1 ნეშტთა
141 გაუგზავნა ხირამმა, ცორის მეფემ, დავითს მოციქულები და ფიჭვის ძელები, კედლის მშენებლები, ხუროები მისთვის სახლის ასაშენებლად. 2 და მიხვდა დავითი, რომ მტკიცედ ჰყავდა დადგენილი იგი უფალს ისრაელის მეფედ, და რომ აღამაღლა მისი სამეფო თავისი ერის, ისრაელის, გამო. 3 და კიდევ მოიყვანა დავითმა იერუსალიმში ცოლები და კიდევ შეეძინა დავითს ვაჟები და ასულები. 4 აჰა, იმათი სახელები, რომელნიც იერუსალიმში შეეძინა: შამუაყი, შობაბი, ნათანი, სოლომონი, 5 იბხარი, ელიშუაყი, ელიფალეტი. 6 ნოგა, ნეფეგი, იაფიაყი, 7 ელიშამაყი, ბეყელიადაყი, ელიფალეტი. 8 და შეიტყვეს ფილისტიმელებმა, რომ მთელი ისრაელის მეფედ აკურთხეს დავითი, და დაიძრნენ ფილისტიმელნი დავითის შესაპყრობად. და შეიტყო ეს დავითმა და გამოვიდა მათ წინააღმდეგ. 9 და მოვიდნენ ფილისტიმელები და რეფაიმის ველზე განლაგდნენ. 10 დავითი ღმერთს დაეკითხა: „გავილაშქრო ფილისტიმელებზე? ჩამიგდებ მათ ხელში?” და უთხრა მას უფალმა: „გაილაშქრე, რადგან ხელში ჩაგიგდებ ფილისტიმელებს.” 11 და ავიდნენ ბაყალ-ფერაციმში, და იქ სძლია დავითმა და თქვა: „წალეკა უფალმა ჩემი მტრები ჩემივე ხელით,როგორც წყალი წალეკავს.” ამიტომ ეწოდა იმ ადგილს ბაყალ-ფერაციმი. 12 და იქ მიატოვეს თავიანთი კერპები. დავითმა ბრძანა და ცეცხლში დაწვეს ისინი. 13 და კვლავ გამოილაშქრეს ფილისტიმელებმა და ველზე განლაგდნენ. 14 და კვლავ დაეკითხა დავითი ღმერთს. და უთხრა ღმერთმა: „უკან ნუ გაეკიდები, გარს მოუარე და ბალზამის ხეების მხრიდან მიადექი. 15 და, როგორც კი ბალზამის ხის კენწეროებიდან შრიალის ხმა შემოგესმება, იმ წამსვე შეიმართე საომრად, რადგან მაშინ წაგიძღვება ღმერთი ფილისტიმელთა ბანაკის შესამუსრად.” 16 ისე მოიქცა დავითი, როგორც ღმერთმა დაარიგა, და გაბაონიდან გეზერამდე მუსრი გაავლო ფილისტიმელთა ურდოს. 17 დავითმა მთელ ქვეყანაზე გაითქვა სახელი და უფალმა მისი შიში მისცა ყველა ხალხს.