო” 5 ჰკითხა მეფემ: „რა გჭირს?” და უთხრა ქალმა: „ერთი ქვრივი ქალი ვარ, ქმარი მომიკვდა; 6 ორი ვაჟიშვილი ჰყავდა შენს მხევალს. მინდორში წაეკიდნენ ერთმანეთს, გამშველებელი არავინ იყო, დაჰკრა ერთმა მეორეს და მოკლა. 7 და აღდგა შენი მხევლის წინააღმდეგ მთელი ნათესაობა და მეუბნებიან: ‘მოგვეცი ძმის მკვლელი, რომ მოვკლათ ძმის სულის წილ, რომელიც მოკლა, და მოვსპოთ თვით მემკვიდრეც.’ ამ ნაპერწკალსაც ჩამიქრობენ, რომელიც დამრჩა, და სახელს და შთამომავლობას არ დაუტოვებენ ჩემს ქმარს ამ ქვეყანაზე.” 8 და უთხრა მეფემ ქალს: „წადი მშვიდად შინ. ბრძანებას გავცემ შენს გამო.” 9 და უთხრა თეკოაყელმა ქალმა მეფეს: „ჩემზე, მეფევ-ბატონო, და მამაჩემის სახლზე იყოს ცოდვა. მეფე და მისი ტახტი უბრალოა.” 10 და უთხრა მეფემ: „აქ მომიყვანე შენი მომჩივანი და ვეღარ გაბედავს შენს შეწუხებას.” 11 და უთხრა ქალმა: „ახსენე, მეფეო, უფალი, შენი ღმერთი, ვინძლო არ გამრავლდნენ შურისმგებელნი და არ დამიღუპონ შვილი.” და უთხრა: „უფალს ვფიცავ, შენი შვილის თმის ერთი ღერიც არ დავარდება მიწაზე.” 12 და უთხრა ქალმა: „ერთი სიტყვაც ათქმევინე მეფე-ბატონისთვის შენს მხევალს.” და უთხრა: „თქვი.” 13 და უთხრა ქალმა: „რატომ ფიქრობ ასე ღვთის ერის წინააღმდეგ? თავის თავს ამტყუნებს ამის მთქმელი მეფე, რადგან თავის განდევნილს უკან არ აბრუნებს. 14 რადგან ყველანი დავიხოცებით და მიწაზე დაღვრილი წყალივით ვეღარ შევგროვდებით. მაგრამ ღმერთი არ გასწირავს კაცის სიცოცხლეს. და იმას ფიქრობს, რომ განდევნილიც კი არ მოიკვეთოს თავისგან საბოლოოდ. 15 ახლა მოვედი, რომ ეს სიტყვები ვუთხრა ჩემს მეფე-ბატონს, რადგან მაშინებს ხალხი. იფიქრა შენმა მხევალმა: ვეტყვი მეფეს, იქნებ აღასრულოს მეფემ თავისი მხევლის სათხოვარი-მეთქი, 16 რომ მოუსმინოს მეფემ თავის მხევალს და დაგვიხსნას მათგან, ვინც მე და ჩემს შვილს ღვთის სამკვიდროდან ამოძირკვას გვიპირებს. 17 და თქვა შენმა მხევალმა: ნუგეში იქნება მეფე-ბატონის სიტყვა, რადგან ღვთის ანგელოზივით არის ჩემი მეფე-ბატონი, და გაარჩევს კეთილს და ბოროტს. შენთან იყოს უფალი, შენი ღმერთი.” 18 და მიუგო მეფემ ქალს და უთხრა: „ერთ რამეს გკითხავ და ნუ დამიმალავ.” და უთხრა ქალმა: „თქვას მეფე-ბატონმა.” 19 და თქვა მეფემ: „იოაბის ხელი ხომ არ ურევია შენთან ერთად ამ საქმეში?” და მიუგო ქალმა და უთხრა: „მეფე-ბატონს ვფიცავ, თუ მარჯვნივ ან მარცხნივ გადაუხვიოს ვინმემ მეფე-ბატონის ნათქვამს. სწორედ შენმა მსახურმა იოაბმა დამარიგა და მან ჩააგონა შენს მხევალს ეს სიტყვები. 20 ნართაულად რომ ეჩვენებინა საქმე, იმიტომ მოიქცა ასე იოაბი. მაგრამ ღვთის ანგელოზივით ბრძენია ჩემი ბატონი და ყველაფერს მიხვდება ამ ქვეყანაზე.” 21 და უთხრა მეფემ იოაბს: „რაკი შენ მოგიწყვია ეს საქმე, წადი და დააბრუნე ყმაწვილი აბესალომი.” 22 და პირქვე დაემხო იოაბი, თაყვანისცა მეფეს და მადლი მოახსენა და უთხრა: „ახლა სჯერა შენს მსახურს, რომ მადლი მიპოვნია ჩემი ბატონის, მეფის, თვალში, რადგან აღასრულა მეფემ თავისი მსახურის სათხოვარი.” 23 და ადგა და წავიდა იოაბი გეშურს, და მოიყვანა აბესალომი იერუსალიმში. 24 და თქვა მეფემ: „დაბრუნდეს თავის სახლში, ოღონდ ვერ იხილავს ჩემს სახეს.” და დაბრუნდა აბესალომი თავის სახლში და ვერ იხილა მეფის სახე. 25 და არავინ იყო მთელს ისრაელში ისეთი ლამაზი კაცი, როგორც აბესალომი და ისეთი ქებული, როგორც ის, თხემით ტერფამდე უნაკლო იყო. 26 როცა თავს მოიკრეჭდა, – ის კი ყოველ წელს იკრეჭდა თმას, რადგან ამძიმბდა, – მოკრეჭილი თმა ორას შეკელს იწონიდა სამეფო საწონით. 27 და შეეძინა აბესალომს სამი ვაჟიშვილი და ერთი ქალი, სახელად თამარი. და ძალიან ლამაზი შესახედი ქალი იყო იგი. 28 ორ წელს ცხოვრობდა აბესალომი იერუსალიმში, მაგრამ მეფის სახე არ უხილავს. 29 და დაიბარა აბესალომმა იოაბი მეფესთან გასაგზავნად, მაგრამ არ ინდომა იოაბმა მისვლა. მეორედ დაიბარა, არც ახლა ინდომა მისვლა. 30 და უთხრა თავის მსახურს: „მოათვალიერეთ იოაბის ყანა, ჩემს მეზობლად რომ არის, ქერი უთესია იქ, მიდით და გადაწვით.” გადაწვეს ეს ყანა აბესალომის მსახურებმა. 31 და ადგა იოაბი და მივიდა აბესალომთან სახლში და უთხრა: „რატომ გადამიწვეს ყანა შენმა მსახურებმა?” 32 და უთხრა აბესალომმა იოაბს: „დაგიბარე, რომ მოსულიყავი და მეფესთან გამეგზავნე, რომ გეთქვა: ‘რისთვის მოვედი გეშურიდან? მიჯობდა იქ დავრჩენილიყავი. და ახლა მინდა მეფის სახე ვიხილო. თუ დამნაშავე ვარ, ბარემ მომკალი.’” 33 და მივიდა იოაბი მეფესთან და მოახსენა. და უხმო აბესალომს, ისიც მივიდა მეფესთან, და მდაბლად თაყვანისცა და აკოცა მეფემ აბესალომს.

თავი მეცამეტე                                                                                                                                  თავი მეთხუთმეტე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close