ძველი აღთქმა
2 ნეშტთა
61 მაშინ თქვა სოლომონმა: „ბნელში დავანება ინება უფალმა. 2 სახლი აგიშენე სავანედ შენდა, სამყოფელი სამარადისო სამკვიდრებლად.” 3 პირი ხალხისკენ იბრუნა მეფემ და აკურთხა ისრაელის კრებული. და ფეხზე იდგა მთელი ისრაელის კრებული. 4 და თქვა: „კურთხეულ იყოს უფალი, ღმერთი ისრაელისა, რომელიც თავისი პირით ელაპარაკა დავითს, მამაჩემს, და თავისი ხელით შეასრულა! იგი ამბობდა: 5 ‘იმ დღიდან, რაც ეგვიპტის ქვეყნიდან გამოვიყვანე ჩემი ერი, ისრაელის არცერთ ტომში არ ამირჩევია ქალაქი სახლის ასაშენებლად, რათა იქ დამკვიდრებულიყო ჩემი სახელი, და კაციშვილი არ ამირჩევია, ჩემი ერის, ისრაელის, წინამძღოლად, 6 მხოლოდ იერუსალიმი ავირჩიე ჩემი სახელის დასამკვიდრებლად, და დავითი ავირჩიე ჩემს ერზე, ისრაელზე, დასადგენად.’ 7 გულში ჰქონდა მამაჩემს, დავითს, სახლის აშენება უფლის, ისრაელის ღმერთის, სახელზე. 8 და უთხრა უფალმა მამაჩემს, დავითს: ‘გულში რომ გქონდა ჩემს სახელზე სახლის აშენება, კარგი ჰქენი, რომ გულში გქონდა ეს საქმე. 9 ოღონდ შენ არ ააშენებ სახლს, არამედ შენი შვილი, შენი საზარდულიდან გამოსული, ის ააშენებს სახლს ჩემს სახელზე.’ 10 და დაამტკიცა უფალმა თავისი ნათქვამი სიტყვა. და აჰა, მე დავდექი მამაჩემის, დავითის, ადგილზე, ავედი ისრაელის ტახტზე, როგორც ნაბრძანები ჰქონდა უფალს, და უფლის, ისრაელის ღმერთის, სახელზე ავაშენე სახლი. 11 და დავასვენე იქ კიდობანი, რომელშიც უფლის აღთქმა ინახება, ისრაელის ძეთ რომ დაუდო.” 12 და დადგა უფლის სამსხვერპლოს წინ მთელი ისრაელის კრებულისაკენ პირშექცევით და ხელები აღაპყრო, – 13 რადგან სოლომონმა გააკეთა სპილენძის კვარცხლბეკი, სიგრძით ხუთი წყრთა, სიგანითაც ხუთი წყრთა, სიმაღლით სამი წყრთა, და შედგა მასზე, და მუხლი მოიყარა მთელი ისრაელის კრებულის წინაშე და ხელები აღაპყრო ცისკენ, – 14 და თქვა: „უფალო, ღმერთო ისრაელისა! არ არსებობს შენი მსგავსი ღმერთი, არც ცაში და არც ქვეყნად, შენ ინახავ აღთქმასა და წყალობას შენს მსახურთა მიმართ, რომელნიც მთელი გულით დადიან შენს წინაშე. 15 შენ შეუნახე სიტყვა შენს მსახურს, მამაჩემს დავითს, და დღეს შენმა ხელებმა აღასრულა, რაც შენს ბაგეებს ჰქონდა ნაბრძანები. 16 ახლაც შეუნახე, უფალო, ღმერთო ისრაელისა, შენს მსახურს, მამაჩემს დავითს, შენი ნათქვამი სიტყვა, რომ უთხარი: ‘არ გამოგელევა მემკვიდრე ჩემს წინაშე, ისრაელის ტახტზე მჯდომარე, ოღონდ შეინახონ შენმა შვილებმა წესი და რიგი და იარონ ჩემს წინაშე, როგორც შენ დადიოდი ჩემს წინაშე.’ 17 ახლაც მტკიცე იყოს, უფალო, ღმერთო ისრაელისა, შენი სიტყვა, შენს მსახურს, მამაჩემს დავითს, რომ უბრძანე. 18 ნუთუ ნამდვილად იმკვიდრებს დედამიწაზე ღმერთი? აჰა, ვერ იტევენ მას ცანი და ცანი ცათანი, როგორღა დაიტევს ეს ჩემი აშენებული სახლი? 19 მოხედე შენი მსახურის ლოცვა-ვედრებას, უფალო, ღმერთო ჩემო, ისმინე ღაღადი და ლოცვა, რომლითაც მოგმართავს შენი მსახური, 20 რომ თვალი გეჭიროს ამ სახლზე ღამით და დღისით, ამ ადგილზე, რომლის გამოც ნათქვამი გაქვს, აქ იქნებაო ჩემი სახელი, რომ ისმინო ლოცვა, რომელსაც იტყვის ამ ადგილას შენი მსახური. 21 და ისმინე შენი მსახურისა და შენი ერის, ისრაელის, ვედრება, როცა დადგებიან ლოცვად ამ ადგილას, ისმინე შენს სამყოფელ ადგილზე ცათა შინა, ისმინე და შეგვიწყალე. 22 თუ შესცოდავს ვინმე თავის თვისტომს და ფიცით დააფიცებენ მას, და ეს ფიცი აღსრულდება შენს სამსხვერპლოსთან ამ სახლში, 23 მაშინ მოუსმინე ციდან და სამართალი გაუჩინე შენს მსახურთ, მტყუანი გაამტყუნე, რომ მის თავზე იყოს მისი საქციელი, მართალი კი გაამართლე, რომ მისი სიმართლისამებრ მიეგოს. 24 თუ დამარცხდება შენი ერი, ისრაელი შენი მტრის მიერ, იმის გამო, რომ შეგცოდეს, მერე კი მოიქცევა შენსკენ, ქებას შეასხამს შენს სახელს და დაგიწყებს ლოცვა-ვედრებას ამ სახლში, 25 მაშინ მოუსმინე ციდან და მიუტევე შეცოდება შენს ერს, ისრაელს, დააბრუნე იმ მიწაზე, რომელიც მის მამებს მიეცი. 26 როცა დაიკეტება ცა და არ იწვიმებს შეცოდების გამო, შენს წინაშე რომ ჩაიდინეს, და დაიწყებენ ლოცვას ამ ადგილას, განადიდებენ შენს სახელს, განერიდებიან ცოდვებს, რადგან უკვე დასჯილი გეყოლება ისინი, 27 მაშინ მოუსმინე ციდან და მიუტევე შეცოდება შენს მსახურთ და შენს ერს, ისრაელს, რომ დააყენო სასიკეთო გზაზე, რომლითაც სიარული მართებთ, და აწვიმე წვიმა შენს მიწაზე, რომელიც სამკვიდრებლად მიგიცია შენი ერისათვის. 28 თუ შიმშილობა იქნება ქვეყანაზე, თუ შავი ჭირი, თუ მწველი ხორშაკი, სიყვითლე, კალია თუ მატლი, ან თუ მტერი შემოადგება ქვეყანას მის კარიბჭეებს, უბედურება რაიმე, თუ სნეულება, 29 ყოველი ლოცვა, ყოველი ვედრება ადამიანისაგან და მთელი შენი ერისაგან, ისრაელისაგან, როდესაც ყველა გაიგებს თავის უბედურებას და ხელს გამოიწვდის ამ სახლისაკენ, 30 ისმინე ციდან – შენი სამყოფლიდან, და მიუტევე, მიაგე თითოეულს თავისი საქციელისამებრ შენ, რომელმაც უწყი მათი გულები, რადგან მხოლოდ შენ უწყი ადამიანთა გული, 31 რათა მუდამ შენი შიში ჰქონდეთ, ვიდრე ცხოვრობენ ამ მიწაზე, რომელიც ჩვენს მამებს მიეცი. 32 იმ უცხოელსაც უსმინე, რომელიც არ არის შენი ერიდან, ისრაელიდან, მაგრამ შორეული ქვეყნიდან მოვა შენი დიდი სახელის, მაგარი ხელის და შემართული მკლავის გამო, და მოვა და ილოცებს ამ ტაძართან. 33 ისმინე ციდან, შენი სამყოფელიდან, და შეუსრულე, რასაც შეგთხოვს უცხოელი, რომ მთელი ქვეყნის ხალხებმა გაიგონონ შენი სახელი და შიში მიეცეთ შენი ერის, ისრაელის, მსგავსად, რათა იცოდნენ, რომ შენი სახელი ჰქვია ამ სახლს, მე რომ ავაშენე. 34 როცა მტერთან საბრძოლველად გავა შენი ერი, დაადგება გზას, რომელზეც შენ დააყენებ, და დაიწყებს ლოცვას უფლისადმი ამ ქალაქისაკენ პირშექცეული, შენ რომ აირჩიე, და იმ სახლისაკენ, შენს სახელზე რომ ავაშენე, 35 მაშინ ისმინე ციდან მათი ლოცვა და ღაღადისი და სამართალი გაუჩინე. 36 როცა შეგცოდავენ, – რადგან არ არსებობს უცოდველი კაცი, –განურისხდები, მტრების ხელში ჩააგდებ და ტყვედ წაასხამენ მტრის ქვეყანაში,შორს იქნება თუ ახლოს, 37 გონს მოეგებიან იმ ქვეყანაში, სადაც იქნებიან ტყვედ, მოიქცევიან, შემოგღაღადებენ თავიანთი ტყვეობის ქვეყანაში, და იტყვიან: ‘შევცოდეთ, დავაშავეთ, ბოროტება ჩავიდინეთ,’ 38 და როცა მთელი სულითა და გულით მოიქცევიან შენსკენ მათი მტრების ქვეყანაში, რომელშიც ტყვედ წაასხეს, და დაიწყებენ ლოცვას იმ ქვეყნისაკენ პირმიქცეულნი, მათ მამებს რომ მიეცი, იმ ქალაქისაკენ, შენ რომ აირჩიე, იმ სახლისაკენ, მე რომ ავაშენე შენს სახელზე, 39 მაშინ ისმინე ციდან, შენი სამყოფლიდან, მათი ლოცვა-ვედრება, სამართალი გაუჩინე და მიუტევე შენს ერს, ისრაელს, რომელმაც შეგცოდა. 40 ახლა კი, ღმერთო ჩემო, თვალღია იყავ და ყური მიაპყარ ამ ადგილზე ლოცვას. 41 ახლა კი დაიძარ, უფალო ღმერთო, შენი განსასვენებლისაკენ, შენი ძლიერების კიდობანთან ერთად! შეიმოსონ შენმა მღვდლებმა, უფალო ღმერთო, ხსნა, და შენმა მადლიანებმა სიკეთით გაიხარონ. 42 უფალო ღმერთო! პირს ნუ შეაქცევ შენს ცხებულს, გაიხსენე დავითის, შენი მსახურის მიმართ სიქველენი.”