ძველი აღთქმა
ესთერი
91 და მეთორმეტე თვეში, რომელიც არის ადარის თვე, მეცამეტე დღეს, როდესაც დადგა ჟამი მეფის ბრძანებისა და მისი განკარგულების აღსრულებისა, იმ დღეს, როცა იუდაელთა მტრებს იმედი ჰქონდათ მათ დაეუფლებოდნენ, მაგრამ პირუკუ მოხდა და იუდაელები დაეუფლნენ თავიანთ მტრებს, 2 შეიკრიბნენ იუდაელები თავიანთ ქალაქებში, მეფე ახაშვეროშის ყველა სამთავროში, რათა ხელი აღემართათ მათთვის ავის მაძიებლებზე. წინ ვერავინ აღუდგა მათ, რადგან მათმა შიშმა მოიცვა მთელი ხალხი. 3 და სამთავროთა მთავრები, სატრაპები, განმგებლები, მეფის საქმის აღმასრულებლები შეეწეოდნენ იუდაელებს, რადგან მორდექაის შიშს შეეპყრო ისინი. 4 რადგან დიდი იყო მორდექაი მეფის სახლში და მისწვდა მისი ამბავი ყველა სამთავროს, რადგან უფრო და უფრო დიდი ხდებოდა ეს კაცი. 5 და დასცხეს იუდაელებმა ყველა თავიანთ მტერს მახვილით, ხოცვითა და ჟლეტით, როგორც უნდოდათ, ისე მოექცნენ თავიანთ მტრებს. 6 და შუშანში, სატახტო ქალაქში, იუდაელებმა დახოცეს და მოსპეს ხუთასი კაცი. 7 და ფარშანდათა, დალფონი, ასფათა, 8 ფორათა, ადალია, არიდათა, 9 ფარმაშთა, არისაი, არიდაი და ვაიეზათა – 10 ჰამან ჰამადათას ძის ათი ვაჟი დახოცეს, დასატაცებლად კი ხელი არ გაუწვდიათ. 11 და იმ დღესვე შეატყობინეს მეფეს შუშანში, სატახტო ქალაქში, დახოცილთა რიცხვი. 12 და უთხრა მეფემ ესთერ დედოფალს: „შუშანში, სატახტო ქალაქში, იუდაელებმა დახოცეს და მოსპეს ხუთასი კაცი და ჰამანის ათი ვაჟი; მეფის სხვა სამთავროებში რაღას იზამდნენ! კიდევ რა არის შენი სათხოვარი? მოგეცემა. კიდევ რა არის შენი სახვეწარი? აგისრულდება!” 13 და თქვა ესთერმა: „თუ მეფე ინებებს, ხვალაც დაანებონ იუდაელებს, რომელნიც შუშანში ცხოვრობენ, ამ დღევანდელი განკარგულებისამებრ იმოქმედონ და ჰამანის ათი ვაჟი ძელზე ჩამოჰკიდონ.” 14 და ბრძანა მეფემ ასე გაკეთებულიყო. და განკარგულება გასცეს შუშანში და ჩამოჰკიდეს ჰამანის ათი ვაჟი. 15 და შეიკრიბნენ შუშანში მცხოვრები იუდაელები ადარის თვის მეთოთხმეტე დღესაც და დახოცეს შუშანში სამასი კაცი, დასატაცებლად კი ხელი არ გაუწვდიათ. 16 და დანარჩენმა იუდაელებმა, მეფის სამთავროებში რომ იყვნენ, რათა თავი დაეცვათ და მტრებისაგან მოესვენათ, დახოცეს სამოცდათხუთმეტი ათასი, დასატაცებლად კი ხელი არ გაუწვდიათ. 17 ეს მოხდა ადარის თვის მეცამეტე დღეს და მის მეთოთხმეტე დღეს კი მოისვენეს და ნადიმისა და სიხარულის დღედ აქციეს. 18 იუდაელები, რომელნიც შუშანში ცხოვრობდნენ, იკრიბებოდნენ მეცამეტე და მეთოთხმეტე დღეს, ხოლო მეთხუთმეტე დღეს ისვენებდნენ, ნადიმისა და სიხარულის დღედ გაიხადეს. 19 ამიტომ არის, რომ სოფლელი იუდაელებისთვის, რომელნიც უგალავნო დაბებში ცხოვრობენ, ადარის თვის მეთოთხმეტე დღე სიხარულის, ნადიმის, დღეობისა და ერთმანეთისათვის საჩუქრების გაგზავნის დღეა. 20 და დაწერა მორდექაიმ ეს ამბები და დაუგზავნა წერილები ყველა იუდაელს, მეფე ახაშვეროშის ყველა სამთავროში მცხოვრებს, ახლო მყოფსა და შორს მყოფს, 21 რათა ეკისრათ და ყოველწლიურად აღენიშნათ ადარის თვის მეთოთხმეტე და მეთხუთმეტე დღე, 22 რადგან იმ დღეებში მოისვენეს იუდაელებმა თავიანთი მტრებისაგან, და იმ თვეში შეეცვალათ მწუხარება სიხარულად და გლოვა – დღესასწაულად. რათა ექციათ ეს დღეები ნადიმისა და სიხარულის, ერთმანეთისათვის საჩუქრების გაგზავნის და ღარიბების მოკითხვის დღედ. 23 და იუდაელთ მიიღეს ის, რისი გაკეთებაც თავად დაიწყეს, და რასაც სწერდა მათ მორდექაი. 24 რადგან ჰამან ჰამედათა აგაგელის ძეს, ყველა იუდაელის მოძულეს, ჩაფიქრებული ჰქონდა იუდაელების მოსპობა და ჰყარა „ფური”, ანუ წილი, რათა გაეწყვიტა და დაეღუპა ისინი. 25 მაგრამ როცა ესთერი მეფეს წარუდგა, მან მაშინვე გასცა წერილობითი განკარგულებები, რათა მისი ავი ზრახვა, რაც იუდაელთა წინააღმდეგ ჰქონდა ჩაფიქრებული, მის თავზე მოქცეულიყო და ძელზე ჩამოეკიდათ იგი და მისი ვაჟები.” 26 ამიტომ უწოდეს იმ დღეებს „ფურიმი”, „ფურის” სახელი. ამიტომ, თანახმად ამ წერილის სიტყვებისა და საკუთარი თვალით ნანახისა, და თანახმად იმისა, რაც მათ შეემთხვათ, 27 დაუდგინეს იუდაელებმა თავიანთ თავს და თავიანთ შთამომავლობას და ყველას, მათთან შეხიზნულებს, რომ მოუშლელად, ყოველწლიურად ეზეიმათ ეს ორი დღე დაწერილისამებრ და დათქმულ დროს. 28 ეს დღეები უნდა ხსომებოდათ და ეზეიმათ ყველა თაობაში, ყველა საგვარეულოში, ყველა სამთავროში, ყველა ქალაქში. და ფურიმის დღეეები არ უნდა გაუქმებულიყო იუდაელთა შორის, და არ უნდა გამქრალიყო შთამომავლობაში მათი ხსოვნა. 29 და წერდნენ ესთერ დედოფალი, აბიხაილის ასული, და მორდექაი იუდაელთა მთელი ძალისხმევით, რათა ეკისრათ შესრულება მეორე წერილისა ფურიმის თაობაზე. 30 დაუგზავნა წერილები ყველა იუდაელს, ახაშვეროშის სამეფოს ას ოცდაშვიდსავე ოლქში, მშვიდობისა და ჭეშმარიტების სიტყვები, 31 რათა დაეცვათ ფურიმის ეს დღეები თავის დროზე, როგორც მორდექაი იუდაელს და ესთერ დედოფალს ჰქონდათ დაწესებული; როგორც მათ ჰქონდათ დაწესებული თავიანთი თავისთვის და თავიანთი შთამომავლობისათვის, – მარხვისა და მოთქმის წესები. 32 და ესთერის ბრძანებამ დააწესა ფურიმის ადათ-წესები და ჩაწერილ იქნა წიგნში.