ძველი აღთქმა
2 ნეშტთა
11 განმტკიცდა სოლომონი, დავითის ძე, თავის სამეფოში. უფალი, მისი ღმერთი, იყო მასთან და დიდად აღაზევა იგი. 2 და მოუხმო სოლომონმა მთელ ისრაელს: ათისთავებს, ასისთავებს, მსაჯულებს და მთელი ისრაელის ყველა წინამძღოლს, მამისსახლთა თავკაცებს. 3 და გაემართნენ სოლომონი და მასთან ერთად მთელი კრებული იმ გორაკისაკენ, რომელიც გაბაონშია, რადგან იქ იყო სადღესასწაულო კარავი, მოსემ, უფლის მსახურმა, რომ გააკეთა უდაბნოში. 4 ხოლო ღვთის კიდობანი დავითს კირიათ-იეყარიმიდან ჰქონდა გადატანილი იმ ადგილზე, რომელიც მას მოუმზადა დავითმა, რადგან იერუსალიმში გაშალა მისი კარავი. 5 სპილენძის სამსხვერპლო, ბეცალელმა, ხურის ძის ურის ძემ რომ გააკეთა, იქვე იყო, უფლის სავანის წინ. და მოძებნეს იგი სოლომონმა და კრებულმა. 6 და ავიდა იქ სოლომონი უფლის წინაშე, სპილენძის სამსხვერპლოზე, სადღესასწაულო კარავთან რომ არის, და ათასი სრულადდასაწველი აღავლინა მასზე. 7 იმ ღამეს გამოეცხადა ღმერთი სოლომონს და უთხრა: „მთხოვე, რა გინდა, რომ მოგცე?” 8 და უთხრა სოლომონმა ღმერთს: „დიდად სწყალობდი დავითს, მამაჩემს. მის ნაცვლად კი მე გამამეფე. 9 უფალო ღმერთო, ახლა აღსრულდეს შენი სიტყვა, დავითს, მამაჩემს, რომ უთხარი. რაკიღა მიწის მტვერივით რიცხვმრავალ ხალხზე გამამეფე, 10 სიბრძნე და ცოდნაც მომეცი ბარემ, რომ გავდიოდე ხალხის წინაშე და შევდიოდე, რადგან ვის შეუძლია განაგოს შენი ერი ესოდენ მრავალრიცხოვანი?” 11 და უთხრა უფალმა სოლომონს: „რაკი გულში ეს გქონდა და არ ითხოვე სიმდიდრე, ქონება, დიდება, შენი მტრების სული, და არც ხანგრძლივი სიცოცხლე ითხოვე, არამედ მხოლოდ სიბრძნე და ცოდნა გამომთხოვე სამართავად ჩემი ერისა, რომელზედაც მე გაგამეფე, 12 გეძლევა სიბრძნე და ცოდნა. და ისეთ სიმდიდრეს, ქონებასა და დიდებას მოგანიჭებ, რომლის მსგავსი არც შენს წინამორბედ მეფეებს ჰქონიათ და არც შენს შემდეგ ექნება ვინმეს.” 13 გაბაონში რომ გორაკია, იქიდან ჩავიდა სოლომონი საკრებულო კარვიდან იერუსალიმში და მეფობდა ისრაელზე. 14 და თავი მოუყარა სოლომონმა ეტლებსა და ცხენოსნებს, ჰყავდა ათასოთხასი ეტლი და თორმეტი ათასი ცხენოსანი. და განალაგა ისინი ეტლების სადგომ ქალაქებში და იერუსალიმში, თავისთან. 15 ოქრო-ვერცხლი რიყის ქვას გაუთანაბრა იერუსალიმში, ხოლო კედარი – სიკომორის ხეს, დაბლობში რომ იზრდება. 16 სოლომონის ცხენები ეგვიპტიდან და კევედან იყო მოყვანილი. მეფის ვაჭრებს მოჰყავდათ კევედან საფასურით. 17 ეტლი ექვსას ვერცხლად ამოჰყავდათ ეგვიპტიდან, ხოლო ცხენები – ასორმოცდაათ ვერცხლად. ამავე ფასში მოჰქონდათ თავიანთი ხელით ხეთელთა და არამელთა მეფეებისათვისაც.