ძველი აღთქმა
2 ნეშტთა
121 როცა განმტკიცდა რეხაბყამის მეფობა და გაძლიერდა, მაშინ მიატოვა მან უფლის რჯული და მასთან ერთად მთელმა ისრაელმა. 2 რეხაბყამის მეფობის მეხუთე წელს წამოვიდა შიშაკი, ეგვიპტის მეფე, იერუსალიმზე, რადგან შესცოდეს უფალს. 3 ათას ორასი ეტლით, სამოცი ათასი მხედრით, მასთან ერთად ურიცხვი ხალხი მოვიდა ეგვიპტიდან: ლიბიელები, სუქიელები, ქუშელები, 4 აიღო იუდას გამაგრებული ქალაქები და იერუსალიმს მიადგა. 5 მაშინ წინასწარმეტყველი შემაყია მივიდა რეხაბყამთან და შიშაკს გარიდებულ, იერუსალიმში თავშეყრილ იუდას მთავრებთან, და უთხრა მათ: „ასე ამბობს უფალი: ‘რაკი თქვენ მიმატოვეთ, ახლა მეც მიგატოვებთ შიშაკის ხელში.’” 6 და დამორჩილდნენ ისრაელის მთავრები და მეფე, თქვეს: „მართალია უფალი.” 7 და როცა დაინახა უფალმა, რომ დამორჩილდნენ, გამოეცხადა უფლის სიტყვა შემაყიას და უთხრა: „დამმორჩილდნენ ისინი, აღარ მოვსპობ, სულ მალე გამოვიხსნი და აღარ დაატყდება იერუსალიმს ჩემი რისხვა შიშაკის ხელით. 8 მაგრამ მისი ყმები გახდებიან, რათა იცოდნენ, როგორია ჩემი ყმობა და ამქვეყნიური მეფეების ყმობა.” 9 და მოვიდა შიშაკი, ეგვიპტის მეფე, იერუსალიმში და წაიღო უფლის სახლისა და სამეფო სახლის განძეულობა, ყველაფერი წაიღო, წაიღო ოქროს ფარებიც, სოლომონმა რომ გააკეთა. 10 და გააკეთა მეფე რეხაბყამმა მათ ნაცვლად სპილენძის ფარები და ჩააბარა მცველთა უფროსებს, რომელნიც სამეფო სახლის შესასვლელს დარაჯობდნენ. 11 და ყოველთვის, როცა მეფე უფლის სახლში შევიდოდა, მოდიოდნენ მცველები და მოჰქონდათ ისინი, და მერე ისევ აბრუნებდნენ მცველების ოთახში. 12 და რაკი დამორჩილდა, გაბრუნდა უფლის რისხვა მისგან და საბოლოოდ აღარ დაღუპა იგი. იუდაშიც კეთილი ამბები იყო. 13 და განმტკიცდა მეფე რეხაბყამი იერუსალიმში. ორმოცდაერთი წლისა იყო რეხაბყამი, როცა ის გამეფდა, და ჩვიდმეტ წელიწადს მეფობდა იერუსალიმში, ქალაქში, რომელიც უფალმა თავისი სახელის სამკვიდრებლად ამოარჩია ისრაელის ყველა ტომში. დედამისი იყო ნაყამა ყამონელი. 14 ბოროტებას აკეთებდა, რადგან მთელი გულმოდგინებით არ ეძებდა უფალს. 15 რეხაბყამის პირველი და უკანასკნელი ამბები ჩაწერილია წინასწარმეტყველ შემაყიასა და ყიდო მხილველის მატიანეში, საგვარტომო ნუსხის მიხედვით. გამუდმებული ომი იყო რეხაბყამსა და იერობყამს შორის. 16 და განისვენა რეხაბყამმა თავის მამებთან, და დამარხეს დავითის ქალაქში, და მის ნაცვლად აბია, მისი ძე, გამეფდა.