ძველი აღთქმა
2 ნეშტთა
231 მეშვიდე წელს ძალი მოიცა იეჰოიადაყმა და დაუკავშირდა ასისთავებს: ყაზარიაჰუ იეროხამის ძეს, ისმაელ იეჰოხანანის ძეს, ყაზარია ყობედის ძეს, მაყასიაჰუ ყადაიაჰუს ძეს და ელიშაფატ ზიქრის ძეს. 2 და წავიდნენ ისინი იუდაში, შეკრიბეს ლევიანები იუდას ყველა ქალაქში და ისრაელის ტომთა მთავრები და იერუსალიმში მოვიდნენ. 3 აღთქმა დადო მთელმა კრებულმა მეფესთან ღვთის სახლში. და უთხრა მათ იეჰოიადაყმა: „აჰა, უფლისწული უნდა გამეფდეს, როგორც უფალმა ბრძანა დავითის ძეებზე. 4 აი, რა უნდა გააკეთოთ: თქვენგან ერთი მესამედი შაბათს შემომსვლელ მღვდელთაგან და ლევიანთაგან ზღურბლთა მცველები იქნებიან. 5 ერთი მესამედი მეფის სასახლეში იქნება, ერთი მესამედი – საძირკვლის კარიბჭეში, დანარჩენი ხალხი კი – უფლის სახლის ეზოებში. 6 არავინ შევიდეს სახლში, გარდა მღვდლებისა და მომსახურე ლევიანებისა. ისინი შევიდნენ, რადგან განწმედილნი არიან. მთელი ხალხი კი უფლის სადარაჯოზე დადგეს. 7 და გარს უნდა შემოერტყნენ ლევიანები მეფეს იარაღით ხელში. და ვინც სახლში შემოვა, მოკვდეს. ედექით მეფეს გამოსვლისას და შესვლისას.” 8 ყველაფერი ისე გააკეთეს ლევიანელებმა და იუდამ, როგორც მათ იეჰოიადაყ მღვდელმა უბრძანა: წაიყვანეს თავ-თვის ხალხი შაბათს შემომსვლელნი შაბათს გამსვლელებთან ერთად, რადგან არ დაუთხოვია იეჰოიადაყ მღვდელს დასები. 9 და დაურიგა იეჰოიადაყ მღვდელმა ასისთავებს შუბები, დიდი და მცირე ფარები, მეფე დავითს რომ ჰქონდა უფლის სახლში, 10 და დააყენა მთელი ხალხი, თითოეული თავისი იარაღით ხელში, სახლის მარჯვენა ფრთიდან მარცხენა ფრთამდე, სამსხვერპლოსთან, მეფის ირგვლივ. 11 და გამოიყვანეს უფლისწული, დაადგეს შარავანდი და მისცეს მოწმობა. და გაამეფეს იგი და სცხეს იეჰოიადაყმა და მისმა ვაჟებმა, თქვეს: „იცოცხლოს მეფემ!” 12 და შემოესმა ღოთოლიას ხალხის ჩოჩქოლი, რომ მორბოდნენ და მეფეს ადიდებდნენ, და გავიდა ხალხთან უფლის სახლისაკენ. 13 და აჰა, დაინახა შესასვლელთან თავის სვეტთან მდგარი მეფე. მეფის გვერდით სარდლები და მესაყვირენი იყვნენ, ქვეყნის მთელი ხალხი ხარობდა და საყვირებს აყვირებდა; მგალობელნი კი სამუსიკო საკრავებით ქება-დიდებას უძღვნიდნენ. და შემოიხია სამოსელი ღოთოლიამ და იყვირა: „ღალატია, ღალატი!” 14 და გაიხმო იეჰოიადაყ მღვდელმა ასისთავები, ჯარის მეთაურნი და უთხრა: „კარში გაიყვანეთ და ვინც უკან გაჰყვება მახვილით მოკალით”, რადგან მღვდელმა იფიქრა, უფლის სახლში არ მოკლანო. 15 გზა მისცეს და როცა მივიდა უფლის სახლის ცხენთა კარიბჭესთან, იქ მოკლეს. 16 და დადო იეჰოიადაყმა აღთქმა თავისთავსა, მთელ ერსა და მეფეს შორის, რათა ისინი უფლის ერი გამხდარიყვნენ. 17 და შევიდა მთელი ხალხი ბაყალის სახლში და დაანგრიეს სამსხვერპლოიანად, და დალეწეს მისი გამოსახულებანი და მოკლეს მათანი, ბაყალის ქურუმი, სამსხვერპლოების წინ. 18 უფლის სახლის საქმენი იეჰოიადაყმა იმ მღვდლებს – ლევიანებს – ჩააბარა, რომლებიც დავითმა უფლის სახლში გაამწესა უფლისთვის სრულადდასაწველის შესაწირად, როგორც მოსეს რჯულში სწერია, სიხარულითა და გალობით, დავითის განაწესის მიხედვით. 19 და ჩააყენა მცველები უფლის სახლის კარში, რათა რაიმეთი გაუწმიდურებული არავინ შესულიყო. 20 და წამოიყვანა ასისთავები, დიდებულები, ერისმთავრები, ქვეყნის მთელი ერი, და გაჰყვა მეფეს უფლის სახლიდან, ზემო ჭიშკრის გავლით, მეფის სასახლემდე, და დასვეს მეფე სამეფო ტახტზე. 21 და გამხიარულდა ქვეყნის ერი და დაწყნარდა ქალაქი. ხოლო ღოთოლია მახვილით მოკლეს.