ფსალმუნები 34

By
ივნისი 23, 2015
ძველი აღთქმა
ფსალმუნები

341 დავითისა. ედავე, უფალო, ჩემს მოდავეს, ებრძოლე, ჩემს წინააღმდეგ მებრძოლთ. 2 მოიმარჯვე ფარი და საჭურველი, და აღსდექ ჩემდა შესაწევნად. 3 იშიშვლე მახვილი და გზა გადაუკეტე ჩემს მდევნელებს. უთხარი ჩემს სულს: „შენი მხსნელი ვარ.” 4 შერცხვნენ და გაწბილდნენ, ვინც ჩემს სულს ეძებენ; უკუიქცნენ და სირცხვილნაჭამნი დარჩნენ ჩემზე სიავის მოფიქრალნი. 5 შეიქმნენ ვითარცა მტვერი ქარის წინაშე, და უფლის ანგელოზმა უკუაგდოს ისინი. 6 იყოს მათი გზები ბნელი და მოლიპული, და უფლის ანგელოზი სდევნიდეს მათ. 7 რადგან უმიზეზოდ დამიგეს ხაფანგი, უმიზეზოდ გაუთხარეს ორმო ჩემს სულს. 8 და ეწიოს მას უბედურება მოულოდნელად და მახეში, რომელიც მოამზადა, თვითონ გაებას, დასაღუპავად ჩავარდეს შიგ; 9 ჩემი სული კი იხარებდეს უფლით, ილხენდეს მისი შემწეობით. 10 ყოველნი ძვალნი ჩემნი იტყვიან: „უფალო, ვინ არის შენი მსგავსი, შენი, რომელიც იხსნი საწყალს ძლიერისაგან, ღარიბს და ღატაკს – მისი მძარცველისაგან?” 11 აღსდგებიან ჩემს მიმართ ბოროტი ცრუმოწმენი; რაც არ ვიცი, იმას მკითხავენ, 12 სიკეთის წილ ბოროტით მიხდიან, ჩემი სულის დაობლება სურთ. 13 ხოლო მე კი მათი სნეულების ჟამს ძაძებს ვიცვამდი, ჩემს სულს მარხვით ვაძაბუნებდი და ჩემი ლოცვა ჩემთანვე ბრუნებოდა. 14 თითქოს ჩემი მეგობარი ყოფილიყო, ჩემი ძმა, ისე დავდიოდი სევდიანი; დედას რომ დასტირის კაცი, ისე დავმდაბლდი მგლოვიარობაში. 15 ისინი კი ჩემი მარცხის ჟამს ხარობდნენ, და ერთად იკრიბებოდნენ; და იკრიბებოდნენ ჩემს წინააღმდეგ სულმდაბალნი, და არ ვიცი, რატომ; სულს მიგლეჯდნენ და არ მეშვებოდნენ. 16 პირფერული მანჭვა-დაცინვით აღრჭენდნენ კბილებს ჩემს წინააღმდეგ. 17 უფალო, რამდენ ხანს უყურებ? დამიბრუნე ჩემი სული მათი გაპარტახებისაგან, ლომებისაგან ეს ერთი ჩემი სიცოცხლე. 18 მადლობას გეტყვი დიდ კრებულში, მირიად ხალხში შეგასხამ ხოტბას. 19 არ გაიხარონ ჩემზე მტრებმა ტყუილუბრალოდ, ჩემი მოძულენი უმიზეზოდ თვალით ანიშნებენ ერთიმეორეს. 20 რადგან მშვიდობაზე არ ლაპარაკობენ და ქვეყნიერების მორჩილთა მიმართ მზაკვრობას ფიქრობენ. 21 ფართოდ გააღეს პირი ჩემზე, და ყვირიან: „ოჰო! ოჰო! იხილა თვალმა ჩვენმა.” 22 შენ ხომ ნახე, უფალო, ნუ დადუმდები, ჩემო ბატონო, ნუ განმერიდები მე; 23 გამოიღვიძე, გამოიღვიძე განსაკითხავად ჩემდა, ღმერთო და ბატონო ჩემო, ჩემი დავის გასარჩევად. 24 გამასამრთლე შენი სიმართლით, უფალო, ჩემო ღმერთო. და ნურავინ გაიხარებს ჩემზე. 25 ნუ იტყვიან თავიანთ გულში: „ოჰო! ასე გვენება!” ნუ იტყვიან: „ჩავყლაპეთ იგი!” 26 შერცხვნენ და გაწბილდნენ ყველანი, ვისაც ჩემი ცუდი უხარია; სირცხვილით შეიმოსონ, ვინც ჩემთან მედიდურად იქცევა. 27 იგალობონ და იმხიარულონ ჩემი სიმართლის მსურველებმა; და თქვან მარადჟამს: „განდიდდეს უფალი, მისი მორჩილისთვის მშვიდობის მსურველი!” 28 და ჩემი ენა იღაღადებს სიმართლეს შენსას, და ქებას შენსას დღენიადაგ.

ფსალმუნი 33                                                                                                                                          ფსალმუნი 35

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close