ძველი აღთქმა
2 მეფეთა
151 ამის შემდეგ იყო, რომ გაიჩინა აბესალომმა ეტლები და ცხენები და ორმოცდაათი მალემსრბოლი. 2 და ადგებოდა დილაადრიანად აბესალომი, დადგებოდა კარიბჭის შესასვლელთან და ყველას, ვისაც კი საჩივარი ჰქონდა და მეფესთან მოდიოდა სამართლის საძებრად, თავისთან იხმობდა და ეკითხებოდა: „რომელი ქალაქიდან ხარ?” და როცა ეტყოდნენ: „ისრაელის ამა და ამ შტოდან ვარ შენი მსახური,” 3 ეტყოდა აბესალომი: „კარგია და სამართლიანი შენი საქმე, მაგრამ ვინ მოგისმენს მეფის კარზე!” 4 და ამბობდა აბესალომი: „ნეტავ მსაჯულად დამადგინონ ამ ქვეყანაში! ყველა მე მომაკითხავდა, ვისაც კი სადაო საქმე და საჩივარი ექნებოდა, და მეც სამართალს გავუჩენდი.” 5 თაყვანისსაცემად მისულ კაცს ხელს გაუწვდიდა, მოეხვეოდა და აკოცებდა. 6 ამგვარად ექცეოდა აბესალომი ყველა ისრაელის ძეს, ვინც კი მეფესთან მიდიოდა სამართლისათვის. ასე მოიგო აბესალომმა ისრაელიანთა გული. 7 და ორმოცი წლის თავზე უთხრა აბესალომმა მეფეს: „წავალ ხებრონში და შევუსრულებ უფალს აღთქმას, რომელიც აღთქმული მაქვს. 8 რადგან ასეთი აღთქმა დადო შენმა მსახურმა გეშურში, არამში ყოფნისას: თუ დამაბრუნებს უფალი იერუსალიმში, მსხვერპლს შევწირავ-მეთქი უფალს.” 9 და უთხრა მეფემ: „მშვიდობით წადი.” და ადგა და წავიდა ხებრონს. 10 გზირები დაგზავნა აბესალომმა ისრაელის ყველა ტომში და შეუთვალა: „ბუკის ხმა რომ მოგესმებათ, გამოაცხადეთ: ‘აბესალომი გამეფდა ხებრონს!’” 11 ორას კაცს დაუძახა აბესალომმა და გაიყოლა იერუსალიმიდან, და ისინიც ალალად გაჰყვნენ, არ იცოდნენ საქმის ვითარება. 12 და გილონელი ახითოფელიც, დავითის მრჩეველი, დაიბარა აბესალომმა მისი ქალაქიდან, გილოდან, მსხვერპლშეწირვაზე. და განმტკიცდა შეთქმულება და უამრავმა ხალხმა იწყო დენა აბესალომისკენ. 13 და მივიდა მაცნე დავითთან და უთხრა: „აბესალომს მიემხრო მთელი ისრაელი.” 14 და უთხრა დავითმა თავის მსახურთ და ყველას, ვინც კი თან ახლდა იერუსალიმში: „ადექით და გავიქცეთ, თორემ ვერ გადავურჩებით აბესალომს. იჩქარეთ წასვლა, რომ არ მოგვისწროს და არ შეგვიპყროს, და უბედურება არ დაგვათიოს თავზე, მახვილს არ მისცეს ქალაქი.” 15 და უთხრეს მეფის მსახურებმა მეფეს: „გადაწყვიტოს ჩვენმა მეფე-ბატონმა და აჰა, ჩვენ აქა ვართ, შენი მსახურნი.” 16 და გავიდა მეფე და ფეხით მიჰყვა მას მთელი სახლი. მხოლოდ ათი ხარჭა დატოვა მეფემ სახლის საპატრონოდ. 17 და გავიდა მეფე და მიჰყვა მთელი ხალხი, და დადგნენ ერთ განაპირა სახლში. 18 მხარდამხარ მიჰყვებოდნენ მისი მსახურნი, ხოლო ქერეთელები, ფელეთელები და გეთელები, ექვსასი კაცი, გეთიდან რომ წამოჰყვა მას, წინ მიუძღოდნენ მეფეს. 19 და უთხრა მეფემ ითაი გითელს: „შენ რაღას მოგვყვები? გაბრუნდი და დარჩი იმ მეფესთან, რადგან უცხოელი ხარ და შენი ადგილიდან გადმოხვეწილი. 20 გუშინ მოხვედი და დღეს როგორ გაიძულო ჩვენთან ერთად წამოსვლა? მე წავალ, სადაც იქნება, შენ კი გაბრუნდი და უკან გააბრუნე შენი ძმები. წყალობა და ჭეშმარიტება იყოს შენთან!” 21 მიუგო ითაიმ მეფეს და უთხრა: „უფალს და ჩემს მეფე-ბატონს ვფიცავ, სადაც არ უნდა წავიდეს ჩემი მეფე-ბატონი, სასიკვდილოდ თუ სასიცოცხლოდ, შენი მსახურიც იქ იქნება,” 22 და უთხრა დავითმა ითაის: „კეთილი, წამოდი.” და წაჰყვა ითაი გითელი და მთელი მისი ხალხი და მთელი წვრილშვილი, ვინც მასთან იყო. 23 და ხმამაღლა ტიროდა მთელი ქვეყანა და მიმავალი ხალხი. და გადალახა მეფემ კიდრონის ხევი და მთელი ხალხი დაადგა უდაბნოს გზას. 24 და აჰა, ცადოკს და მასთან ერთად ყველა ლევიანს მოჰქონდათ ღვთის აღთქმის კიდობანი. და დაასვენეს ღვთის კიდობანი. და მაღლობზე იდგა აბიათარი, ვიდრე მთლიანად არ გამოვიდა ხალხი ქალაქიდან. 25 და უთხრა მეფემ ცადოკს: „დააბრუნე ქალაქში ღვთის კიდობანი. თუ მადლი მიპოვნია უფლის თვალში, მეც დამაბრუნებს და მახილვინებს მას და მის სამყოფელს. 26 და თუ ბრძანებს, აღარ მინდიხარო, სადღა წავალ. მიყოს, რაც ენებოს.” 27 და უთხრა მეფემ მღვდელ ცადოკს: „აბა, დაბრუნდი მშვიდობით ქალაქში, შენი შვილი ახიმაყაცი და იონათანი, აბიათარის ძე – თქვენი ორივე შვილი – თქვენთან იქნებიან. 28 იცოდეთ, უდაბნოს ვაკეზე დაველოდები, ვიდრე ამბავი არ მომივა თქვენგან.” 29 და გააბრუნეს ცადოკმა და აბიათარმა ღვთის კიდობანი იერუსალიმში და იქ დარჩნენ. 30 ხოლო დავითი შეუდგა ზეთისხილის მთას, ადიოდა და ტიროდა, თავდაბურული და ფეხშიშველი. ყველას, ვინც მასთან იყო, თავი ჰქონდა დაბურული, და ტირილ-ტირილით ადიოდნენ. 31 და შეატყობინეს დავითს: „ახითოფელიც შეთქმულებაში არის აბესალომთან.” და თქვა დავითმა: „ჩაშალე, უფალო, ახითოფელის თათბირი.” 32 და მიაღწია დავითმა მთის წვერამდე, სადაც თაყვანისცა ღმერთს, და აჰა, მოდის ხუშაი არქელი, ღვთის ერთგული, მოსასხამშემოგლეჯილი და თავზე მტვერდაყრილი. 33 და უთხრა დავითმა: „თუ წამომყვები, ტვირთად დამაწვები. 34 და თუ ქალაქში გაბრუნდები და ეტყვი აბესალომს: ‘შენი მსახური ვიქნები, მეფეო, როგორც აქამდე ვიყავი მამაშენის მსახური, ამიერიდან შენი მსახური ვიქნები’, და გააცუდებ ჩემს სასარგებლოდ ახითოფელის თათბირს, 35 განა შენთან არ იქნებიან იქ ცადოკი და აბიათარი – მღვდლები? და ყველაფერს, რასაც გაიგონებ მეფის სასახლეში, ცადოკს და აბიათარს – მღვდლებს – შეატყობინებ, 36 იქა ჰყავთ მათ ორი ვაჟი: ცადოკს – ახიმაყაცი და აბიათარს – იონათანი. მათი ხელით მომაწვდენთ ყველა ამბავს, რასაც გაიგებთ.” 37 და მივიდა ხუშაი, დავითის ერთგული, ქალაქში და აბესალომიც შევიდა იერუსალიმში.