ძველი აღთქმა
2 ნეშტთა
251 ოცდახუთი წლისა იყო ამაციაჰუ, რომ გამეფდა, და ოცდაცხრა წელი იმეფა იერუსალიმში. დედამისი იყო იეჰოყადანი იერუსალიმიდან. 2 სწორს აკეთებდა უფლის თვალში, თუმცა არა მთელი გულით. 3 და როცა განუმტკიცდა მეფობა, დახოცა თავისი მსახურნი, რომელთაც მოკლეს მეფე, მამამისი, 4 მაგრამ მათი შვილები არ დაუხოცავს, რადგან სწერია მოსეს რჯულის წიგნში, უფლის ბრძანებისამებრ: „არ უნდა მოიკლან მამები შვილთა გამო, და შვილები მამათა გამო არ უნდა მოიკლან, არამედ თითოეული თავისი დანაშაულისათვის უნდა მოიკლას.” 5 და შეკრიბა ამაციაჰუმ იუდა და დააყენა მამისსახლების, ათასისთავების და ასისთავების მიხედვით მთელი იუდა და ბენიამინი. და აღრიცხა ოცი წლის ასაკს გადაცილებულნი და გამოვიდა სამასი ათასი რჩეული კაცი, ლაშქრად გამსვლელი და ფარ-შუბის დამჭერი. 6 ას ქანქარ ვერცხლად იქირავა ისრაელისაგან ასი ათასი მამაცი მებრძოლი. 7 და მივიდა მასთან ღვთისკაცი და უთხრა: „მეფევ! ნუ გაიყოლებ ისრაელის ჯარს, რადგან არ არის უფალი ისრაელთან, არც ერთთან ეფრემის ძეთაგან. 8 მხოლოდ შენ წადი, იმოქმედე და მტკიცედ იყავი ბრძოლაში, თორემ დაგამარცხებს უფალი შენი მტრების წინაშე, რადგან ღმერთს შეწევნაც შეუძლია და დამარცხებაც.” 9 და უთხრა ამაციაჰუმ ღვთის კაცს: „ას ქანქარს რაღა ვუყო, რომელიც უკვე მივეცი ისრაელის მოქირავნეებს?” და თქვა ღვთისკაცმა: „უფალს ამაზე მეტი შეუძლია მოგცეს.” 10 და გამოაცალკევა ამაციაჰუმ ჯარი, ეფრემიდან რომ მოუვიდა, თავიანთ ადგილზე დასაბრუნებლად. ძალიან განრისხდნენ იუდაზე და გაცეცხლებულნი დაბრუნდნენ თავიანთ ადგილას. 11 და ძალი მოიცა ამაციაჰუმ, გაუძღვა თავის ხალხს მარილოვანი ველისაკენ და ათი ათასი სეყირის ძე ამოხოცა. 12 ათი ათასი კაცი ცოცხლად ჩაიგდეს ტყვედ და წამოასხეს იუდას ძეთ. და აიყვანეს კლდის თავზე და გადმოყარეს კლდის თავიდან. და ყველანი ერთიანად გაწყდნენ. 13 ხოლო ლაშქარი, რომელიც უკან გააბრუნა, რომ საომრად არ გაჰყოლოდა, შეესია იუდას ქალაქებს სამარიიდან ბეთ-ხორონამდე და სამი ათასი კაცი დახოცეს და დიდძალი ნაძარცვი დახვეტეს. 14 და როცა დაბრუნდა ამაციაჰუ ედომელების განადგურების შემდეგ, წამოიღო სეყირიანთა ღმერთები და ღმერთებად დაიყენა. და სცემდა მათ თაყვანს და უკმევდა. 15 და განურისხდა უფალი ამაციაჰუს და მოუვლინა წინასწარმეტყველი, რომელმაც უთხრა: „რად მოძებნე მაგ ხალხის ღმერთები, რომელთაც ვერ იხსნეს თავისი ხალხი შენი ხელიდან?” 16 და როცა ამას ეუბნებოდა, უპასუხა: „რაო, მეფის მრჩევლად დაგაყენეს? შეწყვიტე, რისთვის უნდა მოაკვლევინო თავი?” და გაჩერდა წინასწარმეტყველი და თქვა: „ვიცი, შენი დაღუპვა გადაწყვიტა უფალმა, რადგან ეს გააკეთე და არ გაიგონე ჩემი რჩევა.” 17 და ითათბირა ამაციაჰუმ, იუდას მეფემ, და კაცი გაუგზავნა იოაშს, იოახაზ იეჰუს ძის ვაჟს, ისრაელის მეფეს, და შეუთვალა: „მოდი, მოვსინჯოთ ერთმანეთი.” 18 და შეუთვალა იოაშმა, ისრაელის მეფემ, ამაციაჰუს, იუდას მეფეს: „ლიბანის კვრინჩხმა შეუთვალა ლიბანის ნაძვს: ‘ცოლად მიათხოვე შენი ასული ჩემს ვაჟს.’ მაგრამ ჩაიარა ლიბანის გარეულმა მხეცმა და გათელა კვრინჩხი. 19 ამბობ, ედომი დავამარცხეო, და აჰა, გული მოგეცა საამპარტავნოდ. ახლა იჯექი შენს სახლში, რისთვის სტეხ შფოთს? შენც დაეცემი და იუდაც შენთან ერთად.” 20 ყური არ ათხოვა ამაციაჰუმ, რადგან ღვთისგან იყო, რომ მტერს უნდა ჩავარდნოდა ხელში, რაკი ედომელთა ღმერთები მოძებნა, 21 და გამოვიდა იოაში, ისრაელის მეფე, და მოსინჯეს ერთმანეთი, მან და ამაციაჰუმ, იუდას მეფემ ბეთ-შემეშთან, იუდაში რომ არის. 22 და დამარცხდნენ იუდაელები ისრაელის ძეებთან და თავ-თავის კარვებში გაიფანტნენ. 23 ხოლო ამაციაჰუ, იუდას მეფე, ძე იოაშ ახაზიაჰუს ძისა, შეიპყრო იოაშმა, ისრაელის მეფემ, ბეთ-შემეშში და მიადგა იერუსალიმს, და დაანგრია იერუსალიმის კედელი ეფრემის კარიბჭიდან კუთხის კარიბჭემდე ოთხასი წყრთის სიგრძეზე. 24 და გაზიდა მთელი ოქრო-ვერცხლი და მთელი ჭურჭელი, რაც კი უფლის სახლში ინახებოდა ყობედ-ედომთან, და მეფის სახლის საგანძური. და აიყვანა მძევლები და გაბრუნდა სამარიას. 25 ისრაელის მეფის, იოაშ იეჰოახაზის ძის სიკვდილის შემდეგ თხუთმეტი წელი იცოცხლა ამაციაჰუ იოაშის ძემ, იუდას მეფემ. 26 ამაციაჰუს დანარჩენი საქმეები – პირველნი და უკანასკნელნი იუდასა და ისრაელის მეფეთა წიგნშია ჩაწერილი. 27 მას შემდეგ, რაც ამაციაჰუ უფალს განუდგა, აუჯანყდნენ მას იერუსალიმში და მან თავი შეაფარა ლაქიშს. მიუგზავნეს კაცები ლაქიშში და იქ მოკლეს. 28 და წამოასვენეს ცხენებით და დამარხეს თავის მამათა გვერდით იუდას ქალაქში.